2010-2017 წლებში „სითი პარკის“ მიერ თბილისის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების სულ 304 ფაქტი ფიქსირდება.
აქედან 9 შემთხვევაში შპს „სითი პარკმა“ ავტომობილის ევაკუირება და სადგომზე გადაყვანა მოახდინა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
დაჯარიმების მიზეზებს რაც შეეხება, 263 ფაქტი არასწორ პარკირებაზე მოდის; 27 - პარკირების საფასურის გადაუხდელობაზე; ხოლო 16 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილას დგომაზე.
შშმ პირებისათვის განკუთვნილ ადგილას პარკირების გამო დაჯარიმებული ავტომობილები საკრებულოს წევრების - გიორგი ტყემალაძის, გოჩა ბაბუნაშვილის, მამუკა ახვლედიანის, ვლადიმერ ძნელაძის და თამარ ტალიაშვილის სარგებლობაშია.
„საკრებულოს ავტომობილებზე გამოწერილი ჯამში 3,040 ლარის ოდენობის 304 ჯარიმიდან დღემდე გადაუხდელია - 80 ჯარიმა, 51 ჯარიმის შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდის ვადის დაუცველობის გამო ავტომობილზე დაკისრებულია საურავები (საურავი 150 ლარის ოდენობით - ჯამში 7,650 ლარი), რომელთაგან 41 დღეის მდგომარეობით ასევე გადაუხდელია.
ჯარიმების დეტალური ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზეც კი მოუწესრიგებელია. კერძოდ, საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი 263 ჯარიმიდან ნახევარი (131) სწორედ ამ ქუჩაზე ფიქსირდება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
საკრებულოს განმარტებით, „სითი პარკის“ მიერ დაკისრებულ ჯარიმებს თავად მძღოლები იხდიან და აღნიშნულზე საკრებულოს ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება. საკრებულო მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილ ვიდეო ჯარიმებსაც არ აღრიცხავს, რადგან ჯარიმების საფასურს თავად მძღოლები იხდიან.
IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2017 წლის 7 ივნისით რიცხულ ავტომობილებს შეეხება. ამ ავტომობილების დაჯარიმების შესახებ მონაცემების სრულყოფილადაა წარმოდგენილი 2014 წლიდან დღემდე პერიოდისათვის, ხოლო 2010-2013 წლების მონაცემები სრულად არ არის ასახული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დაჯარიმების რიცხობრივი მაჩვენებელი რეალურად წარმოდგენილ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.