საქართველოში მომხმარებლის მოტყუებამ აქტიური ხასიათი მიიღო - მომხმარებლები თითქმის ყოველდღიურად წერენ სოციალურ ქსელებში მათი უფლებების დარღვევის შესახებ.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასისტენტი - თამარ გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას ძალიან ბევრი მოტყუებული ადამიანი მიმართავს. ქალბატონ თამარს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევებზე ვესაუბრეთ.
- ყველაზე ფართოდ გავრცელებული „მეთოდი“ მომხმარებლის წონაში მოტყუებაა - ამას ჩვენს მაღაზიებში მასობრივი ხასიათი აქვს, თუმცა იშვიათად მჟღავნდება. ასეთი ფაქტები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც რომელიმე დაეჭვებული მყიდველი წონას სხვა სასწორზე გადაამოწმებს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ლამის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, მაგრამ პატრონი არა ჰყავს: სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს, არ არსებობს. არ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ სურსათის გამყიდველს სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს. ამის გამო, როგორც თვითონ უნდათ, სასწორსაც ისე აყენებენ.
- რას ნიშნავს „დაკალიბრებული“ სასწორი?
- აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან არსებობს სპეციალური ორგანო, სადაც მეწარმე უნდა მივიდეს, სასწორს შეუმოწმებენ და ისე დააყენებენ, რომ ზუსტ წონას აჩვენებს. ერთი წლის შემდეგ სასწორი ისევ უნდა გადაამოწმონ, რომ არ აირიოს. ეს სულ რაღაც ნახევარსაათიანი პროცედურაა, რომელსაც არავინ ასრულებს: კანონი მაღაზიებს არ ავალდებულებს, რომ დაკალიბრებული სასწორი ჰქონდეთ. ამიტომაც იქცევიან თვითნებურად. ქართველი მომხმარებელი ძალიან იშვიათად აცხადებს, რომ წონაში მოატყუეს. რატომღაც მოსახლეობას ჰგონია, რომ გამყიდველი მხოლოდ ბაზარში მოატყუებს და არა - სუპერმარკეტში, ან უბნის მაღაზიაში. მომხმარებელმა ხშირად ისიც არ იცის, რომ სასწორი დაკალიბრებული უნდა იყოს და სურვილიც არ უჩნდება წონა გადაამოწმოს. ბიზნესიც ცდილობს დამატებითი ხარჯი არ გაუჩნდეს და საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელი ზარალდება. ყველა მაღაზია და სუპერმარკეტი ვალდებული რომ იყოს, სასწორი დაკალიბრებული ჰქონდეს, ეს საკითხი თავისთავად მოგვარდებოდა.- კიდევ რა საჩივრით მოგმართავენ მომხმარებლები?
- ქართველ მომხმარებელს არა მარტო წონაში, ფასშიც ხშირად ატყუებენ. თუ გამყიდველი იმაზე მეტს გიანგარიშებთ, რაც სალაროშია მითითებული, ეს კანონდარღვევაა და მაშინვე ფინანსურ პოლიციას უნდა მიმართოთ, მაგრამ დღეს უფრო ფარულ და შეუმჩნეველ ხერხს იყენებენ: ხშირად დახლზე სხვა ფასია მითითებული და როცა სალაროსთან მიდიხართ, აბსოლუტურად სხვა ფასს ანგარიშობენ. ამ პრობლემას მომხმარებელი დიდ მარკეტებშიც ხშირად აწყდება და პატარა მაღაზიებშიც. აქ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მყიდველმა პროდუქტი უკან დააბრუნოს. მას თან უნდა ჰქონდეს ქვითარი და თუ სალაროს და დახლის ფასს შორის განსხვავებას დაინახავს, უფლება აქვს გააუქმოს შესყიდვის დოკუმენტი და თანხა უკან დაიბრუნოს. ანგარიშსწორება სალაროს ფასით უნდა ხდებოდეს და არა იმ ფასით, რომელიც დახლზეა მითითებული. თუ მომხმარებელი ვერ გაარკვევს, რომელი ფასია სწორი, შეუძლია საერთოდ გააუქმოს შესყიდვის დოკუმენტი.-ეს ყველაფერი რა სქემით ხდება?
- როგორც წესი, სალაროში მეტი ფასი აქვთ მითითებული, დახლზე კი - ნაკლები წერია. მომხმარებელი ტყუვდება და ჰგონია, რომ იაფად ყიდულობს. როდესაც ადამიანი რამდენიმე დასახელების პროდუქტს ყიდულობს, გადამოწმება ძნელია, ჰგონია, რომ ყველაფერს იაფად ყიდულობს, სინამდვილეში კი - მეტს იხდის. კონსულტანტს რომ ეკითხები, გპასუხობს, რომ პროგრამაში შეცდომაა, ან ფასების შეცვლა ვერ მოასწრეს - გასამართლებელი მიზეზი ყოველთვის გამოჩნდება...-ქალბატონო თამარ, მომხმარებლების გულგრილობაც ხომ არ უწყობს ხელს ამგვარ ქმედებებს?
- ნამდვილად. მომხმარებელთა დიდი ნაწილი საქართველოში პასიურია. მსგავსი დარღვევების დროს უმეტესობა ხმას არ იღებს და ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ურჩევნია რამდენიმე თეთრით ზედმეტი გადაიხადოს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მყიდველი უდიერად ეკიდება ქვითარს. არადა, ქვითარი ერთგვარი ხელშეკრულებაა მაღაზიასა და მომხმარებელს შორის, ამიტომ, მისი გადაგდება გამართლებული არ არის, სახლამდე მაინც უნდა მივიტანოთ. თუ ქვითარს არ ითხოვთ და არც ფასებს აკვირდებით, თქვენი მოტყუება უფრო ადვილია. როდესაც მომხმარებელი ფხიზლადაა და მენეჯერს ეუბნება, როდესაც რაღაც დარღვევას დაინახავს, მას ვერ მოატყუებენ.არის კიდევ ერთი რამ, რაშიც ქართველი მომხმარებელი ტყუვდება - ეს პროდუქციის ხარისხია. თუ უხარისხო პროდუქტს შეიძენთ, რომელიც დაობებულია, ან სიძველის გემო აქვს, შეგიძლიათ მაღაზიას უკან დაუბრუნოთ. ასევე შეგიძლიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ, რომელიც მივა მაღაზიაში და გამოიკვლევს, მაღაზიაში დაარღვიეს შენახვის პირობები თუ დისტრიბუციის დროს. ყველაზე რთული ისეთი პროდუქტის შეძენაა, რომელსაც ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ ადამიანმა არ იცის რა შემადგენლობის და ხარისხისაა. ამიტომ, ის ინფორმაცია მაინც უნდა წავიკითხოთ ყურადღებით, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული.
ხათუნა ჩიგოგიძე