ბუნებრივი აირის გადასახადი ძველი და ახალი აბონენტებისთვის გათანაბრდება. ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულაციაში დაბრუნდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მოსალოდნელია, რომ ძველი მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზრდება, რასაც სპეციალისტები ვარაუდობენ კიდეც. მარეგულირებელ კომისიაში გაზის გადასახადის გაძვირების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნების საკითხი განიხილება. ირინა მილორავას განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენადაც ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას, ე. წ. ახალი აბონენტების რეგულირების მიღმა დატოვება სრულიად გაუმართლებელი იყო.
რას გამოიწვევს ასეთი გადაწყვეტილება? აბონენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამჟამად კომუნალური ტარიფი 45 თეთრია, 2008 წლის აგვისტოდან ქსელზე მიერთებულთათვის კი - 55-59 თეთრი (მათ პირდაპირ გამანაწილებელი კომპანია უწესებს ტარიფს). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ძველი აბონენტებისთვის გადასახადი გაიზრდება და ახალი აბონენტებისთვის განსაზღვრულ ტარიფს გაუთანაბრდება? ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაზაფხულიდან 1 კბ/მ გაზი 55-60 თეთრამდე გაძვირდეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია აცხადებს, რომ ყველა აბონენტისთვის განაკვეთის წესი ერთნაირი იქნება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სემეკის პოზიციაა. იგი იმედოვნებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სემეკის მოსაზრებას გაითვალისწინებს.
"ჩვენი მიზანია, რომ სამომხმარებლო სექტორში დარეგულირების მექანიზმი გაუქმდეს. შესაბამისად, კომისია ყველა კატეგორიის მომხმარელებს დაუდგენს ტარიფს, რაც იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით რომ გაძვირდება, ვიღაცისთვის შეიძლება გაიაფდეს კიდეც. ძნელია თქმა, სანამ ამ სექტორის აბონენტებისთვის ტარიფის მთლიანად გადათვლა არ მოხდება. ეს არის ჩვენი მოსაზრება. დერეგულაცია სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტით მიღებული გადაწყვეტილებაა და მისი შეცვლის უფლება ასევე სამინისტროს ხელეწიფება. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია თუ როგორი უნდა იყოს სწორი მიდგომა", - აღნიშნა შონიამ "რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განმარტავენ, ახალ ტარიფში აისახება მათ მიერ ბოლო წლებში გაწეული ხარჯი და დამატებითი ინვესტიციებიც, რასაც კომპანია სამომავლოდ გეგმავს. კომპანიის სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ, გუშინვე განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის ახალ ტარიფში ლარის გაუფასურებისა და ინვესტიციების გათვალისწინებას ელოდება. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები არ გადათვლილა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორები ახალ ტარიფზე გავლენას მოახდენს.
"წლების განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლების გაზიფიცირების სრულყოფისთვის ინვესტიცია განახორციელა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებითი ხარჯია გასაწევი, რადგან მიმდინარეობს როგორც ქსელის გაუმჯობესება, ასევე ახალი აბონენტების გაზიფიცირება. როგორც ინვესტიცები, ასევე გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია დოლარში, შესაბამისად, კურსი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" წელს ქსელის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
უცნობია, ახალი ტარიფი კონკრეტულად როგორი იქნება. ალბათ, მასზე ლარის კურსიც იმოქმედებს. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გადასახადის გაზრდა, რა მაჩვენებლითაც არ უნდა დაფიქსირდეს, მომხმარებლისთვის მტკივნეული იქნება. მით უმეტეს, იმ მდგომარეობის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამო შეიქმნა.
პარლამენტის დეპუტატი, ენერგეტიკოსი რეზო არველაძე ეთანხმება სემეკის მოსაზრებას დერეგულაციის გაუქმების თაობაზე. მისი განცხადებით, გაზის ტარიფების სრული რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
"ტარიფში მცირეოდენი ცვლილებაც კი, თუ ის გაძვირებისკენაა მიმართული, უარყოფით განწყობას იწვევს მომხმარებელში. ცხადია, ეს არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი ისედაც მძიმეა.
დეტალებში გარკვეული არ ვარ, კონკრეტულად რა დოზით გაიზრდება გადასახადი, ჩემთვის უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიცვლება გადასახადი ძველი აბონენტებისთვის და დიდი ალბათობით გაიზრდება. ერთი კომპონენტია ლარის კურსი, მაგრამ, ცხადია, უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსა და სამომავლო ხარჯებსაც გაითვალისწინებენ.
2006 წლიდან ტარიფები არ გაზრდილა გაზის სექტორში. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ნაწილობრივად დერეგულირებული ტარიფის არსებობაც გაუმართლებელია. ამ საკითხს ვაყენებდი ყოველთვის. ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები და სემეკს აბსოლუტურად ვეთანხმები", - აცხადებს რეზო არველაძე.
შეგახსენებთ, იმ პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის ქსელში 2008 წლის 1-ლ აგვისტოს შემდეგ ჩაერთნენ, მიწოდების ტარიფებს სემეკი არ ადგენს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი მიმწოდებელ კომპანიას და მომხმარებელს შორის გაფორმებული ტიპური ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"