საქართველოს შესაძლოა, NBA-ის მოქმედი ჩემპიონები ესტუმრონ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელები საქართველოში მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოდიან. როგორც წყარომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ფაჩულიამ თანაგუნდელები ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრებად მოიწვია. ამ ეტაპზე უცნობია, რა შემადგენლობით ჩამოვა გუნდი საქართველოში, თუმცა წყაროს ცნობით, მათ რიგებში გუნდის რამდენიმე ვარსკვლავი იქნება.
სპორტულ სამყაროში მიაჩნიათ, რომ „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელების საქართველოში შესაძლო სტუმრობის შესახებ ირიბი მინიშნება ზაზა ფაჩულიამ, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გააკეთა. როგორც ფაჩულიამ აღნიშნა, მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის თასი საქართველოში ჩამოვიდოდა.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, NBA-ის პირველი ქართველი გამარჯვებული საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და შესაძლოა პრესკონფერენციაც გამართოს, მათ შორის მისი თანაგუნდელების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
NBA-ის გამარჯვებული გუნდის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს და დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" 13 ივნისს ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდში თამაშობენ ასევე დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და სხვები.