საქართველოში არც ისე ბევრია მსხვილი საწარმო, რომელიც პროდუქციას ქმნის და ექსპორტზე გააქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ყველაზე მსხვილი კომპანიები - „სოკარი“, „გალფი“ და „ვისოლი“ ნავთობის იმპორტით არიან დაკავებული, ასევე მსხვილი კომპანიებია „სოკარ გაზი“ და „საქართველოს რკინიგზა“, თუმცა ისინი საკუთარ ნედლეულს არ აწარმოებენ. ბრუნვის, მოგების და საექსპორტო პოტენციალის მიხედვით საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი საწარმოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
„ჯორჯიან მანგანეზი“
„ჯორჯიან მანგანეზი“ - ყოფილი „ჭიათურმანგანუმი“ - ქალაქ ჭიათურაში მდებარეობს. მისი მფლობელია G.M. Georgian Manganese Holding Limited, რომელიც კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიაა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვებას და გადამუშავებას ახორციელებს ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში. 2006 წლიდან ამ კომპანიის საკუთრებაში შევიდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაშია ასევე „ჭიათურმანგანუმი“ და „ვარციხეჰესიც“.რუსთავის „აზოტი“
ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო „აზოტი“ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში. გადაწყვეტილება რუსთავის „აზოტის“ ამოქმედების შესახებ მიიღეს მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის - კოქსის აირის არსებობის გამო - 1947 წელს. 1956 წლის 27 თებერვალს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, საწარმოში მიიღეს პირველი ამიაკი. სწორედ ეს თარიღია მიჩნეული საწარმოს დაბადების დღედ. 1991 წლის თებერვალში „აზოტმა“ კოსმეტიკური პროდუქციაც გამოუშვა. დღეისთვის, რუსთავის „აზოტი“ სიდიდით ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა საქართველოში.„ჯი-ემ-პი“
„პე ეს პე“ და „ჯიპისი“ - ორივე გამოცდილი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. ამ დროისთვის მათ ქსელში ათასობით თანამშრომელია დასაქმებული. რაც მთავარია, ისინი შემოტანილი კომპონენტების გამოყენებით ამზადებენ ფარმაცევტულ პროდუქციას, რომელიც მერე ექსპორტზე გადის. სწორედ „პე-ეს-პე ჯგუფის“ მიერ შეიქმნა ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი“ - ეს არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელ ჩვენს რეგიონში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს მედიკამენტებს. ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის კომპანია სხვადასხვა წამყვან ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობს. კომპანია ახორციელებს 100-მდე დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი, უკრაინა და ლიბია.„ჰაიდელბერგი საქართველო“
გერმანული ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ 1850 წელს დაარსდა. ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც საბეჭდი დანადგარების წარმოებას უზრუნველყოფს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ქ. ჰაიდელბერგში, გერმანიაში. კომპანიას მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისი აქვს გახსნილი. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან, დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით. 2001 წელს, საქართველოშიც გაიხსნა „ჰაიდელბერგის წარმომადგენლობა“, ხოლო 2009 წელს ჩამოყალიბდა „შპს ჰაიდელბერგ ჯორჯია“. ამ საწარმოს ძალისხმევით საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.„რუსთავის ფოლადი“
2011 წელს შეიქმნა შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები შეიძინა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეტალურგიული წარმოებაა მთელ კავკასიაში. ქარხანა 1948 წელს დაარსდა და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო, რომელიც ამზადებდა ფოლადს, თუჯის, ალუმინისა და რკინის სხვადასხვა კონსტრუქციებს. ქარხანა დღემდე წარმატებით მუშაობს და მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელთა შორისაა: არმატურა, ლითონკონსტრუქციები, მექანიკური დეტალები, სილიკომანგანუმი და სხვ...დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, რუსეთის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, ასევე - მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.
ხათუნა ჩიგოგიძე