გაუმართაობა, არასახარბიელო ვიზუალი, ზოგიერთ ატრაქციონზე უსაფრთხოებისთვის საჭირო ქამრის არარსებობა - ეს არის ის ხარვეზები, რაზეც მოქალაქეები „ბიზნესპრესნიუსთან“ ატრაქციონების შესახებ საუბრობენ.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, რომელსაც საკუთარი ზედამხედველი ორგანო ჰყავს) 40 ატრაქციონია, რომელიც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს მიეკუთვნება. აქედან 14 ატრაქციონი თბილისში, დანარჩენი კი სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ატრაქციონები სხვადასხვა დროს არის დამონტაჟებული. აქედან 11 ობიექტი კი ყველაზე ძველია და 1970-იან წლებშია დამონტაჟებული.
რაც შეეხება ექსპლუატაციის ვადას, როგორც სააგენტოში აცხადებენ, თანამედროვე ატრაქციონების საექსპლუატაციო ვადა მინიმუმ 15 წელია; საბჭოთადროინდელ ატრაქციონებს კი ექსპლუატაციის დადგენილი ვადა არ მოჰყვება და მათ ვარგისიანობას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განსაზღვრავს.
„მიუხედავად მათი ასაკისა და არასახარბიელო ვიზუალისა, 2016 წლის მდგომარეობით, ყველა ატრაქციონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ობიექტები 2008 წლიდან მოყოლებული 2014 წლამდე ყოველწლიურად მოწმდებოდა. 2014 წლიდან კი ინსპექტირების პერიოდულობა შეიცვალა და ატრაქციონები ყოველ მეორე წელს მოწმდება,“-აღნიშნავენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში ატრაქციონის მფლობელისთვის ფულადი სანქციის დაწესებაა განსაზღვრული. ჯარიმები 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა დარღვევის გამო ფულადი სანქცია თითქმის ყველა ატრაქციონზე დაწესებულა. ძირითადი დარღვევები კი რაც ფიქსირდება - სტატიკური და დინამიკური შემოწმების ჩაუტარებლობა, კონსტრუქციაში წყლის დაგროვება, კოროზია, სამგზავრო მოდულის ჩამკეტი მოწყობილობის გაუმართაობა, ჰიდრავლიკური და პნევმატური დგუშების გაუმართაობა და ა.შ. არის.
რაც შეეხება ატრაქციონების შემოწმებას, 2016 წლამდე მათ ინსპექტირებას სწორედ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებდა, 2017 წლიდან კი ობიექტებს აკრედიტებული კერძო ინსპექტირების ორგანოები შეამოწმებენ. ესენია: „სი ეი ინთერნეიშენალი“ და შპს „ტექინსპექტგარანტი“.
როგორც აღნიშნულ კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე არცერთი ატრაქციონის ინსპექტირება არ მომხდარა.
მათივე ცნობით, შემოწმების შესახებ თავად ატრაქციონის მფლობელმა უნდა მიმართოს შემოწმების მიზნით კომპანიებს. ამასთან ერთად, იძულებითი გზით ინსპექტირების ჩატარების უფლება კომპანიებს არ აქვთ.
„ციცინათელას“, „ბომბორასა“ და კიდევ 1-2 პარკს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ფაქტობრივად ყველგან მეორადი ატრაქციონებია დამონტაჟებული, რომლებიც სადღაც უკვე ფუნქციონირებდა და ისინია ჩამოტანილი. ზოგს საძირკველი აქვს დაზიანებული, ზოგს კონსტრუქცია და მთლიანობაში ბევრი ატრაქციონი არ არის კარგ მდგომარეობაში,“- ამბობს შპს „ტექინსპექტგარანტის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ბეჟანიშვილი.
ატრაქციონების არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალური დირექტორი სანდრო შელია. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მართალია ჯერ არცერთი ატრაქციონი არ შეუმოწმებიათ, თუმცა სპეციალისტებისგან არის ზოგადი ინფორმაცია, რომ როგორც ატრაქციონების, ისე სხვა ობიექტების ტექნიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა.
როდის არის ატრაქციონები დამონტაჟებული, რამდენია ექსპლუატაციის ვადა და რა ინტენსივობით მოწმდება - ამ კითხვებით „ბიზნესპრესნიუსი“ „ზოოპარკისა“ და „მუშთაიდის პარკის“ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა.
მუშთაიდის პარკის გენერალური მენეჯერი ირაკლი ბითაძე : „ახალი ატრაქციონებია, სულ რაღაც 4 წელია, რაც დავამონტაჟეთ. შემოწმებას რაც შეეხება, ზედმეტსაც ვაკეთებთ. როგორც წესი, ახალ ატრაქციონებს შემოწმება არ სჭირდება, თუმცა პირველივე წლიდან ყოველთვიურ გეგმიურ შემოწმებას ვუტარებთ. ამასთან, წელიწადში ერთხელ სპეციალური ლიცენზირებული ორგანო მოდის და ამოწმებს ყველაფერს. რაც შეეხება ატრაქციონების ექსპლუატაციის ვადას, ამ უცხოურ ატრაქციონებზე ექსპლუატაციის ვადა დადგენილი არ არის“.
„თბილისის ზოოპარკში“ კი გვითხრეს, რომ ატრაქციონი სხვადასხვა კერძო კომპანიების მფლობელობაშია. აქედან რამდენიმე ატრაქციონი, მათ შორის ეშმაკის ბორბალი, ავტოდრომი, საქანელა და სხვა, შპს „ვოიაჟის“ მფლობელობაშია.
შპს „ვოიაჟის“ წარმომადგენელი იური ჯაფარიძე : „ჩვენს მფლობელობაში რამდენიმე ატრაქციონია, რომლებსაც შემოწმება წელიწადში ერთხელ უტარდება, თუმცა, პატარა ატრაქციონებს შემოწმება არც სჭირდება. ობიექტები დაახლოებით 11 წელია რაც ზოოპარკის ტერიტორიაზეა და ექსპლუატაციის ვადას რაც შეეხება, დადგენილი არა აქვთ“.
თაია არდოტელი