„ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება 2017 წლის პირველ ორ კვირაში თითქმის 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
„ფორბსის“ ინფორმაციით, ამ ოდენობით და ამ პერიოდში მსოფლიოში არც ერთი მილიარდერის ქონება არ გაზრდილა. ცუკერბერგის ქონება „ფეისბუქის“ აქციების ფასის ზრდას მოჰყვა. მარკ ცუკერბერგი კომპანიის 410 მილიონი აქციის მფლობელია. კომპანიის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მომდევნო კვირებში. ცუკერბერგის ქონება კი 7%-ით 49 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, „ფეისბუქის“ აქციების ფასის ზრდის შედეგად, დღესდღეობით 32 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 53,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულში გადაინაცვლა.