მთავრობამ კომპანია ”სატახას”, რომელმაც სასტუმრო ”ბორჯომი ჰოტელი პალასი” შარშან, მაისში გახსნა, ბორჯომშივე დამატებით, 2 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი თავისი შენობა-ნაგებობებით 366 ათას ლარად გადასცა. ამასთან, ინვესტორმა „სანატორიუმი ბორჯომი ბაღის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი სიმბოლურ თანხად - 1 ლარად მიიღო.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ”სატახამ” აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი, 70-ნომრიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, რომელიც ერთიან კომპლექსად ჩამოყალიბდება.
მშენებლობა 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს, რაშიც, არანაკლებ, 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.
როგორც bpn.ge-ს კომპანია ”სატახას” დამფუძნებელმა, არამ სანოსიანმა განუცხადა, სასტუმრო ბიზნესი საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ”ბორჯომი ჰოტელი პალასი” სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობდა.
"კლიენტები, ძირითიდად, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთსა და სომხეთიდან გვსტუმრობდნენ. განსაკუთრებით ის ფაქტი ხიბლავდათ, რომ სამკურნალო სერვისსაც ვთავაზობდით", - აცხადებენ "ბორჯომი ჰოტელ პალასში".
აღნიშნული ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2 მილიონი დოლარი დაჯდა.