არაჟნით ჩანაცვლებული მაიონეზი, პიცა კეტჩუპისა და მაიონეზის გარეშე, კომპოტი - ეს იმ საკვები პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში ხვდებათ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა სკოლის სასადილოებში, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტროს მიერ ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა.
მშობლების განცხადებით, რამდენიმე სკოლაში პროდუქტებზე ფასის მატება შეინიშნება. მაგალითად, თუ ზოგიერთ სკოლაში ნატურალური წვენი 1 ლარი ღირდა, მიმდინარე სასწავლო წელს 1.80 ლარი ღირს; ზოგიერთ სკოლაში კი 50 თეთრით მოიმატა ფუნთუშის ფასმა და 1 ლარი გახდა. თუმცა მშობლები იმასაც აცხადებენ, რომ ფუნთუშა მცირედით ზომაშიც გაზრდილია.
ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლებში ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ ფასები არ შეცვლილა და სასადილოებში საკვები პროდუქტები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია.
ამასთან, მათი თქმით, “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ განათლების მინისტრის ბრძანებით, აკრძალული პროდუქტები სკოლებში აღარ იყიდება და ისინი სხვა საკვებით ჩაანაცვლეს.
„წვნიანები, სალათები, ნატურალური წვენები, კომპოტი, ცომეული - ძირითადად ამ პროდუქტებს ვთავაზობთ მოსწავლეებს. მაიონეზს აღარ ვიყენებთ და რიგ საჭმელში არაჟნით ჩავანაცვლეთ. გვაქვს ასევე პიცა, რომელიც მაიონეზის გარეშეა და ზემოდან არაფერი აქვს მოსხმული. „ლანჩ ბოქსებიც“ შემოვიღეთ, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს და ბავშვები ხშირად ვერ ყიდულობენ. მათი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც ცომეულზეა. სალათების ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდეა, მაგრამ მოთხოვნა ნაკლებადაა. ბუფეტში, რისი გაყიდვაც აიკრძალა, აღარაფერს ვყიდით. თუმცა ეს აკრძალული პროდუქცია სკოლის წინ, რამდენიმე ნაბიჯში იყიდება. მაგალითად, 51-ე სკოლის წინ არის მოძრავი ობიექტი, სადაც მაიონეზიანი ჰოთდოგი, სოსისები და სხვა საკვები იყიდება, რაც არასწორად მიგვაჩნია“, - აღნიშნავს შპს „ჯანსაღი კვების“ დირექტორი ჟანა გაგუა.
ინდმეწარმე ლარისა ფარცხავა კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად სკოლებში აკრძალვისა, ბავშვები გაზიან სასმელებს, ჩიფსებს და მსგავს პროდუქტებს სკოლის გარეთ ყიდულობენ და შენობაში შეაქვთ.
„აკრძალული რაცაა ყველაფერი ამოვიღეთ და სხვა პროდუქტებით ჩავანცვლეთ. დღეს მოსწავლეებს ვთავაზობთ: ლობიანს, ფუნთუშებს, ღვეზელს, სალათებს, სოსისებს, ხილის ასორტს, ნატურალურ წვენებს, კომპოტებს და ა.შ. ყველაფერი მაიონეზის გარეშე გვაქვს. ასევე ვამზადებთ „ლანჩ ბოქსებს“, რომლის ღირებულებაც 3.5-4 ლარია, მაგრამ ბავშვებს მისი შეძენის საშუალება არ აქვთ, ამიტომ 1-2 თუ იყიდება და ძირითადად, პედაგოგები თუ ყიდულობენ. ამასთან, ბავშვები გაზიან სასმელებს, ჩიფსებს და მსგავს პროდუქტებს სკოლის გარეთ ჩვეულებრივ ყიდულობენ და შენობაში შეაქვთ.
ზოგიერთი სკოლა არ უშვებს ბავშვებს სკოლის გარეთ, მაგრამ ზოგი უშვებს. 63-ე სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა სკოლის გარეთ გადის და იქ ყიდულობს იმ საკვებს, რაც ბუფეტში აკრძალულია. უკვე ვფიქრობ, ამ საქმიანობას საერთოდ თავი დავანებო,“-აღნიშნავს ფარცხავა.
სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა განათლების მინისტრის 5 მაისის ბრძანებით აიკრძალა. ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას იკრძალება - საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდება. განათლების სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს ცნობით, ამ ეტაპზე აკრძალული პროდუქტების გაყიდვის ფაქტი არცერთ სკოლაში გამოვლენილა.