27 წლის დათო თვალჭრელიძე სილიკონ ველიზე ერთ-ერთი კომპანიის Palantir Technologies-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. დათო აღნიშნულ კომპანიაში უკვე მესამე წელია მუშაობს. მანამდე ერთი წელი ლონდონის ფილიალში საქმიანობდა, ახლა კი სათავო ოფისში მუშაობს, რომელიც კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში მდებარეობს.
„Palantir Technologies-დან თავად დამიკავშირდნენ. გასაუბრება რამდენიმე ეტაპად გავიარე. თავდაპირველად ტელეფონით გავესაუბრე, ბოლო ეტაპზე კი ჩამიყვანეს ოფისში და მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს შევხვდი. გასაუბრების პროცესი საკმაოდ რთული იყო. თუმცა სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდ ამერიკულ კომპანიებში დასაქმება სრულიად რეალურია. ამჟამად ვმუშაობ Palantir Gotham-ზე, ჩვენს ერთ-ერთ პროგრამულ გადაწყვეტაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ფართოდ გამოიყენებენ. პროგრამა მომხმარებლებს დიდი ოდენობით ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზის გაკეთებაში ეხმარება,” - ამბობს ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას დათო თვალჭრელიძე.
ინფორმატიკის სწავლა დათომ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში სამჯერ იყო საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
”სკოლის დამთავრების მერე ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სწავლის ბოლო წელს პროფესორ ალექსანდრე გამყრელიძის რეკომენდაციით სტაჟირებაზე წავედი VMware-ში, რომელიც „სილიკონ ველიზე“ ვირტუალიზაციის განხრით ყველაზე წარმატებული კომპანიაა. ამას მოყვა ასევე სტაჟირება Dropbox-ში, რომელიც 6 თვე გაგრძელდა და ძალიან ნაყოფიერი იყო. ბოლო სტაჟირება პატარა სტარტაპ კომპანია imo.im-ში გავიარე. შედეგად სამ სხვადასხვა კომპანიაში მივიღე გამოცდილება - გიგანტური კორპორაციით დაწყებული, პატარით დამთავრებული, რომელშიც სულ 20-25 თანამშრომელი მუშაობდა,” - ამბობს თვალჭრელიძე.
მისი განმარტებით, ტექნოლოგიურ კომპანიებში თავდაპირველად მოხვედრაა რთული. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, LinkedIn-ის ანგარიშის საშუალებით კორპორაციების წარმომადგენლები თვითონ უკავშირდებიან პოტენციურ დასაქმებულებს. სწორედ ასე დაუკავშირდნენ დათოს Palantir Technologies-დან.
”ყველას ვურჩევ გააკეთონ LinkedIn-ის ანგარიში და სცადონ, რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს. საქართველოდან „სილიკონ ველიზე“ მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა ოლიმპიადებში ადრეული ასაკიდანვე ჩართვაა. ერთის მხრივ, ეს რეზიუმეში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. მეორე მხრივ კი, გასაუბრებაზეც სწორედ ისეთი კითხვები მოდის, რისი ამოხსნაც ოლიმპიადაზე უწევთ. შესაბამისად, ოლიმპიადაში მონაწილეობა მშვენიერი გამოცდილებაა. ასევე Open Source პროექტებს შეუძლიათ, შეუერთდნენ GitHub-ზე, რაც სხვადასხვა კომპანიისთვის თავის მოწონების კარგი საშუალებაა,” - ამბობს დათო.
მისივე თქმით, ზოგადად, ტექნოლოგიურ სფეროში ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. ეს გლობალური ტენდენციაა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულების ანაზღაურება საქართველოშიც სტაბილურად მზარდია.
”ამერიკაში არსებული ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით, ანაზღაურება არც ისე მაღალია და ალბათ საქართველოშიც შეიძლება მსგავსი თანხის გამომუშავება. უბრალოდ, აქ მეტი შესაძლებლობებია. ზრდის პერსპექტივაც უფრო დიდია როგორც პროფესიული, ასევე ანაზღაურების მხრივ. თუმცა მომავალში საქართველოში დაბრუნებასაც არ გამოვრიცხავ,” - ამბობს თვალჭრელიძე.
უკეთესი განათლების მიღებაში, საკუთარი თავის უკეთ რეალიზაციასა და როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში წარმატებით დასაქმებაში ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს 2016 წლიდან მოყოლებული „სილიკონ ველი თბილისი“ უწევს დახმარებას.
საქართველოში პირველი მაღალტექნოლოგიური კერძო ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, IT აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.
ნანა მღებრიშვილი