ამერიკული ავტომობილების 50%-ს საბუთში უწერია, რომ ჯართია

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვამ ამ ავტომობილების რეალიზაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მაშინ, როცა 2016 წელს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 40%-იან ზღვარს გადასცდა. ყველაზე დიდი ზარალი ამ რეგულაციის გამო ავტოდილერებმა ნახეს. „იაპონური ანუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ხარისხითაც ჯობია ამერიკულს და გაცილებით ახალიც არის. ამიტომ, ისინი ძალიან კარგად იყიდებოდა. ამჟამად რა ხდება? - ბაზარზე მოიმატა ამერიკიდან შემოსული ავტომობილების რიცხვმა, რომელთა 50%-ს საბუთში უწერია, რომ ეს არის junk ანუ ჯართი. ესე იგი, ჩვენ, ქართველები, მეჯართეები ვყოფილვართ - შემოგვაქვს ჩამოწერილი, ჯართად ქცეული მაქანები და მერე ამ ჯართით დავდივართ“. - განაცხადა ერთ-ერთმა დილერმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

იაპონური ავტომანქანების რიცხვის შემცირებაზე საუბრობენ ავტოიმპორტიორებიც. ამის თაობაზე შპს „ფორვარდერის“ დირექტორის მოადგილე დავით ჯეჯელავა გვესაუბრა:

დავით ჯეჯელავა - კომპანია „ფორვარდერი“ სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებით არის დაკავებული და სხვადასხვა სახის ტვირთი შემოაქვს, მათ შორის, ავტომობილებიც. ამერიკიდან მანქანები ადრეც შემოგვყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იაპონური მანქანების შემოყვანა შეიზღუდა, ამერიკული მანქანების იმპორტი ძალიან გაიზარდა. რა ბედი ეწია უკვე შემოყვანილ იაპონურ ავტომობილებს? - ცნობილი ფაქტია, რომ გასულ წელს საქართველოში იაპონური ავტომობილების დიდი რაოდენობა შემოვიდა. დაახლოებით 6 თვის წინ, უამინდობის გამო ფოთის პორტში შესასვლელი ყურე ამოივსო და 4-5- თვე დასჭირდა, რომ იქ დაგროვილი ტვირთი დაეცალათ, ამის გამო ტერმინალზე მანქანების დიდი რაოდენობა დაგროვდა. ეს ავტომობილები უმეტესად გადამყიდველებს მიჰყავდათ, მაგრამ რეგულაციის გამო მათი განბაჟება გაძვირდა, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დატოვა ეს ავტომობილები. ამის გამო, ტერმინალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორტში ჩარჩენილი ავტომობილები სხვა ავტოსადგომზე გადაეყვანათ. დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

დავით ჯეჯელავას თქმით, პორტში ზოგიერთი ავტომობილი თვეების განმავლობაში დგას:

- როდესაც პორტში დიდი რაოდენობით ავტომობილი გროვდება, ეს ფორვარდერის, ან ავტომანქანის მყიდველის ბრალია, რადგან ასეთი ავტომობილი დავალიანების ქვეშ იმყოფება. დღეს იაპონური მანქანები მცირე რაოდენობით შემოდის - დაახლოებით 100 კონტეინერი, რაც 400-450 ავტომანქანას ნიშნავს. ჩვენ სპეციალური ტერმინალი გვაქვს რუსთავში, ავტობაზრობაზე. ყველა ფორვარდერ კომპანიას არა აქვს საკუთარი ტერმინალი და მანქანებს პორტში დიდი ხნით ტოვებს. ზემოთ უკვე გითხარით, რომ ასეთი ავტომობილები ფოთის ტერმინალს სხვა ადგილას გადაჰყავს.

