არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ცნობით, ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების ნაწილი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.
კერძოდ, მათი კუთვნილი ვებ-გვერდის momxmarebeli.ge-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 7 მაღაზიაში შეძენილი 10 სათამაშოდან 9 მავნე ნივთიერებას DEHP-ს (დი-2-ეთილჰექსილფტალატი) შეიცავს.
როგორც კვლევის ავტორი ლია თოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ეს ნივთიერება ევროკავშირში აკრძალულია და დასაშვებია მისი შემცველობა არა უმეტეს 1მგ/გ. საქართველოში არსებულ სათამაშოებში აღმოჩენილი ნივთიერება კი ნორმას 50-ჯერ, 80-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერაც აღემატება.
მისივე თქმით, DEHP უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, მის ნაყოფიერებას და თირკმელებს.
„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ შეთანხმებაში არსებული სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ქართულ კანონმდებლობაში უნდა გადმოვიტანოთ 2019 წლამდე. თუმცა, როგორც მთავრობის მიერ წელს წარდგენილ გეგმაში ჩანს, ამ საკითხს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, შესაბამისად, ამ დირექტივების საქართველოში ამოქმედებას 2020 ან 2021 წლამდე აღარ მოველით.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სათამაშოებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. არსებობს ზოგადად პროდუქციის კოდექსი, რომლითაც საფრთხის შემცველი პროდუქცია ბაზარზე არ უნდა განთავსდეს. მაგრამ იქვე მითითებულია, რომ მეწარმე ქვეყანაში მოქმედ ნორმებს უნდა დაემორჩილოს. შესაბამისად, თუ ქვეყანაში ნორმა დადგენილი არ არის, ეს ნივთიერება საფრთხის შემცველადაც არ ითვლება,“-ამბობს ლია თოდუა.
მისივე ცნობით, შესაბამის მაღაზიებს უკვე მიმართეს, თუმცა მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ამ სათამაშოების გაყიდვას.
ერთ-ერთ მაღაზიაში კი, სადაც კვლევის მიხედვით ბავშვის ჯანმრთელოსთვის საზიანო სათამაშოები იყიდება, „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ პროდუქცია როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე თურქედიან, რუსეთიდან, აშშ-დან და კანადიდან შემოაქვთ.
მათი თქმით, ყველა პროდუქციას ხარისხის დამამტკიცებელი სერტიფიკატი აქვს, რომელიც ევროკავშირში სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივის ტესტირების აღმნიშვნელია და რომლითაც ეს პროდუქცია უსაფრთხოა. შესაბამისად ეს კვლევა მოულოდნელი იყო. თუმცა, უკვე მივმართეთ ქარხანას, რომელიც გვაძლევს სერტიფიკატს, რომ ეს პროდუქცია უსაფრთხოა და ველით მათ პასუხს.
ნივთიერება DEHP პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში.