ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა The New Yorker-მა ადამ დევიდსონის სტატია, სათაურით: "კითხვები არავის დაუსვამს" გამოაქვეყნა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო.
"შეცდომა თუ სტრატეგია?" - წერს ავტორი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობაზე, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს - ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეს.
აქედან გამომდინარე, სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომლითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ.
"ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით", - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის "პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი" იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და სხვა არასამთავრობოებმა დაიწყეს განცხადებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა "ელიტური კორუფცია".
ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა", - წერს The New Yorker.
როგორც სტატიაში ნათქვამია, დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია ყაზახურმა B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც "გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით".
„2005 წელს სააკაშვილმა და პრეზიდენტმა ნაზარბაევმა განაცხადეს, რომ B.T.A. ბანკი (ყაზახეთის უმსხვილესი ბანკი) რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის სესხს გაიღებდა საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის. სესხი ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გაფართოებასა და საქართველოს ბანკის ზრდას მოხმარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სესხი მხოლოდ ერთი კომპანიის შვილობილ კომპანიებს უნდა მოხმარებოდა. ეს კომპანია Silk Road ჯგუფია, რომელიც სპეციალიზირდება უძრავი ქონების სექტორში, ასევე ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში ყაზახეთიდან სხვა ქვეყნებში. კომპანიის ხელმძღვანელობას მცირე გამოცდილება აქვს ტელეკომუნიკაციების, საბანკო ან სასტუმრო სფეროში. Silk Road ჯგუფი, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ფულის სარისკო დაბანდებას გეგმავდა რამდენიმე ახალ სექტორში. აღნიშნული გაფართოება მოიცავდა სესხის აღებას, რომელიც 1,5-ჯერ აღემატებოდა მის წლიურ შემოსავალს. ეს არ იყო ერთადერთი დამაბნეველი მომენტი აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც B.T.A სესხს აძლევდა Silk Road ჯგუფს, ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, იერკინ ტატიშევმა ეთიკური ხაზი გადაკვეთა, როდესაც არასათანადო გავლენა მოახდინა Silk Road ჯგუფის რიგ შვილობილებზე, რომლებიც სარგებელს იღებდნენ ამ სესხებიდან. B.T.A ბანკს წარმომადგენლები ჰყავდათ ამ შვილობილი კომპანიების დირექტორთა საბჭოებში, მაგრამ ერთ-ერთი წარმომადგენელი ტალგატ ტურუმბაევი, რომელიც ორივე დირექტორთა საბჭოში იყო, ერთდროულად მუშაობდა ტატიშევის კომპანიაზე, Kusto ჯგუფში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა შერწყმის პროცესს. მე ვესაუბრე ხალხს, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა შვილობილ კომპანიებზე. მათ მითხრეს, რომ შვილობილი კომპანიების თანამესაკუთრე Silk Road ჯგუფი და საიდუმლო მეპატრონეები იყვნენ. ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში წყარომ მითხრა, რომ ტატიშევი ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო მესაკუთრე იყო“, - წერს The New Yorker.
სტატიის თანახმად, ტატიშევმა, რომლის ქონება „ფორბსის“ შეფასებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, B.T.A ბანკი 2009 წელს დატოვა. როგორც სტატიის ავტორი წერს, ტატიშევმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბანკში ყოფნისას არ ჰქონია პირადი კავშირი Silk Road ჯგუფთან. თუმცა, აღიარა, რომ ძლიერი მეგობრობა ჰქონდა გიორგი რამიშვილთან და მას საკონსულტაციო მომსახურება შესთავაზა.
