ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მიტროპილიტი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შიო მუჯირი 2010 წელს რეგისტრირებული წმინდა ალექსანდრე შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორია. სკოლა გიმზანია საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული. 2015 წელს კი გიმნაზია ბიზნესოპერატორად დარეგისტრირდა და მის საქმიანობად მითითებულია - ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ცხოველური წარმოშობის ნახევარფაბრიკატები, კვერცხი, უალკოჰოლო სასმელები, მინერალური წყალი თუ სხვა პროდუქტები.
ასევე რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი; ფონდი 2010 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა, რეესტრის ამონაწერში მისი საქმიანობა არ არის მითითებული.
ამასთან, რეესტრის მონაცემების თანახმად, მიტროპოლიტმა 2008 წლის ივნისში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, კერძოდ, სენაკში, სოფელ თეკლათში მდებარე 402 000 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. აღნიშნული ქონება იმავე წლის ივლისში მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩუქების სახით გადასცა.
2015 წლის მაისში მის სახელზეა რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულება სენაკში მდებარე 596 კვ. მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) ნაკვეთზე. ამასთან, 2011 წელს „საქართველოს ფოსტისგან“ იჯარით ჰქონდა აღებული, სენაკში რუსთაველის ქუჩაზე N 255-ში მდებარე შენობის 1 სართულზე განთავსებული 17 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 3 წლის ვადით იყო გაფორმებული, მიტროპოლიტს ყოველთვიურად 211 ლარი უნდა გადაეხადა.
გარდა ამისა, რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მონაწილეობდა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ჩხოროწყუსა და სენაკში მდებარე სხვადასხვა ქონებების ჩუქების თუ შეწირვის სახით გადაცემაში.
მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 48 წლისაა. ის დაიბადა თბილისში, 1969 წლის პირველ თებერვალს. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არის 39 ტაძარი, (20 მოქმედი, 10 მშენებარე და 6 აღდგენილი) მათ შორის 3 მონასტერი.