წვრილი მაღაზიები სავაჭრო ქსელებს კონკურენციას ვეღარ უწევენ

დედაქალაქის გარეუბნებში წვრილი მაღაზიები ზედიზედ იხურება. ზოგიერთი მეწარმე იძულებულია სავაჭრო საქმიანობა დროებით შეაჩეროს.

ამის შესახებ გაზეთი ”რეზონანსი” წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსხვილი სავაჭრო ქსელი, დედაქალაქის ცენტრალური უბნების შემდეგ, გარეუბნებსაც მოედო.

როგორც ირკვევა, ახალი მაღაზიების საფასო პოლიტიკამ და მომსახურების გაუმჯობესებამ წვრილი მაღაზიები თამაშგარეშე დატოვა. მათი მფლობელები "რეზონანსთან" გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ უზარმაზარმა მაღაზიებმა მომხმარებელი გადაიბირა და უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ.

”სულ ახლახან რამდენიმე მაღაზია დაიხურა გლდანსა და ვარკეთილში. მათი ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ რეალიზაცია მინიმუმამდე შეუმცირდათ და მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა,” - წერს გაზეთი.

სტატიის თანახმად, ცნობილმა სუპერმარკეტმა "ფრეშმა" გლდანში ახლომდებარე წვრილი მაღაზიების მომხმარებელი მომსახურების შედარებით კომფორტული პირობებით მიიზიდა. ასევე, სულ რამდენიმე თვეა, რაც გარეუბანში "ფრეში" გამოჩნდა და მასთან ბაზრის წვრილ მოთამაშეებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.

”ანალოგიური მდგომარეობაა ვაზისუბანსა და ვარკეთილში, სადაც "სმარტის", "ფრეშის", "ფრესკოს", "იოლის", "ნიკორას" და "ვეჯინის" სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა. "სმარტთან" კონკურენციაში დამარცხდა "პოპულიც",” - წერს ”რეზონანსი”.

გლდანში, მეექვსე მიკროს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის ყოფილი მფლობელი ზურა ზაქარიაძე გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტი 10 წლის წინ გახსნა და ბოლო დრომდე მაღაზიას შეუფერხებლად ამუშავებდა, სანამ შარშან ახლომახლო ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი "გუდმარკი" არ გაიხსნა. ცოტა მოგვიანებით მას კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა, გვერდიგვერდ სამი მაღაზიის არსებობა მჭიდროდ დასახლებული უბნისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა. ორი მათგანი დაიკეტა.

"მომხმარებლის დეფიციტი არასდროს ყოფილა, კრიზისის პერიოდშიც კი. რაც ახალი სუპერმარკეტები გამოჩნდა, ყველა მყიდველი ერთბაშად შემომეცალა. ბოლოს ის კატეგორია შევინარჩუნე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და თვიდან თვემდე ნისიებით გააქვს თავი. ასეთ პირობებში მაღაზიამ ვერ იმუშავა", - ამბობს მაღაზიის მფლობელი.

სტატიის თანახმად, ანალოგიურ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მფლობელები მას შემდეგ, რაც მრავალფუნქციური ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა.

"ობიექტი დაბალ ფასზე მუშაობს. მასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, პრობლემა "ფრესკოს" გახსნიდან რამდენიმე დღეშივე დაიწყო. ორი თვის შემდეგ კი მაღაზია დავხურე. სხვებმაც მალევე მომბაძეს. ხელისუფლების მხრიდან რაღაც ღონისძიება თუ არ შემუშავდა, თბილისში წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების სიიდან საბოლოოდ გაქრება", - ამბობს ვახო ბარქაია, მინიმარკეტის ყოფილი მეპატრონე.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე გაზეთისათვის გაკეთებულ კომენტარში ვარაუდობს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების სრული გაკოტრება გარდაუვალია. რაც შეეხება სავაჭრო სფეროს ახალ მოთამაშეებს, კაპანაძის აზრით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი ახალი მაღაზია არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია.

"დიდი მაღაზიების ქსელის აქტიური ამუშავება პატარა სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას გამოიწვევს. ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის ტენდენციად იქცა, მათ შორის, საქართველოსთვისაც", - აცხადებს კაპანაძე ”რეზონანსთან” საუბარში.

მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის სექტორში დასაქმების ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია. ჯამში, ამ ორ სფეროზე, საერთო დასაქმების 2/3 მოდის. როგორც კაპანაძე ამბობს, ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივები არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი და ფაქტია, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი სავაჭრო ობიექტი არ სჭირდება. ნოდარ კაპანაძე ქვეყანაში წვრილი ვაჭრობის პერსპექტივას ვერ ვხედავს.

მისი თქმით, პრობლემები საბოლოოდ მსხვილ მაღაზიებსაც შეექმნებათ, მათ შორის, ჰიპერმარკეტებსაც, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.

"მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია და ეს ფაქტორი სავაჭრო სექტორზე გავლენას უსათუოდ მოახდენს. ზუსტად ამ წლიდან გამოჩნდება, რამდენად უღირთ მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება. ვფიქრობ, დარჩება ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების კარგი სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით შეწონილი, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი", - განაცხადა კაპანაძემ.