სამოსის, აქსუსუარების და სხვადასხვა ნივთების გამოწერა ინტერნეტით საკმაოდ იაფი ღირს და ამიტომ საქართველოში ონლაინ შოპინგით ბევრი ადამიანი სარგებლობს.
თუმცა, არის შემთხვევები, როცა შეკვეთილი ნივთის ზომა, ფერი ან ფორმა საერთოდ განსხვავდება იმ ნივთისგან, რომელსაც ინტერნეტით ვიწერთ. მეტიც, ხშირად მომხმარებელი ონლაინ თაღლითების მსხვერპლი ხდება და გამოწერილ ნივთს, რომელშიც ფულს იხდის, ვერ იბრუნებს.
ასე მოხდა ჩვენი რესპონდენტების შემთხვევაშიც, რომლებიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ „ფეისბუქზე“ არსებული რამდენიმე ონლაინ გამოწერის გვერდის მსხვერპლი გახდნენ.
"ფეისბუქზე" ვნახე ონლაინ შოპინგის გვერდი - shopping- ონლაინ მაღაზია. პროდუქტი გამოწერიდან 10-15 დღეში უნდა ჩამოსულიყო. თანხა - 60 ლარი წინასწარ, სწრაფი გადახდის აპარატიდან გადავურიცხე, მაგრამ როდესაც დრო გავიდა, ჯერ მატყუებდა, რომ ჩამოსვლა დააგვიანა, შემდეგ საერთოდ აღარ მპასუხობდა, გვერდიდან ჩემ კომენტარებსაც შლიდა, რომ არავის ენახა. ბოლოს როგორც იქნა, იმ მუქარით, რომ ვუჩივლებდი, თანხის ნაწილი - 40 ლარი დამიბრუნეს“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი მომხმარებელი.
იგივე პრობლემაზე საუბრობს ონლაინ გამოწერის გვერდების - Etos Official Page-სა და „შოპინგ რეალი“-ს მომხმარებელი.
„მე და ჩემმა მეგობარმა Etos Official Page -დან გამოვიწერეთ ფეხსაცმელი და ფასდაკლებით 50 ლარი გამოვიდა. თანხის ნაწილი 40 ლარი წინასწარ გადავურიცხეთ, ამის დამადასტურებელი ქვითარიც შენახული გვაქვს. როგორც გვითხრეს, ნივთი 2 კვირაში უნდა ჩამოგვსლოდა, თუმცა დაახლოებით 1 თვის შემდეგ უკვე სხვა გვერდიდან „შოპინგ რეალიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პირი, ვისაც თანხა გადავურიცხე, სოფელში წავიდა. ჩემი ნივთი კი მათ ჰქონდათ და მის მისაღებად დარჩენილი თანხაც უნდა გადაგვერიცხა. ამ 10 ლარის ჩარიცხვის შემდეგ ძალიან დიდხანს მატყუებდა, დამემუქრა კიდეც, რომ მისი ქმარი პოლიციელი იყო. თანხა დღემდე არ მიგვიღია. შემდეგ სხვა გვერდებზე ვნახე, რომ თაღლითები არიან და სხვა მოქალაქეებიც მოუტყუებიათ“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
რამდენად მასშტაბურია პრობლემა, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა „ფეისბუქზე“ ონლაინ თაღლითობისგან ან რამდენად რეგულირდება ეს საკითხი სამართლებრივად - ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატს ქეთევან ქავთარაძეს ესაუბრა.
მისი შეფასებით, პრობლემა მასშტაბურია, თუმცა ჯერჯერობით დღის შუქზე არაა გამოტანილი.
„კონკრეტულად ონლაინ გამოწერებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით რეგულაცია არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მსგავს საკითხებს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. როდესაც პირი აკეთებს გვერდს და მოქალაქეებს მომსახურების გაწევას ჰპირდება, რათა მათი მოტყუების ხარჯზე გარკვეული სარგებელი მიიღოს - ეს ქმედება შინაარსობრივად თაღლითობაა და სწორედ ამ მუხლით შეიძლება გამოძიების დაწყება. თუმცა იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს, საჭიროა მათი მოძიება, ასევე უნდა დადგინდეს, რომ კონკრეტულად მათი მხრიდან გაკეთდა ეს გვერდები, მათ მიერ იყო ორგანიზებული აღნიშნული ქმედებები და სწორედ მათი ქმედების გამო მიადგათ კონკრეტულ პირებს ზიანი,“-აღნიშნა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მინიმალური რაც მოქალაქეებმა თავის დასაცავად უნდა გააკეთონ ის არის, რომ თანხის გადარიცხვამდე სუბიექტის რეგისტრაციის დამდასტურებელი დოკუმენტი მოითხოვონ და გაარკვიონ, არის თუ არა პირი გადამხდელად რეგისტრირებული.
„როგორც წესი, პირები აღნიშნულ საქმიანობას ისე ეწევიან, რომ გადამხდელებად რეგისტრირებულნი არ არიან, რაც ასევე სამართალდარღვევაა. ამიტომ ნივთის გამოწერამდე მოქალაქემ უნდა გაარკვიოს რეგისტრირდება თუ არა სადმე ის კომპანია ან ფიზიკური პირი, ვინც მსგავს საქმიანობას ახორციელებს. თუ გადამხდელად არის რეგისტრირებული, მის მიმართ უფრო მეტი სანდოობაც არსებობს. რაც შეეხება სტატისტიკას, იქიდან გამომდინარე რომ მცირე თანხებზეა საუბარი, მოქალაქეები მსგავს დანაშაულზე ხმამაღლა არ საუბრობენ, შესაბამისად მსგავსი საქმე პრაქტიკაში არ გვქონია. თუმცა, ინტერნეტის საშუალებით მსმენია და საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა, თუმცა ჯერჯერობით დღის შუქზე არაა ამოსული“, - აღნიშნა ქავთარაძემ.