ზურაბ პოლოლიკაშვილსა და ”თბილისი გოლფ კლუბს” ”ვითიბი ბანკი” დავალიანების გადახდას სთხოვს

”თბილისის გოლფ კლუბმა” და მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელსაც ძველი ხელისუფლების დროს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა, აღსრულების ეროვნული ბიუროსგან დავალიანების დაფარვაზე გაფრთხილების წერილი მიიღო.

ყოფილმა მინისტრმა შვიდი დღის ვადაში „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სასარგებლოდ 280 ათასი ლარის დავალიანება უნდა დაფაროს, საიდანაც 233 ათასი ლარი ძირია, ხოლო დარჩენილი 46 ათასი საპროცენტო სარგებელი.

კომპანია „თბილისი გოლფ კლუბმა“ და ზურაბ პოლოლიკაშვილმა საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით, დაახლოებით, 8 ათასი ლარიც უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ხარჯიც, 7 ათასი ლარის ოდენობით უნდა აუნაზღაურონ.

”თბილისი გოლფ კლუბი” უკვე დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა. თუ დავალიანებას არ გადაიხდიან, ქონებას იძულებით აუქციონზე გაიტანენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანელ ინვესტორთან, პედრო პასტორთან ერთად ამიერკავკასიაში პირველი 18-ორმოიანი პროფესიული გოლფ-კლუბის და უდიდესი რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობა კრწანისში 2010 წელს წამოიწყო. 330 ჰექტარ ტერიტორიაზე გოლფის სათამაშო მოედნის გარდა, საცურაო აუზის, სილამაზისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების, სავარჯიშო დარბაზების, ჩოგბურთის მოედნებისა და მაღალი კლასის სასტუმრო და საკონფერენციო დარბაზების მშენებლობაც იგეგმებოდა. ამასთანავე, ინვესტორის გეგმებში კლუბის ირგვლივ პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი ზონის განაშენიანებაც შედიოდა. დახურულ, ელიტურ გოლფ-კლუბში საწევროს სავარაუდო ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აღწევდა და სამუდამოდ გაიცემოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაციაზე ესპანელ ინვესტორთან ერთად საძირკველში სიმბოლურად კაფსულა მაშინდელმა თბილისის მერმა, გიგი უგულავამაც ჩადო. კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები დიდი ხანია უკვე, შეჩერებულია.