თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა აღარ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გირაოს, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით იკლო. ბოლო პერიოდში მფლობელები საკუთარ უძრავ ქონებას ლარში აქირავებენ, თუმცა მომხმარებელი ვერც ამან წაახალისა. პასიურობენ სტუდენტებიც. ლარის დევალვაციის გამო, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც კი უჭირთ. ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება გაართულა.
ცენტრალური უბნებიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი საბურთალოა. რაც შეეხება გარეუბნებს, ამ მხრივ ინტერესი გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებითაა.
სააგენტო "კიბის" ხელმძღვანელინელი გოგუაძე ამბობს, რომ ბაზარზე რეალური კლიენტი ცოტაა, რის გამოც ბინის გაქირავებაც და დაგირავებაც ჭირს.
"გაჩნდა ტენდენცია, რომ ქირის ფასს ბინის მფლობელები ლარში აფიქსირებენ, თუმცა კლიენტი მაინც ნაკლებადაა. ჩვენ ყველა უბანზე ვმუშაობთ, თუმცა ძირითადი აქცენტი ცეტრალურ უბნებზე გვაქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტად მოთხოვნა ტრადიციულად საბურთალოზეა, მერე მოდის ვაკე და ვერა. აქ ოროთახიანი ბინის დაქირავება 400 დოლარი ღირს, ეს ყველაზე დაბალი ფასია, ხოლო ერთოთახიანი ბინის ქირის საფასური 250-300 დოლარის ფარგლებშია.
მოთხოვნა უფრო პატარა ბინებზეა. ვისაც ოთხოთახიანი უნდა, ის ითხოვს 2 სველ წერტილს, რაც ძალიან იშვიათია. ვიღაცამ თუ არ გადააკეთა, ასეთი ბინა თითქმის აღარ არის. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არც წინა წლები იყო მაინცდამაინც უკეთესი, თუმცა ახლა მეტი პრობლემაა. შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა ქირაზე სულ მცირე 30%-ით არის შემცირებული", - აცხადებს ნელი გოგუაძე.
დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა გარეუბნებშიც კი, სადაც სიიაფის მხრივ პრობლემა არასდროს ყოფილა. მესაკუთრეები კლიენტებს ხშირად თვეობით ელოდებიან. მოთხოვნის კლების ერთ-ერთი მიზეზი ხალხის შემოსავლის შემცირებაა. დოლარის კურსის გამო, დამქირავებლების ხარჯი ლარში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ ეროვნულ ვალუტაში ბინებს 500 ლარზე ნაკლებად იშვიათად აქირავებენ.
მაკლერების ინფორმაციით, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ეტანებიან და ამ ეტაპზეც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარებლებად, თუმცა მათი მხრიდანაც აქტივობა შემცირდა.
"თბილისში მყოფი საშუალო შეძლების უცხოელებიც კი საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ. ამ ტერიტორიაზე აკეთებენ არჩევანს სტუდენტებიც. ყველას უნდა ბინა იქირაოს მეტროსთან ან უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, რისი შესაძლებლობაც ნაკლებადაა", - ამბობს ლიკა ბენია, უძრავი ქონების აგენტი.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ უმეტესობას ქირით უწევს ცხოვრება. ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თბილისში ბინის დაქირავება ჭირს.
"რაც ქირავდება, საკმაოდ ძვირია და მომხმარებელს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. მათი უმრავლესობისთვის ცენტრალური უბნები ნაკლებად მიმზიდველია. ქირაზე მოთხოვნა ყოველთვის რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ხარჯზე იყო. ამას ემატება უბინაოდ დარჩენილი თბილისელების პრობლემაც. მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება", - აღნიშნავს უძრავი ქონების აგენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ფასი ცოტათი შემცირდა, ბინა იაფად თითქმის არსად ქირავდება. თბილისის მასშტაბით არ მოიძებნება უბანი, სადაც მომხმარებელი საფასურით კმაყოფილია. თითქმის თანაბარ ფასში ქირავდება კეთილმოწყობილიც და კეთილმოუწყობელიც.
რაც შეეხება გირაოს, ამ მხრივ პრობლემა თითქმის ყველა უბანშია. ფასი ძველებურად მაღალია და ზოგ შემთხვევაში, ბინის ღირებულებას დიდად არ ჩამოუვარდება.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"