"ზოგი ავტომობილი ისეა დაშლილი, რომ ვერ გაარკვევ, რა მარკისაა"
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 5 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების ავტომობილი შემოვიდა, ვიდრე ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ახალი აქციზური განაკვეთები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე ძალაში უკვე შევიდა, თუმცა დაშვებული საშეღავათო პერიოდის გამო, რომელიც 1 იანვრამდე დაწყებული ავტომობილების ტრანსპორტირებას ეხებოდა, გასამმაგებული აქციზით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟება ჯერ არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით ზრდა ავტობიზნესზე უკვე აისახა. ავტოდილერების პროგნოზით, ეს გავლენა კიდევ უფრო თვალსაჩინო მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება.ლაშა მაჩიტიძე, "ავტოკომ ჯაპანის" მენეჯერი: "ცვლილებები, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს შეეხო, ჩვენს ბიზნესზე უკვე ძალიან ცუდად აისახა. დაახლოებით 60-კაციანი კოლექტივი გვყავდა და ოთხი ოფისი გვქონდა. ახლა დავრჩით ერთი ოფისის და ხუთი კაცის ამარა. ამასაც ძალიან მცირე ხნის პერსპექტივა აქვს, დაახლოებით ორ თვეში საერთოდ დაიხურება საქართველოში AUTOCOMP JAPAN-ის ოფისები. რა თქმა უნდა, ალტერნატივად მომხმარებელს შეიძლება ჰიბრიდული ავტომობილები შესთავაზო, 2011 წელს წარმოებული და უფრო ახალი, რომელიც ახალი კანონმდებლობით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმშია მოქცეული, მაგრამ ასეთი ტიპის ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს.
იაპონურ ავტომობილებს ორი მთავარი ხიბლი ჰქონდა - დაბალბიუჯეტიანია და ფაქტობრივად, "იდეალურ მდგომარეობაში". სწორედ ერთ-ერთი ეს ხელსაყრელი ფაქტორი დაუკარგა მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ახალმა კანონპროექტმა და შესაბამისად, მოთხოვნაც შემცირდა. თუმცა, ეს არ არის ამ ცვლილებების ერთადერთი შედეგი. ახლა ფოთიდან ვბრუნდები და მინდა გითხრათ, რომ ფოთის პორტი სავსეა ამერიკიდან ჩამოყვანილი დაშლილი მანქანებით. გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. ზოგი ავტომობილი ისეა დაშლილი, რომ ვერ გაარკვევ რა მარკისაა. ზოგი შუაზე გაჭრილი და თუ აპირებენ ასეთი ავტომობილების აღდგენას, შემდეგ კი მათ გაყიდვას და ექსპლუატაციაში გაშვებას, არ მგონია ამან უკეთესი შედეგი მოგვცეს ავტოპარკის განახლების თვალსაზრისით. რაც ჩემი თვალით ვნახე ფოთში, არ მგონია, რომ ამ ავტომობილებიდან შეძლონ და რამე ააწყონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა ყველა ღონეს მიმართავენ, რომ იაპონური დაბალბიუჯეტიანი ავტომობილებით გამოთავისუფლებული სეგმენტი ბაზარზე რაღაცით შეავსონ. ასეთი ავტომობილები თუ ოდესმე აეწყობა და გაივლის, ძალიან მეეჭვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ დონემდე მიიყვანენ, რომ გაიყიდოს მაინც. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი მანქანებით გზებზე გადაადგილება ძალიან სახიფათო იქნება. გამოდის, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილების რაოდენობას კი შევამცირებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დაშლილი და თბილისში "შეწებებული" ავტომანქანების ქვეყანა გახდება."
შალვა ოგბაიძე
, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი: "5 მილიონით თუ შემცირდა ავტომობილების იმპორტი ეს დაახლოებით 2,7-3%-იანი შემცირებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი და წინაპირობა იმისა, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს. თუმცა, აქვე დავძენ, ისევე როგორც ნებისმიერ სფეროს, საავტომობილო ბაზარსაც ახასიათებს სეზონურობა და იანვარი ერთგვარად "ზამთრის ძილიდან" გამოსვლის თვედ შეიძლება ჩავთვალოთ. ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ "ზამთრის ძილს" იწვევს. მათ შორის ის, რომ დეკემბერის ბოლოს ავტომობილის შეძენას ყველა ერიდება, რადგან იციან, რომ წელი ემატება. ამას დავუმატოთ ის, რომ საქართველოში შეიცვალა აქციზური განაკვეთები მეორად ავტომობილებზე და მეორადი ავტომობილების იმ სეგმენტზე, რომელიც იაპონიიდან შემოდიოდა. ამან ყველაფერმა ბაზარს თავისი დაღი დაასვა და იმპორტის ეს 5-მილიონიანი შემცირება სწორედაც ამას უკავშირდება. ისე, როგორც ადამიანს მაღალი ტემპერატურის დროს გამოუმუშავდება იმუნიტეტი, სწორედ ასეთი თვისება ახასიათებს ბაზარსაც. მერწმუნეთ, ბაზარიც გადაეწყობა ახალ რეგულაციებზე და იმპორტის მოცულობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ცუდია, რომ ავტომობილი ძვირდება, მაგრამ კარგი მხრიდან რომ შევხედოთ, ხუთი მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა საქართველოდან საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მეორადი ავტომობილი, რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც მეორადი ავტომობილია და უახლოეს რამდენიმე წელიწადში ელიავას ბაზრობაზე ამთავრებს თავის "სიცოცხლეს".ბაზრის თვისებაა - არის მოთხოვნა, გაჩნდება მიწოდებაც. ეს არის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი და ძალა. ამიტომ, იაპონიიდან, ამერიკიდან, ან სულაც სამხრეთ კორეიდან შეიძლება მოხდეს ავტომობილების შემოყვანა. სხვათა შორის, ბევრი ცდილობს უკვე ავტომობილების შემოყვანას სამხრეთ კორეიდან. ამას უკვე უახლოეს მომავალში ბაზარი დაარეგულირებს. მტკივნეული პერიოდია, მაგრამ ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ."
ემა ტუხიაშვილი