ფინანსური ინსტიტუტები "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.
საქართველოში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, არ მეგულება ოჯახი, საბანკო პროდუქტით რომ არ სარგებლობდეს - განვადება, საკრედიტო ბარათი, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხი, სალომბარდო მომსახურება და მევახშეები - მოსახლეობა მათი საშუალებით ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს.
ამის მიზეზი, ძირითადად, მცირე შემოსავალია, რომელიც ხარჯებს ვერ სწვდება, ფინანსური ინსტიტუტები კი ერთი შეხედვით "იაფ ფულს" გვთავაზობენ, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით.
ნასესხები ფულის ნამდვილ ფასს მაშინ ვიგებთ, როცა გადახდის დრო დგება. თუ არ გაზრდილა ჩვენი შემოსავალი (რომელიც მანამდეც ვერ ფარავდა ყველა მიმდინარე ხარჯს), დამატებითი ტვირთი მით უფრო მძიმეა. ბევრი გამოსავალს ახალი სესხის აღებაში ხედავს, რომლითაც ძველ ვალს ფარავს და ეს ციკლი წლების განმავლობაში მეორდება. ახალ სესხს ახალი ხარჯიც ახლავს: მომსახურების საკომისიო, ბარათის ღირებულება, თანხის ათვისების საკომისიო, დაზღვევა და სხვ. ზოგჯერ ბანკებიც არ ამოწმებენ, რამხელა სესხი აქვთ კლიენტებს სხვა ბანკებში და ამიტომ შესაძლოა, უფრო დიდი სესხი გასცენ, ვიდრე კლიენტის შემოსავალს შეესაბამება. ადამიანი მჭიდროდ ეხვევა ვალის ბადეში, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო უჭირს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის 1-ლი მარტისთვის ყველა ბანკის გაცემული სამომხმარებლო სესხების ნაშთი (ანუ კლიენტების მიმდინარე დავალიანებათა ჯამი) 1,818 მლრდ ლარია. ეს მონაცემი ბოლო წლებში გამუდმებით იზრდება. თუ ამ მონაცემს მოსახლეობის რაოდენობაზე (ოფიციალურად 4,48 მლნ ადამიანი) გავყოფთ, გამოვა, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრების წილად 405 ლარი სამომხმარებლო სესხი მოდის. არადა, ცნობილია, რომ მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით ნაკლებია. სხვადასხვა მონაცემით, ქვეყნიდან დაახლოებით 1-1,5 მილიონი ადამიანია გასული, მოსახლეობის ბოლო აღწერა კი 2002 წელს ჩატარდა.
ამ 4,48-მილიონიანი მოსახლეობიდან, ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულია დაახლოებით 1,724 მლნ. ჰოდა, გამოდის, რომ ყოველ დასაქმებულ ადამიანზე საბანკო სამომხმარებლო სესხების წილად უკვე 1054 ლარი მოდის, მაგრამ ფიზიკური პირები ბანკებში იპოთეკურ სესხებსაც იღებენ. ამის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები კი არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყნის ყველა ბანკმა 2013 წელს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ქონებით უზრუნველყოფილი 8 მილიარდი ლარის სესხი გასცა, ხოლო უცხოური ვალუტის სახით - 6 მილიარდი ლარის ეკვივალენტი. მოვალეთა რეესტრში, სადაც ის ფიზიკური და იურიდიული პირები შეჰყავთ (ე.წ. შავი სია), რომელთა საქმეც აღსრულების ბიუროს გადაეცა, ჩანაწერთა რიცხვმა უკვე 113 ათასს გადააჭარბა.
ამას უნდა დაემატოს იპოთეკარებისთვის, მევახშეებისა თუ ლომბარდებისთვის გამორთმეული კერძო ვალებიც, რომელთა სტატისტიკაც არ არსებობს.
ლია ელიავა, ექსპერტი საბანკო საკითხებში: "ადრე ოჯახი იმდენს ხარჯავდა, რამდენის შესაძლებლობაც ჰქონდა, ახლა კი დამკვიდრდა პრინციპი - დახარჯე, რამდენიც გინდა. მოსახლეობის ვალებში გახვევას საბანკო და მთლიანად საფინანსო სექტორიც უწყობს ხელს. მათ დიდძალი თანხა აქვთ, რომელიც უნდა დააბანდონ, რათა არ გაკოტრდნენ, თუმცა ამ დაბანდებას არ ახლავს საფრთხის სათანადო გაანალიზება. ევროპული სტანდარტებით, არ შეიძლება პირს, საბანკო ვალდებულების სახით, ყოველთვიურად შემოსავლის 30-35%-ზე მეტის გადახდა დაეკისროს. უნდა აღვნიშნოთ მსესხებლის გაუთვითცნობიერებლობაც, ან შეგნებულად თვალის დახუჭვა იმ პრობლემებზე, რომლებიც ვალის გადაუხდელობას მოსდევს. მატერიალური სიკეთის მოპოვების სურვილი უფრო დიდია, ვიდრე სესხის დაუბრუნებლობის შიში, არცთუ იშვიათად კი გამოუვალი მდგომარეობა არჩევანს არ ტოვებს...
