სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების კუთხით.
ლიტვაში 2015 წლის მონაცემებით 66 ორგანიზაცია გასცემდა სწრაფ ონლაინ სესხებს. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მოკლევადიანი სამომხმარებლო დაკრედიტება (სწრაფი ონლაინ სესხები) რეგულირდება სამომხმარებლო კრედიტის შესახებ კანონის დამატებებით (Law on Consumer Credit with the amendments), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 თებერვლიდან. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწევას 200%-დან 75%-მდე. მსესხებლის მიერ ყოველდღიური სხვა ხარჯები, გარდა პროცენტისა, რომელიც შედის სამომხმარებლო კრედიტის საერთო ღირებულებაში, არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის საერთო თანხის 0.04%-ს. სამომხმარებლო კრედიტის საერთო ღირებულება, რომელიც მოიცავს პროცენტებს, საკომისიო მოსაკრებელს და სხვა მოსაკრებლებს, რომელსაც იხდის მსესხებელი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით, არ უნდა აღემატებოდეს გაცემულ სამომხმარებლო კრედიტის თანხას, გარდა ვადაგადაცილების შემთხვევაში. ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ძირეული თანხის 0.05%-ს თითოეულ გადაცილებულ დღეზე. საჯარიმო დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს, ვადაგადაცილების დღიდან.
სლოვაკეთში სწრაფი ონლაინ სესხების საკითხი რეგულირდება სამომხმარებლო სესხების შესახებ კანონით. თითოეული არასაბანკო ორგანიზაცია ადგენს სპეციფიკურ წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში მოქმედი წლიური საპროცენტო განაკვეთის (15%) (annual percentage rate (APR), ორმაგ ოდენობას. ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმის პროცენტული ოდენობა ემატება საერთო საპროცენტო განაკვეთს ვადაგადაცილების მეორე დღიდან და ჯარიმის პროცენტის ოდენობა დადგენილია მთავრობის მიერ. საჯარიმო საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სამომხმარებლო სესხების შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც მისი ოდენობა შეადგენს 8,05%-ს.
სლოვენიაში სამომხმარებლო სესხის შესახებ კანონით (Consumer Credit Act) კომპანიები, რომლებმაც უნდა გასცენ სწრაფი ონლაინ სესხები, ვალდებულნი არიან ნებართვა აიღონ ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში (ნებართვის აღება არ ეხებათ ბანკებს). ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. სლოვენიაში მოქმედებს 66 სწრაფი სესხების გამცემი კომპანია. მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მოიცავს სამომხმარებლო კრედიტის მთლიან ღირებულებას) რეგულირდება სამომხმარებლო კრედიტის შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც მთლიანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთის (რომელსაც იყენებს ბანკები და შემნახველი ბანკები) 200%-ს.
უნგრეთში
სწრაფ ონლაინ სესხებს გასცემენ არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციები. არასაბანკო კომპანიებს უფლება არ აქვთ კრედიტზე დააწესონ ისეთი წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც აღემატება ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ საბაზო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გაზრდილია 39 % (საბაზო საპროცენტო განაკვეთია 16.5%). სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების ზედამხედველობას ახორციელებს უნგრეთის ეროვნული ბანკი.ესტონეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა „არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტის“ (სწრაფი ონლაინ სესხები - ექსპრესსესხები) სექტორი. აღნიშნული სესხი არის მოკლევადიანი და მისი ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს. ვალდებულებების შესახებ კანონით სამომხმარებლო კრედიტზე შეიძლება დაწესდეს მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი წლიური საპროცენტო განაკვეთი აღემატება სესხის აღების დღიდან ბოლო 6 თვის განმავლობაში საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ საშუალო წლიურ განაკვეთს ან სამჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, ასეთი ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად. თუ სესხის გამცემი ორგანიზაცია არ ასრულებს კანონით დადგენილ ნორმებს, მაშინ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საბჭო გასცემს ისეთ წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ასეთმა ორგანიზაციამ. წესის არ დამორჩილების შემთხვევაში ასეთი ორგანიზაცია ჯარიმდება 9600 ევროს ოდენობით.
მომზადებულია საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის პუბლიკაციის მიხედვით