ლარის გაუფასურების კვალდაკვალ კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხე დიდია.
ლარის გაუფასურება და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა ტარიფების გაძვირების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცნობილია, რომ დენის გადასახადი 2,40-ზეა დათვლილი, კურსი კი უკვე 2,55-ის ფარგლებშია. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, წლის ბოლოს 2,60-საც მიაღწევს. ენერგეტიკოსები გვაიმედებენ, რომ ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ რა მოხდება მაღალი კურსის პირობებში, ამაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს.
საქართველოს ენერგეტქიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას ტარიფის შესახებ გაანგარიშება დაახლოებით იმ პერიოდში უწევს, როცა კურსი ტრადიციულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ შარშან, როცა ასე მაღალი იყო ტარიფი, თბოელექტროსადგურებს წარმოების ტარიფი გაეზარდათ. ამჯერად არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება სემეკ-მა სადისტრიბუციო კომპანიების გარეშე მიიღოს. როგორც ვიცით, პარალელურად იმპორტირებული და საბალანსო ელექტროენერგიის ფასიც გაზრდილია.
იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, გაზი რეგიონებში უკვე გაძვირდა.
მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ თუკი ელექტროენერგიის გადასახადს გააძვირებენ, შემდეგი აუცილებლად იქნება წყლის ტარიფი. საამისოდ კომპანიები ყველა შესაძლო ღონეს გამოიყენებენ.
"მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს. 2,50 საკონტროლო ციფრადაა აღებული, მცირე სხვაობა, გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით რეალურად ვერაფერს შეცვლის. კურსი 2,56-მდეც რომ იყოს, არ მოხდება გადასახადის ზრდა, მაგრამ 2,60-ის ფარგლებში უკვე საეჭვო გახდება სემეკ-ის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრობლემა გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. წინასწარ თქმა მიჭირს.
არ ვფიქრობ, რომ ლარს რამე კატასტროფა ემუქრება. გაზის შემთხვევაში კურსმა გადასახადზე საგრძნობლად იმოქმედა, მაგრამ დენის ტარიფზე ცვლილებას ნაკლებად ველოდები.
ელექტროენერგია ჩვენ საკმაოდ ნორმალურ ფასად შემოგვაქვს, არ მგონია, კურსმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს", - ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე და აქვე დასძენს, რომ გამოუვალ სიტუაციაში, ტარიფის მცირე ცვლილება მოსალოდნელია.
"ტარიფის ზრდა შეიძლება, მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში დავუშვათ, როცა სხვა გამოსავალი არ მოიძებნება. ამ შემთხვევაში შეეცდებიან, ტარიფი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს, რათა მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე მტკივნეულად არ აისახოს. თუკი ცვლილება გარდაუვალი გახდა, ალბათ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებენ. საფეხურებრივი ტარიფი ამ მიზნით გაკეთდა, რომ საზოგადოების მოწყვლად ფენას გაეწიოს ანგარიში და მოსახლეობა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს", - განუცხადა "რეზონანსს" არაბიძემ.
გადასახადის ზრდით სინამდვილეში დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა. ტარიფების ცვლილება მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობასაც მკვეთრად შეარყევს. ასე ფიქრობს ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე, რომელიც ბიზნესს მოუწოდებს, რომ საკუთარი მოგების ხარჯზე არ გაწიროს მოსახლეობა, რომელიც მიმდინარე ხარჯსაც ვერ უმკლავდება.
"ჩემი ვარაუდით, კომუნალურ ტარიფებს კიდევ გააძვირებენ. ეს მოხდება დაახლოებით ნოემბრის მეორე ნახევრიდან, როცა საარჩევნო ციებ-ცხელება ჩაივლის, შედეგები გამოცხადებული იქნება და ორწლიანი პერიოდი ექნება მთავრობას, რომ რაღაც გააკეთოს.
ბუნებრივია, რომ კომუნალური გადასახადის მატება საშუალოზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. ასეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი შეზღუდულია ან აქვს მინიმალური შემოსავალი, მის დიდ ნაწილს კვებას, კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებს ახმარენ. როცა ამ ხარჯის ერთ-ერთი მდგენელი მატულობს (ამ შემთხვევაში კომუნალური ტარიფი), არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც შეიძლება გაუჭირდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესს, რომ შეჩერების რაღაც მექანიზმი გამოიყენოს და არ გააძვიროს გადასახადი, რაც დიდ ტვირთად დააწვება ხალხს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა აროშიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"