გორში ასობით მოვაჭრე ბაზრის გადატანას აპროტესტებს

გორში, ქალაქის გასასვლელში ასობით მოვაჭრემ პოლიციის კორდონი გაარღვია და ავტობანამდე მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ავტობანთან პოლიციის მნიშვნელოვანი რაოდენობაა მობილიზებული.

მოვაჭრეები გორის ბაზრის სხვა ტერიტორიაზე, კერძოდ, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე გადატანას ეწინააღმდეგებიან. 

აღნიშნული დავა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბაზრის უცხოელი ინვესტორები ობიექტის სხვა ადგილზე გადატანას გეგმავენ. ბაზრის გადატანა 20 იანვრისთვის არის დაგეგმილი. 

მოვაჭრეები აღნიშნულის აღკვეთას ხელისუფლებისგან ითხოვენ და ბაზრის ტერიტორიის დატოვებას კატეგორიულად არ აპირებენ.

ამ დროისთვის ავტობანზე იმყოფებიან სამხარეო და ქალაქის სამმართველოს პოლიციის უფროსები, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსი.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დიაბეტი აქვს, ცუდად გახდა. სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარება გამოიძიხეს, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭირო აღარ გახდა, რადგან მას დახმარება თავად მოვაჭრეებმა აღმოუჩინეს.