კომპანია ”მედგრუპ ჯორჯია”, რომელმაც წავკისში სამი წლის წინ მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იქ ”ველნეს კურორტის” მშენებლობას გეგმავდა, მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, რუსეთიდან ჩამოსულმა ბიზნესმენმა, თამაზ მჭედლიძემ გადაცემა ”ბიზნესკურიერში” განაცხადა, ხელს მას ადგილობრივი მცხოვრები, გარდაბნის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამჯერად პარლამენტის წევრი, გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილი უშლის. აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ადრე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, დღეს კი ”ქართულ ოცნებაშია”.
თამაზ მჭედლიძის თქმით, კურორტთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა, ის ხის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კოტეჯების მშენებლობას აპირებდა, სადაც კლიენტებს ბორჯომის წყლის, ურეკის ქვიშის, ღვინისა და ტალახის აბაზანებსა და მინერალების თერაპიას შესთავაზებდა, პროექტში კი 20 მილიონი დოლარს დააბანდებდა. თუმცა, სადავო გაუხდა კურორტისკენ მიმავალი გზის ტერიტორია.
”ჩემს დირექტორს ვთხოვე ვერტოდრომის მშენებლობისთვის ტერიტორიები გაეერთიანებინა. მან საჯარო რეესტრში ამ ნაკვეთების მესაკუთრეები მოძებნა და მათ ნაკვეთების გადაცვლა და ფულიც შესთავაზა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები აზრზეც არ იყვნენ, რომ მიწას ფლობდნენ და ეს ნაკვეთები ერთ ადამიანს, თემურ ფეიქრიშვილს, ამჟამად პარლამენტის დეპუტატს ეკუთვნოდა”, - განაცხადა ინვესტორმა.
თავად დეპუტატმა აღნიშნულ საქმესთან თავისი კავშირი უარყო, თუმცა, როგორც ”მედგრუპის” ადვოკატი, ლექსო არქანია ირწმუნება, მისი სახელი ფიგურირებს წავკისელი მალხაზ და გულნარა გვარაძეების საქმეში, რომლის თაობაზე განცხადება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ თავად შეიტანა.
კერძოდ, მალხაზ გვარაძე, რომელიც სოციალურად დაუცველი, პირველი ჯგუფის ინვალიდია, აცხადებს, რომ თემურ ფეიქრიშვილის მითითებით, ხელი გაურკვეველ დოკუმენტს მოაწერა, რის საფუძველზეც მისი კუთვნილის მიწის ნაკვეთი პარლამენტართან დაახლოებული პირის, სოსო ქოროღლიშვილის, სახელზე გადავიდა.
”ნდობის ფაქტორია და სიყვარულის. თემურის გულისთვის გავაკეთე,. დამიდეს ქაღალდი, მოვაწერე ხელი, დავაგდე პასტა და ძალიან მაგრადაც შევაგინე: ნუ დამღალეთ-მეთქი, ეს იყო, ალბათ, ის ქაღალდი, რაზეც ხელი მომაწერინეს, ვითომ ფული გადამიხადეს მე ამ ნაკვეთში”, - განაცხადა მალხაზ გვარაძემ.
გვარაძეების ოჯახისა და ”მედგრუპის” მტკიცებით, წავკისსა და კოჯორში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი დეპუტატს ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე ფიქტიურად აქვს გაფორმებული და მიწით თვითონ ვაჭრობს.
”და- ძმა გვარაძეების გარდა, კიდევ არის ათეულობით მოქალაქე, რომლებმაც მოგვმართეს და რომელთა მეშვეობით მიდის პირდაპირი კვალი გიორგი ფექირიშვილსა და გარდაბნის საკრებულოს თემებში თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე მოხელეების უკანონო მოქმედებებთან”, - აღნიშნა კომპანიის ადვოკატმა არქანიამ.
მისი თქმით, უშუალოდ პარლამენტარის სახელზე აღნიშნულ თემებში 12 მიწის ნაკვეთი ირიცხება. რაც შეეხება, ველნეს კურორტზე გამავალ ტერიტორიას, ის თემურ ფეიქრიშვილის მძახალს, გურამ ჯაფიაშვილს, ეკუთვნის.
თავად ჯაფიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ფართობი წლების წინ შეისყიდა, არც მისი გაყიდვა უნდა და არც - გადაცვლა.
”ჩემს გაგებაში ასეა, რომ თუ ინვესტორი მოდის, ჯერ უშუალოდ სოფელს უნდა დაელაპარაკოს, იმისგან აიღოს პირობა და თანხმობა და მერე განვითარდეს. გიორგი ფეიქრიშვილი, თუ ასეთი მონსტრი და ქვეყნის მჭამელია, როგორც მჭედლიძემ წარმოადგინა, მაშინ ამ ტერიტორიას თავად გიორგი შეისყიდდა და დაეპატრონებოდა”, - აღნიშნა ჯაფიაშვილმა.
ის წავკისელების ერთ ნაწილთან ერთად ინვესტორს თბილისის მერთან ფარულ გარიგებაში, ხეების გაჩეხვასა და ტყის ნაწილ-ნაწილ გაყიდვაში ადანაშაულებს, მათ შორისაა, ადგილობრივი გარემოსამცველი, ალექსი ქოროღლიშვილიც.
”80 ჰა ტყის მითვისება უკანონოდ მოხდა და სოფლის მოსახლეობა, ძირითიდად, ამან გააღიზიანა. აქ მიდის ხეების ჭრა, გზებიც გაიყვანა, ვითომ საველოსიპედე, საცხენოსნო და სამარხილე დანიშნულებით, თუმცა,ჩვეულებრივი სატრანსპორტო გზებია, რა მნიშველობა აქვს?! უამრავი რაოდენობის ხე შეეწირა ”, - აცხადებს ქოროღლიშვილი.
წავკისელების პრეტენზიების პასუხად ინვესტორი აცხადებს, რომ მშენებლობის და წავკისის ტყეში ტყეების სანიტარული ჭრის უფლება თბილისის მერიისგან კანონიერად მოიპოვა და ფეიქრიშვილმა ადგილობრივები შეცდომაში განგებ შეიყვანა.
”წარმოიდგინეთ, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პეტერბურგში ცნობილი ადამიანი ვარ, დაფასებული, 25 წელია იქ ბიზნესს ვაწარმოებ, 21 კლინიკა მაქვს. აქ ჩამოვდივარ და ამ ფეიქრიშვილმა შეძლო და დააჯერა ხალხი - კოჯრელები, წაკისელები, რომ ტყის გასაჩეხად ჩამოვედი”, - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
კომპანია ”მედგრუპ ჯორჯიამ” პროკურატურასთან ერთად სარჩელი საოლქო სასამართლოშიც შეიტანა, რომლის განიხილვა მიმდინარე თვეს იგეგმება.