ვალის ფასს მაშინ იგებ, როცა მის დაფარვას იწყებ - როცა ბანკის სესხს იღებ, სხვისი ფულით სარგებლობ, მაგრამ როცა აბრუნებ, შენი ჯიბიდან იღებ, რასთან შეგუებაც ხალხს უჭირს. ხშირად მსესხებელი, სესხის დაფარვის ნაცვლად, ჯერ თავის პირველად მოთხოვნებს იკმაყოფილებს - ადამიანი ვერ დარჩება საკვების, კომუნალური საჭიროებების გარეშე. შედეგად ეფლობა ვალში, მის გასასტუმრებლად კი ახალი ვალის აღებას ცდილობს - ანუ ახდენს სესხის რეფინანსირებას, იმას კი აღარ ითვლის, რამდენად არახელსაყრელია ახალი ვალებით ძველის გადახდა.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს საბანკო სესხის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ჩვენს კომერციულ ფინანსურ ინსტიტუტებს მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ. განვითარებულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, არ არსებობს მოქალაქე ბანკის სესხის გარეშე. მაგალითად, აშშ-ში 25 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს, ბანკები ბინის შესაძენად გრძელვადიან, 2,7-3%-იან სესხს სთავაზობენ. ისინი 25-30 წლის განმავლობაში ხელფასიდან მცირე თანხას იხდიან და ეს მძიმე ტვირთად არ აწვებათ. საქმე ის არის, რომ იქ მოსახლეობას მაღალი და სტაბილური შემოსავალი აქვს, ამიტომ საპროცენტო განაკვეთებიც დაბალია. საქართველოში ბანკები ასეთ სესხებს არ იძლევიან, განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ 10-15 წელიწადში პროცენტის სახით გადახდილი თანხა ლამის სესხად აღებულ თანხას უტოლდება. შესაბამისად, ჩვენთან საკრედიტო საქმიანობა ხელს კი არ უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, არამედ პირიქით, აღარიბებს მას. საფინანსო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობა და უნდა აფასებდნენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მსესხებლების რისკებსაც. ეს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული ფორმაა. ამაზე მუშაობს ბაზელის კომიტეტი, რომელსაც შექმნილი აქვს უამრავი მარეგულირებელი დოკუმენტი, როგორ შეფასდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობა.
ბოლო დროს ხშირად გვესმოდა, რომ მოსახლეობა ერთადერთ საცხოვრისს კარგავს, რადგან ბანკის სესხს ვერ იხდის. ეს საკითხები ცივილიზებულად რეგულირდება განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, ევროკავშირის ერთ-ერთი რეგულაციით, აკრძალულია ბანკის მიერ გირაოს სახით პირის ერთადერთი საცხოვრისის ჩადება, რითაც თავად მსესხებლის უფლებებია დაცული, საქართველოში კი ეს უფლება უგულებელყოფილია. მეტიც, სამოქალაქო კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თუ პირმა რამე მიზეზით გადახდის უნარი დაკარგა, მაგალითად, უმუშევრად დარჩა ან ავად გახდა, ბანკს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისგან ვალის სრულად დაფარვა. ხშირად ბანკი ასეც იქცევა, გარემოებებს არ ითვალისწინებს, მსესხებლისგან ვალის დაფარვას დაუყოვნებლივ ითხოვს და თუ ეს ვერ ხერხდება, ვალში ჩადებულ უძრავ ქონებას ყიდის. კომერციული ბანკები ამ მუხლს საკმაოდ ხშირად იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ. ევროპაში კი ცდილობენ, მსხესხებელს დაეხმარონ მძიმე ფინანსური ვითარებიდან გამოსავლის მოძებნაში. დამატებით სესხსაც კი გასცემენ, ანუ ხდება ვალის რეფინანსირება.
როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევა, საქართველო ვალდებული იქნება, 300-ზე მეტი კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას შეუსაბამოს. იმედი მაქვს, ამ მოთხოვნებს ეროვნული ბანკიც გაითვალისწინებს და კომერციული ბანკების მარეგულირებელი მექანიზმებიც ევროპულის შესაბამისი გახდება".