რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ბავშვის სატარებელი, ე.წ. „სლინგი“ გამოჩნდა.
პროდუქცია „ ბაგანას“ ბრენდის ქვეშ იწარმოება და მისი შემქმნელები ევროკავშირის ორგანიზაციის Think Young-ის პროექტის გამარჯვებულები არიან. თინათინ გახოკიძემ და მისმა გუნდმა თებერვალში, 2 000 დოლარის ოდენობის გრანტი სწორედ აღნიშნულ კონკურსში მოიგო. ეს თანხა „ბაგანას,“ როგორც ბიზნესსაქმიანობის საწყისი კაპიტალია.
„ბაგანა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი „კენგურუს“ ერთგვარი ალტერნატივაა. თუმცა კენგურუსგან განსხვავებით, ის ჩვილისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია. ბაგანას გამოყენება დაბადებიდან ორ წლამდე ბავშვისთვის არის რეკომენდირებული. ბაგანას ანალოგი ამერიკასა და ევროპაში უკვე წლებია არსებობს, თუმცა საქართველოში ამ პროდუქტს აქამდე ნაკლებად იცნობდნენ.
სტარტაპმა გაყიდვები ივნისში დაიწყო. მანამდე კი იყო საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი. პირველ რიგში, იდეის ავტორებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან, მათ შორის პედიატრებთან და ორთოპედებთან გაიარეს. „იაშვილის“ სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა პროდუქტი მოიწონეს და მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. ბაგანას მოხმარება განსაკუთრებით დისპლაზიის მქონე ბავშვებისთვის არის მიზანშეწონილი.
სტარტაპერები პროდუქციას თბილისში მდებარე კონტრაქტორ სამკერვალოში ამზადებენ. ბაგანას შესაკერად საჭირო მაღალი ხარისხის ქსოვილი კი თურქეთიდან შემოდის. ბავშვის სატარებელი, რომლის შემოკვრის წესი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, 70 ლარი ღირს. როგორც თინათინ გახოკიძე აღნიშნავს, ეს ფასი პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში საკმაოდ მცირეა, თუმცა იმისთვის, რომ ბაგანა რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სტარტაპერები დაბალი მოგების ხარჯზე, პროდუქტის ღირებულების შენარჩუნებას გეგმავენ. ბაგანას შეძენა მომხმარებლებს ონლაინ მაღაზიის საშუალებით ან სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ.
ბაგანაში ბავშვის მოთავსების ტექნიკა ასაკის მიხედვით იცვლება. პროდუქტს შესაბამისი ინსტრუქციაც მოყვება, სადაც ინფორმაცია დაწვრილებითაა მოცემული.
ივნისიდან მოყოლებული „ბაგანას“ ბრენდის უკვე 150-ზე მეტი „სლინგი“ გაიყიდა. როგორც თინათინ გახოკიძე ამბობს, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან პროდუქტს ჯერჯერობით ნაკლებად იცნობენ. ამავდროულად ზაფხული ისედაც რეალიზაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. პროდუქტი მოთხოვნის შესაბამისად იწარმოება.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო ქართველი მოხმარების ნდობის მოპოვება. ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ამ დრომდე „ბაგანას“ ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა ან უარყოფითი რეაქცია არ
მიგვიღია. როგორც ჩანს, მომხმარებლის ნდობა გავამართლეთ“, -
აღნიშნავს თინათინ გახოკიძე.
ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა „ბაგანასთვის“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სამომავლოდ კომპანიას კიდევ ბევრი ახალი და საინტერესო გეგმა აქვს. „ბაგანა“ ამჯერად „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროექტის მონაწილეა. როგორც თინათინ გახოკიძე ამბობს, ბანკი სტარტაპს ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარა და ეს მხარდაჭერა პროდუქციის რეალიზაციაზე უკვე დადებითად აისახა.
როგორც სტარტაპერები ამბობენ, ბაგანა არ იქნება ერთადერთი საბავშვო ნივთი, რომელიც ამ ბრენდის ქვეშ იწარმოება და ახლო მომავალში ბაზარს კიდევ ბევრ ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ. დეტალების გამჟღავნებისგან თინათინ გახოკიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი გეგმების განხორციელება მალე დაიწყება.
ქრისტინე გამთენაძე