„მაგრამ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ ტატიშევი Silk Road ჯგუფს მხოლოდ კონსულტაციებს უწევდა? ტატიშევის კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, ის 2006 წლიდან Silk Road ჯგუფის პარტნიორი იყო. „ჩვენ ერთად ჩავდეთ ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში“, - ნათქვამია საიტზე. როდესაც მას ამაზე მივუთითე, ტატიშევმა მომწერა, რომ ერთობლივი ინვესტიციები საქველმოქმედო პროექტებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც მან მითხრა, რომ არასოდეს უმუშავია B.T.A ბანკის კომიტეტში, რომელიც ზედამხედველობას უწევს სესხების გაცემას, მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე და ტყუილი აღმოჩნდა. თუ, როგორც ვებ-გვერდზე წერია, ტატიშევი ფინანსურად იყო ჩართული B.T.A ბანკის მიერ გაცემული სესხით დაფინანსებულ ბიზნესში, მაშინ მას და Silk Road ჯგუფს შეეძლოთ საბანკო თაღლითობა ჩაედინათ. როდესაც ბანკის ხელმძღვანელობას პირადი ფინანსური ინტერესი აქვს პროექტებში, რომელსაც მათივე ბანკი აფინანსებს, ეს ცნობილია როგორც თვითსარგებელი და თითქმის ყველა ქვეყანაში დანაშაულს წარმოადგენს. რიჩარდ გორდონმა Case Western Reserve University-დან განმარტა, რომ თვითსარგებელი 1997 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა. ბანკები ინდონეზიაში, სამხრეთ კორეაში, ბრაზილიაში, რუსეთში, პაკისტანში და ტაივანში ნაწილობრივ იმიტომ ჩავარდნენ, რომ ბანკის ხელმძღვანელობა სესხს თავის თავს აძლევდა.
სესხის გაცემა კომპანიებისთვის, სადაც ბანკის ხელმძღვანელობას პირადი ინტერესი აქვს, დანაშაულია, ვინაიდან ამით ირღვევა ნდობა. საბანკო საქმის მთავარი პრინციპია ფული ისესხო ერთი ჯგუფისგან და სესხად მისცე სხვა ჯგუფს. ბათუმში Trump Tower-ის გარიგებამდე რამდენიმე წლით ადრე B.T.A ბანკი დანაშაულებრივ სქემაში აღმოჩნდა ჩართული. მუხტარ აბლიაზოვი, ბანკის თავმჯდომარე, წარჩინებული პიროვნება იყო ყაზახეთში. ის ნაზარბაევის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი სპონსორი იყო. 2009 წელს ნაზარბაევმა ბანკის კონტროლის აღების სურვილი გამოთქვა და აბლიაზოვი ლონდონში წავიდა, თან მილიარდობით დოლარი გაიყოლა. მან ეს შემდეგნაირად განახორციელა: მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა ათეულობით ოფშორულმა კომპანიამ ბანკისგან სესხები მიიღო. 2010 წელს Trump Organization-ის ხელმძღვანელმა მაიკლ კოენმა მოლაპარაკებები დაიწყო Silk Road ჯგუფთან. დიდ ბრიტანეთში აბლიაზოვის წინააღმდეგ 11 სარჩელი იყო წარდგენილი. ყაზახეთის მთავრობამ, რომელმაც ბანკის კონტროლი ჩაიგდო ხელში, უჩივლა მას 10 მილიარდი აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით. ტრამპის ორგანიზაციას „გუგლშიც“ კი შეეძლო მოეძია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Silk Road ჯგუფმა დიდი დაფინანსება მიიღო B.T.A ბანკისგან, რომელიც ბათუმის გარიგების დროს ჩაფლული იყო თაღლითობის საქმეში. Silk Road ჯგუფი ასევე იყო აბლიაზოვის პარტნიორი და საქართველოში ბანკს ფლობდა. კოენს ვკითხე, იცოდა თუ არა Silk Road ჯგუფის კავშირებზე B.T.A ბანკთან. „არც კი ვიცოდი, რომ B.T.A ბანკი ჩარეული იყო ამ სცენარში, ვიდრე თქვენ არ მითხარით“, - წერს ამერიკული გამოცემა.
იხილეთ ასევე: „ფორბსი“ - გიორგი რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს