ნინო ელიავამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველო მსოფლიო მოდის ინდუსტრიას გააცნო და ახლა წარმატებული ქართველი ქალბატონია, საქმიანობა 16 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, დაიწყო.
რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და პარალელურად, ჟურნალისტად მუშაობდა. შემდეგ იყო ლონდონი, სამაგისტრო კურსი და მოდის ჟურნალში მუშაობა. დაახლოებით 6 წლის წინ კი გადაწყვიტა, შეექმნა ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც განსაკუთრებულ ბრენდებს გააერთიანებდა და შეკვეთის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებდა. ლონდონისთვის აქ უჩვეულო არაფერია, თუმცა თბილისში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა და ახალგაზრდა გოგონას იდეა ცოტა სარისკოდაც ჩანდა. ამიტომაც იმ პერიოდში ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ნინოსა და მისი პარტნიორების პროექტს. თვლიდნენ, რომ ამას ვერ შეძლებდნენ და თბილისში ამ იდეის განხორციელება უბრალოდ დიდი გამოწვევა იყო.
საქმე კი სულ სხვანაირად განვითარდა. ნინომ ორ პარტნიორთან - ანა მოქიასა და თამარ ბოლოთაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ონლაინ-პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ახალბედა დიზაინერები არა მხოლოდ ყიდიან საკუთარ პროდუქციას, არამედ თავს ფართო აუდიტორიას აცნობენ.
”საქართველოში უკვე მოფიქრებული და ჩამოყალიბებული იდეით ჩამოვედი. მანამდე მოდის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ეს მაღაზია ჩემი საქმიანობის ბუნებრივი განვითარება იყო. MORE is LOVE - ის საშუალებით კლიენტს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ჩვენი პროდუქციის მიღება. მაღაზიაში 100-მდე სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი.
დაახლოებით 25 ქართულია, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნიდანაა, მაგალითად, კორეიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ ბრენდების მიღმა დგანან ახალგაზრდა დიზაინერები, რომელთა ხედვაც ჩვენს კონცეფციაში ჯდება. ჩვენი მიზანია, ამ დიზინერების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და მომხმარებელს მათი ნამუშევარი გავაცნოთ“, - ამბობს ნინო ელიავა.
მაღაზიას გზავნილების სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს მოწყობილი და დაახლოებით 55 ქვეყანაში გზავნის პროდუქციას.
ნინოს თქმით, საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ქართველი დიზაინერების ტანსაცმელზე. ეს კი გარკვეულწილად სწორედ MORE is LOVE - ის დამსახურებაა.
”ამ კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე მოგვენიშნა. ბევრმა ადამიანმა დავისახეთ ეს მიზანი ერთდროულად და ერთობლივი ძალებით შევძელით. მოდის ინდუსტრიას საქართველოში დიდი მომავალი აქვს. ჯერჯერობით შუა გზაზე ვართ,” - ამბობს ნინო ელიავა.
ნინოსა და მისი პარტნიორების ბიზნესი ახლა საკმაოდ წარმატებულია, თუმცა გარკვეული სირთულეების წინაშე მაინც დგას. პრობლემები მეტი იყო საწყის ეტაპზე. ნაწილის გადალახვა დიდი შრომის შედეგად შეძლეს, ნაწილი კი კვლავაც აქტუალურია.
”საწყის ეტაპზე საკმაოდ გვიჭირდა, რადგან საქართველოში არ არსებობდა ონლაინ მაღაზია, რომელიც ექსპორტზე მუშაობდა. ახლა კი ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით ამ საქმიანობის წამოწყება ბევრად უფრო მარტივია. მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჩვენთან არ არსებობს ისეთი საბანკო ონლაინ გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიოში ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოხერხებული იქნებოდა და ნებისმიერ ბარათს მიიღებდა. რამდენიმე წლის და ბევრი წვალების შემდეგ ამერიკულ ბანკთან შევძლით თანამშრომლობა და შევქმენით ასეთი სისტემა. მისი ანალოგი საქართველოში არავის აქვს და ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა”, - სიამაყით ამბობს ნინო.
კომპანიის კიდევ ერთი სირთულე ლოჯისტიკაა. საქართველოში არც ეს საკითხია მაღალ დონეზე განვითარებული, ამიტომაც ქართული კომპანიები გზავნილების კუთხით არ არიან ისეთი მობილურები, როგორც აშშ-ში ან სხვა დასავლურ ქვეყნებში.
”ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა ლოჯისტიკური საკითხები, სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენთვის მარტივი გამოსავალი იქნებოდა, რომ მდებარეობა შეგვეცვალა და სხვა ქვეყნიდან გვეწარმოებინა ტრანსპორტირება. თუმცა ეს არ გვინდა. გვჯერა, რომ საქართველოდანაც შესაძლებელია ამ ბიზნესის წარმატებით ამუშავება,” - განმარტავს ნინო.
საქმიანობის საწყის ეტაპზე ნინოს გეგმას და მიზანს არასერიოზულად უყურებდნენ მისი სქესისა და ასაკის გამო.
”ბევრს არ სჯეროდა, რომ რამეს მივაღწევდით. მამაკაცებისგან ხშირად ვგრძნობდი დამოკიდებულებას, რომ ჩვენ უბრალოდ ვთამაშობდით და ვერთობოდით. თუმცა ამას ჩემზე უარყოფითი გავლენა არ ქონია და მიზანზე ხელი არ ამიღია. პირიქით, სტიმულს მმატებდა, რომ უფრო მეტი მეშრომა და საბოლოო მიზნისთვის მაინც მიმეღწია. ახლა კი იმავე ადამიანებისგან სულ სხვა დამოკიდებულებას ვგრძნობ. ჩემი აზრით, საქმეში ქალი და კაცი არ არსებობს. არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული უნარები საქმის სწორად წარმართვისათვის,” - განმარტავს ნინო ელიავა.
MORE is LOVE - ის კიდევ ერთი წარმატება საკუთარი ბრენდი 7ll - ია. ეს არის ნაქსოვი ხაზის ბრენდი, რომელიც 45 მქსოველს ასაქმებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 40-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი, მათ შორის სეულში, მონაკოში, ნიუ იორკში, ლონდონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.
”სტარტაპის შექმნისას და საქმიანობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, გჯეროდეს რასაც აკეთებ. თუ მიზნის გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი მიღწევადია. არის ხოლმე მომენტები, როდესაც თანამშრომლები მეუბნებიან, რომ ეს არ გამოვა. მე კი მათ მიზნის მიღწევის ალტერნატიულ გზებს ვთავაზობ. ასე ეტაპობრივად მივაღწიეთ წარმატებას,” - აღნიშნავს ნინო.
მტკიცე მიზნისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია MORE is LOVE -ის მსოფლიო წარმატება. ნინოს თქმით, ამჟამად გაფართოებაზე ფიქრობენ, თუმცა ზუსტად რა მიმართულებით წავა ეს პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალბატონი ქართველების გემოვნებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების ყველა წრეს თავისი ტრენდები აქვს. მისი თქმით, საზოგადოება საკმაოდ ღიაა სიახლეების მიმართ და მოდის ტენდენციებს სწრაფად ითვისებენ.
ნანა მღებრიშვილი