საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ეს კანონპროექტები ძალიან დეტალურად განვიხილეთ, ისინი უპირველეს ყოვლისა ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულზე მოთხოვნა ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, საკმაოდ დიდია. ამათანავე, გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან. ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი“, - განაცხადა მაია მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.