საქართველოს წლის ბოლომდე 1,819 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი.
მარტო მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 933 მლნ დოლარია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ გადის მსხვილი ვალების გასტუმრების ეტაპს, რაც ეკონომიკას და ლარის კურსს საგრძნობლად აწვება. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას მორიგ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.
ერთადერთი, რამაც შეიძლება მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეამსუბუქოს, ინვესტიციების ზრდაა და თუკი ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, საგარეო ვალის მომსახურების სიმძიმეს ქვეყანა შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს. როგორიც უნდა იყოს ეს ეტაპი, სპეციალისტების პროგნოზით, შემოდგომიდან კურსი გაუფასურებისკენ გადაიხრება.
დაახლოებით თვენახევარში ტურისტული სეზონი მთავრდება, რაც გარკვეულ გავლენას სავალუტო შემოდინებაზეც მოახდენს. ამდენად, საგარეო ვალების გასტუმრების მხრივ საქმე არც ისე მარტივადაა.
ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) 933 მლნ დოლარის საგარეო ვალია დასაფარი. წლის ბოლომდე, მე-3 და მე-4 კვარტალში კი, ჯამში 1,819 მლრდ დოლარის გადახდაა საჭირო. აქედან უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის საგარეო ვალია. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაუყოვნებლივ გადასახდელი თანხა 793 მლნ დოლარს შეადგენდა (აქედან 443 მლნ დოლარი საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური დეპოზიტებია, რომელიც რეალურად დაუყოვნებლივ გადასახდელი არ არის).
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მე-3 კვარტალში ვალების მომსახურების თანხიდან (933 მლნ დოლარი) სამთავრობო სექტორს 75 მლნ დოლარი აქვს გასასტუმრებელი. სებ-ის გადასახდელი თანხის მოცულობა კი 2,1 მლნ დოლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება საბანკო სექტორს, 276 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო სხვა სექტორებისთვის ეს მაჩვენებელი 385 მლნ დოლარია.
გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება მე-4 კვარტალში. წლის ბოლოს ვალების მომსახურებისთვის ქვეყნიდან დამატებით 886 მლნ დოლარი გავა. ამ თანხიდან სამთავრობო სექტორს - 77 მლნ დოლარის, ეროვნულ ბანკს კი 0,2 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევს. მე-4 კვარტალში კომერციულმა ბანკებმა 222 მლნ დოლარის საგარეო ვალი უნდა გადაიხადონ და სხვა სექტორმა - 354 მლნ დოლარი. კომპანიათაშორისი სესხების მოცულობა კი 233 მლნ დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ საგარეო ვალის მომსახურების გადახდისას აუცილებელია, რომ სებ-მა და ფინანსთა სამინისტრომ კოორდინირებულად იმუშაონ, რათა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარის გასვლა ლარზე მორიგი წნეხის მიზეზად არ იქცეს.
"ბოლო პერიოდში ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეჩერდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, სებ-მა უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი და კოორდინირებულად იმუშაოს მთავრობასთან ერთად, რათა ლარი აღარ გაუფასურდეს.
წელსაც და გაისადაც საქართველოს საგარეო ვალების გასტუმრების საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება. ამის გამოვლინების გასტუმრების პროცესი სტაბილური უნდა გახდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან პრობლემას ეკონომიკა არ წააწყდება და არც ლარის კურსი დადგება საფრთხის ქვეშ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტი 2,50-ზე არის დაგეგმილი, ხოლო კურსი დღეისათვის 2,38-ის ფარგლებში მერყეობს. ჩემი აზრით, კურსი ამ მაჩვენებლებზე შენარჩუნდება წლის განმავლობაში, ცხადია, თუკი მთავრობა და ეროვნული ბანკი გონივრულად იმოქმედებენ.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საგარეო ვალის ზღვრული დონე 60%-ია, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მაინცდამაინც 60%-მდე უნდა მივიდეთ. საგარეო ვალდებულებები დამატებით ტვირთად არ უნდა ავიკიდოთ, თუკი ეს შესაძლებელია", - აცხადებს ჭარაია.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძეს, რომლის თქმითაც, საგარეო ვალის გასტუმრების სიმძიმე ლარზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რის გამოც ოქტომბრიდან ლარის კურსის მცირე გაუფასურება მოსალოდნელია.
"ვალის დაბრუნება, რაც უწევს საქართველოს, ცხადია, დაარტყამს ლარის კურსს, ამ ფაქტორს ქვეყანა ვერ გაექცევა. ჩემი აზრით, შემოდგომიდან კურსის გაუფასურების პროცესი დაიწყება, ეს მოსალოდნელია.
ბოლო პერიოდის საინვესტიციო შემოსავლებს თუ გადავხედავთ, შეიმჩნევა ზრდა. მომავალშიც ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ვალის გასტუმრების პროცესი ეკონომიკისათვის შედარებით ადვილად ჩაივლის. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ვალი ცუდია, ეს ვალდებულება სახელმწიფოს აქვს და ყოველთვის იქნება პრობლემა, მაგრამ მთავარია, გატარდეს სწორი საინვესტიციო პოლიტიკა, რაც ფულადი ნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იშვიათად იყენებს. უდავოა, რომ საგარეო ვალი გასასტუმრებელია. ვფიქრობ, სწორი პოლიტიკით კურსზე უარყოფით გავლენას ავცდებით, მაგრამ მცირე შეცდომაც საკმარისია, რომ დადგეს ისეთი შედეგი, როგორიც წინა წელს იყო, როცა სავალუტო ცვლილებამ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა.
სავარაუდოდ, წელსაც იქნება მცირე უარყოფითი გავლენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სებ-მა არ გადადგას არასწორი ნაბიჯი, რაც გცვლით კურსს შეარყევს. ამ უწყების სწორ ქმედებებში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ", - აცხადებს ბერძენაძე.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 491 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 4,9 მლრდ დოლარია.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,546 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ბანკია.
საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 807 მლნ დოლარამდეა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"