აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, ანუ "გემბინგსს", ხშირად ისეთ დეგრადაციამდე მიჰყავს ადამიანი, რომ თამაშის გარეშე შეიძლება, "ლომკაში" ჩავარდეს ან გულის იშემია დაემართოს. ამ ყველაფერს მსოფლიოში უხილავი ხელი წარმართავს და აზარტული თამაშების ბიზნესის სხვადასხვა ნაირსახეობაც ერთმანეთის მიყოლებით აცდუნებს უფულოსა და ფულიანს, ასაკოვანსა და უასაკოს, ქალსა და მამაკაცს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ტოტალიზატორების, სათამაშო აპარატების, სლოტკლუბების, კაზინოების მეშვეობით ადამიანები ბედისწერას ეთამაშებიან და ვერ ხვდებიან, რომ აზარტული თამაშიდან გაქცევა ისევე შეუძლებელი ხდება, როგორც ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა.
ალბათ, ამიტომაც აზარტომანიასა და ნარკომანიას ერთმანეთს ადარებენ, რადგან მათ ერთნაირი საფუძველი აქვთ. თუმცა ნარკომანიისგან განკურნება უფრო იოლია, ვიდრე აზარტომანიისგან.
ტოტალიზატორი იმით განსხვავდება სხვა აზარტული თამაშებისგან, რომ მის მახეში სხვადასხვა ასაკის ადამიანია გაბმული - მოზარდები და "სტარიკი იგროკები". თუკი გავითვალისწინებთ, რომ აზარტი რამეთი თავდავიწყებით გატაცებაა, ხოლო აზარტომანია დაავადებაა, გამოდის, რომ ტოტალიზატორში მისულ ადამიანთა უმრავლესობა ქრონიკულად დაავადებულია.
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
ერის მასობრივი დაავადებისა და ტოტალიზატორების მავნებლური გავლენის მიუხედავად, რასაც ზოგჯერ სუიციდის ფაქტებიც მოჰყვება, ექსპერტთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ გართობის ეს სახეობა არ უნდა აიკრძალოს. თუ ჩვენ ტოტალიზატორებს ავკრძალავთ, მაშინ მივიღებთ სარდაფებში მოთამაშე კატეგორიას, რაც სოციუმისთვის გაცილებით საშიშია. რაც შეეხება ტოტალიზატორების რეკლამებს, ნაწილობრივ, გამოსავალი მათ აკრძალვაშიცაა. მთლიანობაში კი, თუ ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ამგვარი თამაში სამარცხვინო საქციელია, მაშინ ტოტალიზატორებს გაცილებით ნაკლები მოთამაშე მიაკითხავს.
გაცილებით უფრო შორს მიდიან მკვლევარები. ისინი მიიჩნევენ, რომ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება განპირობებულია არა ერთი, არამედ რამდენიმე გენის შერწყმით. ამდენად, ტოტალიზატორში თამაშის სამარცხვინოდ გამოცხადებამ, შესაძლოა, ამ პრობლემას ვერ უშველოს, რადგან საქმე გაცილებით რთულად ყოფილა, თუკი ადამიანებში აზარტულობას გენეტიკური ფაქტორი განაგებს. ბოლო პერიოდში ტოტალიზატორებს ქალბატონებიც აკითხავენ. მართალია, მამაკაცებში აზარტულ თამაშებზე კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო ხშირია, მაგრამ არც ქალები ყოფილან ნაკლებად აზარტულნი.
ტოტალიზატორში მოთამაშე პირებს, ისევე როგორც, დანარჩენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთ, "კონტროლის ილუზია" ახასიათებთ. რატომღაც მოთამაშეებს ჰგონიათ, რომ ისინი თამაშის ანგარიშებს აკონტროლებენ. ამიტომაც წაგებულებისგან ხშირად გვსმენია თავის მართლება - "შეცდომა დავუშვი", "უყურადღებობის გამო წავაგე", "სწორად ვერ გავთვალე", "ამაზე ფსონის დადება არ მინდოდა". სინამდვილეში, თამაშის ანგარიშები მიუწვდომელი და შემთხვევითია და მოთამაშეები თამაშის ანგარიშებს ვერასდროს გააკონტროლებენ.
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლია ქურხული "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ტოტალიზატორებზე დამოკიდებულება მაღალია. ზოგადად, აზარტული თამაში განიხილება, როგორც პათოლოგია, დაავადება და უტოლდება ჩვეულებრივ დამოკიდებულებას ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე. ამ შემთხვევაში, მოზარდები, ახალგაზრდები თუ ზრდასრული ადამიანები ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ეჯაჭვებიან ამგვარი სახის თამაშებს. მართალია, დღემდე ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებაში ტოტალიზატორებისკენ ლტოლვის ზუსტი დიაგნოსტიკა არ არსებობს, თუმცა განიხილება ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მიჯაჭვულობას.
