2016 წელს დოლართან მიმართებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
CNN Money გთავაზობთ იმ ვალუტების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე მეტად გაუფასურდა 2016 წელს.
ეგვიპტური გირვანქა - 59%
ნოემბერში ეგვიპტემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ვალუტის თავისუფალ ცურვაში გაშვების თაობაზე. ამ მცდელობის მიზანი იყო ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის უზრუნველყოფა. ეგვიპტეს ეროვნული ვალუტა ერთბაშად 48%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში, წლის ბოლოს კი გაუფასურების მაჩვენებელი 59%-მდე ავიდა.
ნიგერიული ნაირა - 37%
მთელი 2016 წლის განმავლობაში ნიგერია ნავთობის დაბალი ფასების პრობლემას ებრძოდა, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. ნიგერიის შემოსავლების 70% ნავთობზეა დამოკიდებული. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 37%-ით გაუფასურდა.
თურქული ლირა - 18%
ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქული ლირა 6%-ით გაუფასურდა. წლის მეორე ნახევარში ეს ტენდენცია გაგრძელდა, რასაც მოჰყვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ თურქეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირება. დეკემბრის ბოლოსთვის თურქული ლირის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში 18%-ს მიაღწია.
არგენტინული პესო -17%
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგად არგენტინის ეკონომიკის ზრდის იმედი გაჩნდა, 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1,6%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაციამ 40%-ს მიაღწია. გასულ წელს პესო დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.
ბრიტანული გირვანქა - 17%
ბრიტანეთში ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმში მიღებული გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახა ბრიტანულ გირვანქაზე. ინვესტორები შეშფოთებული არიან და არ იციან, რა გავლენას მოახდენს ბრექსიტი ეკონომიკაზე. პირველი მსხვერპლი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გახდა, რომელიც 2016 წელს დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.
მექსიკური პესო -17%
მექსიკურ პესოზე გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ და არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ. შედეგად მექსიკური ვალუტა დოლართან მიმართებაში 17%-ით გაუფასურდა.