ავტოიმპორტიორი იმ პრობლემებზეც გვესაუბრა, რაც გადამზიდავ კომპანიებს ქართულ პორტებში ექმნებათ:

დავით ჯეჯელავა - ჩვენს ბიზნესში ყველამ იცის, რომ ფოთის პორტი ფორვარდერებს ბათუმის პორტთან შედარებით ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს, რის გამოც ის უფრო მეტად არის დატვირთული. მთავარი პრობლემა, რაც არის ბათუმში და არ არის ფოთში, ასეთია: ბათუმის პორტი ექსკლუზიურად ემსახურება მხოლოდ ერთ საზღვაო ხაზს - MSC -ს, რის გამოც იქ სხვა ხაზები ვერ შედიან. ისინი არაკონკურენტუნარიანები არიან MSC-თან შედარებით და უარს აცხადებენ ამ პორტში შესვლაზე. კომპანია „ფორვარდერს“ დიდი სურვილი აქვს შევიდეს ბათუმში, მაგრამ შევიდეს „Maersk lin“ -ის „zim”- ის, ან სხვა საზღვაო ხაზის მეშვეობით, თუმცა ბათუმის პორტი მათ იმდენად მაღალ ფასს სთავაზობს, რომ უარს ამბობენ იქ შესვლაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკურად ფოთის პორტი უფრო მომზადებულია ტვირთის მისაღებად, გასაგებია, რატომ არის ის ყოველთვის დატვირთული. ჩემი აზრით, ბათუმის პორტს ტექნიკაც კი მოძველებული აქვს. ექსპერტი არ ვარ, ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი. ჩვენს კომპანიას ყოველთვის ჰყავს კლიენტები, რომლებსაც სურთ, რომ ტვირთი ბათუმში ჩავუტანოთ, მაგრამ რადგან საზღვაო ხაზ MSC -სთან არ ვთანამშრომლობთ, ვერ ჩაგვაქვს. სხვა ხაზებს ბათუმის პორტი არაადეკვატურ ფასს სთავაზობს. ფოთის პორტი კი, ყველა ხაზის მისაღებად მზად არის და ყველას თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს. იქ ყველა ფორვარდერს და ყველა საზღვაო ხაზს თანაბარი უფლებები აქვს.

დავით ჯეჯელავას თქმით, ფოთის პორტი უფრო მეტ ტვირთს იღებს, რადგან ამ პორტში მომსახურების დონე ბევრად მაღალია:

დავით ჯეჯელავა - გარდა პორტისა, ფოთში არის ტერმინალი, რომელიც ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე ბათუმის ტერმინალი. გემები პორტში შედიან, ხოლო ტერმინალს კონტეინერების დაცლა და დასაწყობება ევალება. ფოთის პორტის და ტერმინალის ტვირთგამტარობა უფრო მეტია, თანაც, ბათუმი საკურორტო ზონაა და მისი პორტი არ არის გათვლილი იმდენი გემის მიღებაზე, რამდენსაც ფოთის პორტი ახერხებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი გვაქვს ბათუმის პორტთან ვიმუშაოთ, ეს არ გამოგვდის.

შპს „ფორვარდერის“ წარმომადგენლის შეფასებას კომპანია „ისტ გეით გრუპის“ დირექტორი დავით დავითიძეც ეთანხმება:

- გადამზიდავ კომპანიებს ბათუმთან შედარებით ფოთის პორტში უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ. ჩემი აზრით, ამ ორი პორტის შედარება არც შეიძლება, რადგან ბათუმში სულ 4-5- ნავმისადგომია, რის გამოც ამ პორტს დიდი რაოდენობით ტვირთის მიღება არ შეუძლია. საბედნიეროდ, დღეს ფოთის პორტი ისე გადატვირთული აღარ არის, როგორც ზამთარში, სანაპირო ზოლთან შექმნილი პრობლემების გამო იყო. მაშინ ფოთის პორტი გემებს აღარ ღებულობდა. საბედნიეროდ, ეს პრობლემები მოგვარდა და დღეს ფოთის პორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“ - აცხადებს „ისტ გეით გრუპის“ დირექტორი.

ხათუნა ჩიგოგიძე