საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“.
პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო კომპანიების მეტი ჩართულობისა და შესყიდვების მდგრადი სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად ადვოკატირების კამპანიის წარმოება.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ცხრა ფოკუს ჯგუფთან : ქ. თბილისში, ორ თვითმმართველ ქალაქში (რუსთავი და ქუთაისი) და ორ მუნიციპალიტეტში (მცხეთა და თელავი). კვლევის ფარგლებში შეირჩა ორი ტიპის ფოკუს ჯგუფი: 1. სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენელთა ჯგუფები - ჯამში ოთხი შეხვედრა; 2. მცირე და საშუალო საწარმოთა წარმომადგენლების ჯგუფები - ჯამში ხუთი შეხვედრა. ფოკუს ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობაა 91.
ფოკუს ჯგუფებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ხელმისაწვდომობის, ბარიერების, სატენდერო წინადადების მომზადების, კომპლექსურ შესყიდვებში არსებული პრობლემების შესახებ, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებში შესყიდვების დაგეგმვის და განხორციელების სირთულეებთან, კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც პროექტის გუნდმა შესყიდვების პროცესში არსებული ვითარების შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია მოახდინა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო შესყიდვების სისტემასთან არსებული სირთულეების შესახებ ტენდერებში მონაწილე ორივე მხარის პოზიციის მოსმენა და ძირითადი აქცენტების გამოკვეთა.
სისტემატიზებული ინფორმაციისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, პროექტის ექპერტმა მოამზადა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელსაც 2014 წლის 7 თებერვალს, 16:00 საათზე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში სამოქალაქო სექტორს წარუდგენს.