გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შეჩერების მოთხოვნას კიდევ 30 ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის „ტესლა“, HP და Adobe შეუერთდა.
საერთო ჯამში, მიმართვას ხელს 127 კომპანია აწერს. დოკუმენტში კომპანიები აღნიშნავენ, რომ აკრძალვა სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ ბიზნესს და არაკონსტიტუციურია.
პრეზიდენტის პოლიტიკას არ ეთანხმებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც „ფეისბუქი“, „მაიკროსოფტი“ და „ეფლი“ არიან. Apple-ია აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებით, კომპანია ვერ განახორციელებდა თავის მიზნებს მიგრანტების გარეშე. ტიმ კუკმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ „ეფლის“ დამფუძნებელი სტივ ჯობსი სწორედ მიგრანტი იყო.
სტივ ჯობსი
კორპორაცია Apple-ის დამფუძნებლის, ლეგენდარული სტივ ჯობსის მამა სირიელი მიგრანტი იყო, რომელიც აშშ-ში 1950-იან წლებში გადაბარგდა.
სტივ ჯობსის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, რომლის ავტორიც უოლტერ აიზეკსონია, ჯობსის ბიოლოგიურმა მამამ - სირიის ქალაქი ჰომსი 1954 წელს დატოვა და აშშ-ში გადავიდა. მომავალი გენიოსის მამამ სწავლა ვისკონსის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ჯობსის მომავალი დედა - ჯოანა კეროლ შიბლი გაიცნო. სტივის დაბადების მომენტში - 1955 წელს ისინი არ ყოფილან დაქორწინებულები, რადგან ჯოანას ეშინოდა, რომ მისი ხანშიშესული მამა ვერ გადაიტანდა ქალიშვილის სირიელზე გათხოვებას. საბოლოოდ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბიჭუნა პოლ და კლარა ჯობსებისთვის მიეშვილებინა.
სტივ ჯობსს არასდროს ჰქონია ურთიერთობა ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის ცდილობდა შვილთან კონტაქტის აღდგენას.
სერგეი ბრინი
ამერიკელი მილიარდერი, Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სერგეი ბრინის ქონება „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით 39,6 მილიარდი დოლარია. ამ მონაცემებით, ბრინი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 13-ეა.
სერგეი ბრინი მოსკოვში, ებრაელი მათემატიკოსების ოჯახში დაიბადა. ოჯახი აშშ-ში 1979 წელს გადაბარგდა საცხოვრებლად, როდესაც მომავალი მილიარდერი 5 წლის იყო.
პიერ ომიდიარი
პროგრამისტი, მეწარმე და მენეჯერი, eBay-ს დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. პიერ ომიდიარი პარიზში, ირანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. პიერის მამა ქირურგი იყო, დედა კი ლინგვისტი სორბონას უნივერსიტეტში. ოჯახში აშშ-ში, მერილენდის შტატში 1973 წელს გადავიდა საცხოვრებლად, როცა პიერი 6 წლის იყო.
ბობ მაინერი
კორპორაცია Oracle-ს დამფუძნებელი ირანული წარმოშობის ოჯახიდანაა. მისი მშობლები აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, საიდანაც 1920-იან წლებში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ. ბობ მაინერი Oracle-ს მონაცემთა ბაზის არქიტექტორი იყო და მთელი კარიერის განმავლობაში კომპანიის პროექტებსა და პროდუქციის შექმნას ხელმძღვანელობდა.
ნურიელ რუბინი
ამერიკელი ეკონომისტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. თავის დროზე რუბინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა.
რუბინი ირანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მომავალი ეკონომისტი 2 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჯერ თეირანში გადავიდა, შემდეგ ისრაელში. 1988 წელს რუბინმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და კარიერა აშშ-ში გააგრძელა.
2010 წელს „ფორბსმა“ ნურიელ რუბინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ეკონომისტად დაასახელა. ბრიტანული გამოცემა Prospect Magazine-ის ვერსიით კი, რუბინი მეორეა მსოფლიოს 100 ცოცხალ ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს შორის.
ჯოზეფ პულიცერი
უნგრელ-ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთის გამომცემელი. სწორედ მის სახელს უკავშირდება ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური პრემია, რომელიც პულიცერის პრემიის სახელითაა ცნობილი. ჯოზეფ პულიცერი უნგრეთის ქალაქ მაკოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ჯერ ბუდაპეშტში გადავიდა, მერე კი აშშ-ში დასახლდა.