საქართველოში ტოტალიზატორში მოთამაშეების რაოდენობის, მით უფრო, მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ სათამაშო დაწესებულებებს სტუმრობს მოზარდი თაობის, ახალგაზრდებისა და მოზრდილი ადამიანების საკმაოდ დიდი არმია. გასულ წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის 6% დაკავებული იყო აზარტული თამაშებით, მათ შორის, უმრავლესობა სარგებლობდა ონლაინტოტალიზატორებით. რამდენად სანდოა გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან შესაძლოა, ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულწრფელობას "ღალატობდნენ".
ლია ქურხულის განმარტებით, სატელევიზიო რეკლამები ძალიან ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე, ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან ამ შეთავაზებით და ტოტალიზატორებს მასობრივად აკითხავენ. ამ გასართობ დაწესებულებაში წაგებული დიდი თანხის შემთხვევაში კი, ახალგაზრდა კარგავს სულიერ, მატერიალურ ფასეულობებს, სახლ-კარს, ოჯახს, მეგობრებს და ხანდახან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
"უნდა აღინიშნოს, რომ ტოტალიზატორებზე დამოკიდებულება, ცალკეულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების მსგავსად, მხოლოდ შედეგია, მაგრამ მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ თამაშის დროს ადამიანის ტვინი გამოყოფს ნივთიერება დოფამინს, რომელიც ნეიროჰორმონია და იგი აძლიერებს სიამოვნებას. ფაქტობრივად, დოფამინი სიამოვნების გაძლიერების სტიმულატორია. ასევე, ეს ნივთიერება გამოიყოფა ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაშიც. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის აკლია რაღაც, ის სასოწარკვეთაშია, განცდებშია. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, მოთამაშე დეპრესიაში იყოს. ამიტომაც ახალგაზრდები, და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ცდილობენ, სიამოვნება მიიღონ სხვადასხვა ალტერნატიული გზით და ითამაშონ ტოტალიზატორებში", - აცხადებს ლია ქურხული და საგანგაშოდ მიიჩნევს ცენტრალურ უბნებში სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ასე მომრავლებულ სათამაშო ობიექტებს, სადაც ახალგაზრდების მიზიდვა ხდება.
ფსიქოლოგის თქმით, ტოტალიზატორებზე და ზოგადად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განკურნებადია, თუკი განკურნებას თვითონვე მოინდომებს ადამიანი და ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერებს, რომ საჭიროა ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული ჩარევა. ასეთ პაციენტთან იმგვარი თერაპიული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, რომელიც უშუალოდ ცენტრალიზებული იქნება ამ ადამიანზე.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები თავისი მიდრეკილებებით თავისუფალნი არიან. თავისუფლების გამოხატულების ერთგვარი საშუალებაა მათი ამგვარი საქმიანობა, ანუ ტოტალიზატორში თამაში. თუმცა თავისუფლებაც, გარკვეულწილად, შეზღუდვებს უწესებს ადამიანს და ასეთი მიდრეკილებები მოთამაშემ თავისი სურვილიდან გამომდინარე უნდა შეზღუდოს. ფსიქოთერაპევტი ზუსტად ამ შეზღუდვებთან მიმართებით ეხმარება პაციენტს, რათა მან როგორმე მიაღწიოს იქამდე, რომ ზღვარი დაუწესოს საკუთარ სურვილებს. აქ მთავარია ნებისყოფა, ნებელობითი აქტის გამომუშავება.
საქმე მარტივად არ არის. შესაძლოა, მოთამაშეს ადრეულ წარსულში ტრავმები ჰქონდა, შესაძლოა, რაღაც მძიმე განცდა ჰქონდა გადატანილი, რაც მის აუსრულებელ მოთხოვნილებებს უკავშირდება და სწორედ ტოტალიზატორით ხდება ამ განცდების ჩანაცვლება. თუმცა ეს უფრო ქვეცნობიერის დონეზეა. ამიტომაც ზუსტად ქვეცნობიერის დონიდან უნდა მოხდეს ამის გაცნობიერება, ტრავმის განეიტრალება და მოქმედების გადატანა სხვა ისეთ საქმიანობაში, რომელიც პაციენტისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება. პირველ რიგში, ეს ნიშნავს დასაქმებას, რადგან ტოტალიზატორზე დამოკიდებულთა რისკჯგუფში უფრო მეტად 16-25 წლის ადამიანები ხვდებიან უმუშევრობისა და ფინანსური პრობლემების გამო", - ამბობს ქურხული.
ფსიქოლოგის თქმით, როდესაც ადამიანს თვითკონტროლის უნარი დაქვეითებული აქვს და არ არის ორიენტირებული სავალალო შედეგზე, რომელიც მას მომავალში ყველაფრის დაკარგვას უქადის, მაშინ მხოლოდ საკუთარი ეგო აინტერესებს. ეგოს სიამოვნებაზე ფიქრობს და ავიწყდება, რამდენ ადამიანს აყენებს ტრავმას, რამდენ ვინმეს კარგავს ამით. ამის ფიქრი, გაცნობიერება იმ წუთში არ ხდება. დაახლოებით ეს ისეთივე პროცესია, როგორც კვებაზე დამოკიდებულება, ან ნებისმიერი სხვა სახის დამოკიდებულება.
