2019 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებისთვის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგისტრაცია თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და 7 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.
საელჩოს ცნობით, მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ საკონსულოს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გაიმართება შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში და კითხვა-პასუხის ოთხი სესია საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე.
მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მწვანე ბარათის გათამაშებას წელიწადში ერთხელ ატარებს. ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება.