ბანკებს აშკარად ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. მართალია, ფინანსურ სტრუქტურებში ამას არ აღიარებენ, თუმცა საბანკო სფეროს სპეციალისტები კომბანკების გასაჭირზე დამაჯერებლად საუბრობენ. ზოგიერთი ორგანიზაციის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კაპიტალში ზარალის პრობლემასაც განიცდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წელს საბანკო სექტორი მინიმუმ 2 ბანკით შემცირდეს.
ფინანსისტების ინფორმაციით, ლიკვიდობის პრობლემა ერთ-ერთ მსხვილ ბანკს უკვე შეეხო, თუმცა მისი დასახელებისგან შეგნებულად იკავებენ თავს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რეფინანსირების სესხის ზრდა ადასტურებს პრობლემის არსებობას, რაც დღესდღეობით მთლიანად სექტორშია.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვერსია არასწორია. ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია პროგრამული სქემის გამართულობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"არასწორი ინტერპრეტაციაა, როდესაც ამბობენ, რომ გაცემულია რამდენიმე მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები. რეალურად საუბარია ერთკვირიან სესხზე და მექანიკურად დაჯამება არ შეესაბამება რეალურ სურათს, რადგან ჯამში ასახულის ნაწილი უკან დაბრუნებულია. ასევე არასწორია ვერსია ბანკების ლიკვიდობის უკმარისობაზე, როცა სექტორს საკმარისზე მეტი ლიკვიდობა აქვს", - ამბობს გვასალია და დასძენს, რომ გალარების პროგრამა შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის.
სპეციალისტები კი ღიად აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებში მდგომარეობა ფორსმაჟორულია. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია და დაასახელოს კონკრეტული ბანკი, რომლის გადასარჩენადაც ის რეფინანსირების სესხს დაუდევრად გასცემს.
"რეფინანსირების სესხის ზრდა პირდაპირ ადასტურებს, რომ ბანკებს, ყოველ შემთხვევაში, ერთს მაინც, ლიკვიდობის პრობლემა აქვს. ვსაუბრობთ ბოლო ინსტანციის სესხზე, რომელიც გაიცემა უკიდურეს სიტუაციაში, როცა ფორსმაჟორული სიტუაციაა და საფინანსო ორგანიზაციას პრობლემა ექმნება. სწორედ ამ დროს კომერციული ბანკი მიმართავს სებ-ს და ის გასცემს სესხს მოკლე ვადით, ანუ ფულს შესაბამისი გირაოს სანაცვლოდ.
რეფინანსირების სესხის მოცულობა საგანგაშო მაჩვენებელზეა და სტაბილურად 1,3 მლრდ ლარის ფარგლებშია. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ბანკმა ვერ განსაზღვრა საკუთარი ბიზნესსაქმიანობის შედეგი თავისი სიბეცით, თუ სხვა მიზეზით და ეს პრობლემაც დადგა. ეს არის მოკლევადიანი რესურსი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე სამი წელია, რაც ბანკებზე რეფინანსირების სესხს აქტიურად გასცემენ", -აცხადებს ასლანიშვილი და დასძენს, რომ რეფინანსირების სესხი სებისთვის ქრონიკული პრობლემაა, რადგან მისი გაცემა ლარის კურსის ნგრევის ხარჯზე ხდება.
"რეფინანსირების სესხი, ფაქტობრივად, იქცა ნაჩუქარ ფულად ბანკებისთვის. პრინციპში, ქრონიკულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. მე ვიხდი მოქალაქეობრივ ვალს და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. კარგი იქნება, გაიშიფროს და ითქვას, ვის ეძლევა ეს სესხი, ანუ ვის ხარჯზე ხდება ლარის მასის მიმოქცევაში გაზრდა.
გარდა ლიკვიდობისა, გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სებ-ის ქმედება გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს. რამდენიმე წლის წინათ 22 ბანკი იყო, მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება. რაშია საქმე, ერთხელ და საბოლოოდ ითქვას. სიმართლის დამალვა და უსუსური არგუმენტების მოყვანა ვერ შველის საქმეს. იმედია, კომპეტენტურობა ეყოფათ. აქვთ ინფორმაცია და დაასახელონ კონკრეტული სტრუქტურები, რომლებზეც სესხს გასცემენ. ცხადია, რომელიღაც ბანკს ჩვენი ჯიბისა და ლარის კურსის, საქართველოს ეკონომიკის ნგრევის ხარჯზე ვინახავთ", - დასძენს ასლანიშვილი.
ლიკვიდობის პრობლემის არსებობას ადასტურებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავაც, რომლის ვარაუდითაც, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ერთი-ორი კომერციული ბანკი აუცილებლად გაკოტრდება.
"ლარის გამყარების მოლოდინი წელს ნამდვილად არ მაქვს. ეროვნული ვალუტა ამ პერიოდშიც გააგრძელებს გაუფასურებას პერიოდული შეჩერების - ოდნავი გამყარების და შემდგომი ვარდნის სახით. ეს იქნება ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში. არის ბანკები, რომლებსაც გააჩნიათ ლიკვიდობის პრობლემა, თუმცა ამაზე უარესია კაპიტალში ზარალის პრობლემა, ანუ ფინანსური მდგრადობის შერყევა. თუ ლიკვიდობის პრობლემის გამოსწორება სწრაფად შესაძლებელია, კაპიტალში ზარალის პრობლემის მოგვარება ადვილი არ არის.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, ეს წელი არ "უღალატებს ტრადიციას" და ერთი-ორი ბანკი აუცილებლად გაკოტრდება. პრობლემა საბანკო სექტორში ჩნდება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე.
მეორე ფაქტორია ბანკის მფლობელების არაპროფესიონალიზმი ან გამიზნული მოქმედება. ამას ჩვენ ახლა არ განვიხილავთ. ცხადია, რომ ბანკებს ლარის გაუფასურებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა, რადგან გადახდისუნარიანი კლიენტები დაკარგეს", - განუცხადა "რეზონანსს" ლია ელიავამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"