"უხეშ შედარებას მივმართოთ. ვთქვათ, ადამიანი მივიდა სახლში და დაინახა მისთვის სასიამოვნო პროდუქტი - ტორტი და მთლიანად მიირთვა. ამ დროს არ იფიქრა, რომ სახლში ჰყავს კიდევ დედა, მამა, ძმა, ახლობელი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ ცხოველურმა ინსტინქტმა აჯობა ადამიანურ, ინტელექტუალურ ინსტინქტებს და ანგარიში არ გაუწია არაფერს. ასეთ დროს წინ მოდის არა შემოქმედებითი, შემეცნებითი, ინტელექტუალური ინსტინქტები, არამედ ცხოველური ინსტინქტები. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის რეალიზებას ახდენს, როდესაც ის არის შემოქმედებითი, შემეცნებითი, აღარ მიისწრაფვის ამგვარი ცდუნებებისკენ. თუმცა ამის ჩასახვა უნდა ხდებოდეს ადრეული პერიოდიდანვე. დაბადებისთანავე ადამიანი გენეტიკურად არ არის მიდრეკილი ტოტალიზატორებში ცდუნებისკენ, მაგრამ მას შეუძლია გახდეს ასეთი მიდრეკილების, თუკი ნებელობითი მექანიზმი სათანადო დონეზე არ ექნება განვითარებული", - დასძენს ფსიქოლოგი და შეკითხვის საპასუხოდ, რა განაპირობებს ქალების გატაცებას ტოტალიზატორით, აცხადებს, რომ თვითრეალიზების ნაკლოვანება.
მართალია, მამაკაცები უფრო მეტად არიან აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილნი, მაგრამ ქალებს გაცილებით უფრო უჭირთ, თავი დაანებონ ასეთ თამაშს. ეტყობა, ესეც არის თვითრეალიზების ნაკლოვანება და, როდესაც ქალს აკლია სითბო, სიყვარული ახლობლებისგან, მშობლებისგან, მეუღლისგან, ის ამ სითბოს გადაიტანს ამ სახის სიამოვნებაზე. ამით მას სურს, მიიღოს სიამოვნების ჰორმონი.
გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვა "ონლაინით" იწყება
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ტოტალიზატორების და, განსაკუთრებით, ონლაინტოტალიზატორების პოპულარობა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება ინტერნეტი, მით უფრო პოპულარული ხდება ეს საქმიანობა. ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად, სრულიად მარტივად შეუძლიათ აზარტულ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.
"ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. დღეს არსებული მაჩვენებლით, მაქსიმალური რესურსია იმისთვის, რომ, ვინც კი შეიძლება ითამაშოს ტოტალიზატორში, ყველა თამაშობს. ჩვეულებრივი კაზინო იქნება, სლოტ-კლუბი თუ ტოტალიზატორი, პრაქტიკულად, იდენტურ საქმიანობას ეწევიან და ამ საქმიანობაში ჩართვა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ონლაინსივრცეში ითამაშებს ადამიანი თუ რეალურ სივრცეში ონლაინტოტალიზატორით ისარგებლებს, თუ რეალური ტოტალიზატორით. მარტივად რომ ვთქვათ, ვინაიდან ახალგაზრდებს მეტი უნარ-ჩვევა აქვთ კომპიუტერთან და ონლაინსივრცესთან მიმართებით, შესაბამისად, მოზარდებში უფრო პოპულარულია ინტერნეტ ტოტალიზატორი. ხანდაზმული ადამიანებისთვის კი ეს ნაკლებად ხელმისაწვდომია და ისინი რეალურ სივრცეში თამაშს ამჯობინებენ, ვინაიდან მათ ონლაინსივრცესთან ურთიერთობის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ", - აღნიშნა ზურაბ კეკულაძემ.
მისივე თქმით, ინტერნეტთან წვდომის გამო ახალგაზრდებმა გადააჭარბეს ასაკოვნებს და ახალგაზრდების დაახლოებით 30% ჩართულია ონლაინთამაშებში, რაც კრიტიკული მაჩვენებელია.
თუ რა განაპირობებს ტოტალიზატორებზე დამოკიდებულებას, კუკულაძეს ამასთან დაკავშირებით ეკონომიკური ხასიათის ახსნა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ტოტალიზატორებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფულის შოვნის სხვა შანსი არ გააჩნიათ. ამ დროს ტოტალიზატორებთან მიმართებით მოთამაშეებს მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ. რეალურად, ეს გასართობი ბიზნესის მიერ შემოთავაზებული, წაგებაზე ორიენტირებული საქმიანობაა და მისი აღქმა შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებულ საქმიანობად სრული ნონსენსია.
აფბა-ს ანალიტიკოსი აქვე აცხადებს, რომ პირადად იგი ონლაინთამაშების აკრძალვას ემხრობა, უბრალოდ, მიზანშეწონილად არ თვლის, ამ საქმიანობის რეალურ სივრცეში აკრძალვასაც, რადგან, თუკი ვინმეს მოთხოვნა აქვს ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისთვის უნდა არსებობდეს რეალური სივრცე. უფრო მეტიც, ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ გადასახედია ყველაფერი, რაც სიტყვა "ონლაინით" იწყება.
მარიამ მაჭავარიანი
გაზეთი "რეზონანსი"