თბილისის მერია უკვე დიდი ხანია მუშაობს ტაქსების ლიცენზირების საკითხზე და რამდენიმე ძირითადი მოთხოვნაც გამოიკვეთა, რომელიც ტაქსის მძღოლებს მომავალი წლიდან დაუწესდებათ.
დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელძღვანელმა ისაუბრა.
მამუკა მუმლაძე, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: "რეგულირების პირველი ეტაპი გვინდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან. ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში იმ და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია. ეს ნებართვა კი პირველ ეტაპზე უნდა იყოს იმ ღირებულების, რაც მისაღები იქნება მძღოლისთვის. დოკუმენტები, რომელიც მე ჩამოვთვალე არის ის რაც მგზავრის კომფორტს გაზრდის და ეცოდინება ვის აჩერებს და ვის უჯდება ტაქსიში. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავალთ".