ცნობილი კინორეჟისორის, სცენარისტის, მუსიკოსისა და პროდიუსერის დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში წარმატებით დასრულდა.
ლინჩის ვიზიტი დაკავშირებული იყო ”დევიდ ლინჩის ფონდის” კავკასიის ფილიალის საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის ივლისში თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. თუმცა რეჟისორისა და მისი დელეგაციის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან შეხვედრების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მისი სახელობის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტიც გაიხსნება.
ვიზიტის შედეგების, სამომავლო გეგმებისა და საქართველოზე შთაბეჭდილებების შესახებ დევიდ ლინჩის ბიზნეს მრჩეველს სტივენ ჩანინს ვესაუბრეთ.
”ჩვენი ვიზიტი მართლაც ფანტასტიურია. ძალიან მომეწონა ქვეყანა. ვიზიტის ფარგლებში ბევრ ადამიანთან მოგვიწია შეხვედრა და მივხვდი, რომ აქ საოცარი ხალხი ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგადად, ბევრს ვმოგზაურობთ და ბევრ ქვეყანას, ბევრ ეროვნებას ვიცნობთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები მართლაც გამორჩეულები არიან. საოცრად მშვიდი და ინტელექტუალური ერია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი პირველი ემოციები საქართველოსთან დაკავშირებით მართლაც დავუწყარია,” - ამბობს ჩანინი.
რა მიზნით ეწვია დევიდ ლინჩის დელეგაცია საქართველოს?
ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ”დევიდ ლინჩის ფონდის” განვითარებას, რომელიც ტრანსცენდენტალურ მედიტაციას ავითარებს. თუმცა ჩვენი ვიზიტის კულმინაცია აღმოჩნდა პროექტი, რომელიც საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის შექმნას გულისხმობს. იმედს ვიტოვებთ, რომ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კინოს ფესტივალსაც ჩავატარებთ. შევხვდით სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. ეს შეხვედრები საკმაოდ პოზიტიურად დამთავრდა. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ჩვენი პროექტი წარმატებული იქნება.დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში უნვერსიტეტის გასახსნელად დავბრუნდე.
როგორი იქნება უნივერსიტეტის კონცეფცია?
უნივერსიტეტში მხოლოდ კინოსა და ტელევიზიის შესახებ არ იქნება სწავლება. სტუდენტების დამატებითი სარგებელი იქნება ის, რომ ტრანსცენდენტალურ მედიტაციას ისწავლიან, რაც მათ შემოქმედებითობას გაზრდის. ეს იქნება უნივერსიტეტის ფუნქციონირების მთავარი პრინციპი. ამ უნივერსიტეტში სასწავლებლად საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ეწვევიან სტუდენტები, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მსოფლიოს ყურადღების მიქცევას შეძლებს. დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა ბევრ ქვეყანაშია დაგეგმილი, მაგრამ დევიდმა პირველ ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩია.როდის იგეგმება დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში?
უნივერსიტეტის გახსნა მარტივი ნამდვილად არაა. წინ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. უნივერსიტეტის შექმნის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობის მხრიდან ახლა მივიღეთ. ამ ეტაპზე დროში განსაზღვრული გეგმა არ გვაქვს. თუმცა ჩვენ გვეყოლება წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად გაკეთდეს.როგორ შეაფასებთ ”დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის” საქმიანობას?
ფონდი ვეტერანებზე, უსახლკაროებზე, პატიმარ მამაკაცებზე და სხვა რისკ ჯგუფებისთვის ტრანსცენდენტული მედიტაციით სტრესის მოხსნაზეა ორიენტირებული. კავკასიის ოფისი ძალიან აქტიურია, რაც მაბედნიერებს. ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ საქმეში ახალგაზრდა ადამიანები არიან ჩართული. ჩვენი ვიზიტიც ამ ფონდის მიერ არის ორგანიზებული.რა არის ტრანსცენდენტული მედიტაცია და რა სარგებელი მოაქვს მას?
ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა აშშ-სა და სხვა უამრავ ქვეყანაში გააცნობიერეს, რომ მათი საქმიანობის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამშრომლების ბედნიერებაზე. სტრესში მყოფი ადამიანის შემოქმედებითობა და შრომისუნარიანობა მნიშვნელოვანდ ქვეითდება. ამის კარგი მაგალითია ტექნოლოგიური გიგანტი ”გუგლი”. ყველამ იცის, როგორი გარემოა შექმნილი ”გუგლის” ოფისში. მათ აქვთ შემოქმედებითი კუთხეები, სადაც თანამშრომლები მედიტაციას, იოგას და სტრესის მოხსნის სხვა ტექნიკებს უთმობენ დროს. შედეგად ისინი უფრო კრეატიულები და წარმატებულები არიან. სწორედ ეს არის ”გუგლის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. თითქოს ბიზნესი სულ სხვა რაღაც არის და მედიტაციასთან კავშირი არ აქვს. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. რეალურად ბიზნესი უფრო წარმატებული და მომგებიანია, როცა თანამშრომლები დასვენებულები არიან და სტრესის ქვეშ არ უწევთ მუშაობა.სტრესის მოხსნის ბევრი ტექნიკა არსებობს, თუმცა ტრანსცენდენტული მედიტაცია საუკეთესოა. მას არაფერი აქვს საერთო ცხოვრების სტილთან, რელიგიასთან. ეს არის უბრალოდ მარტივი ტექნიკა, რომელიც სტრესის მოშორებაში გეხმარება. შედეგად უფრო ჯანმრთელი, უფრო შემოქმედებითი ხარ და დაბრკოლებებსაც უფრო მარტივად უმკლავდები. ჩვენ მის პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს, რაც საბოლოოდ ბიზნესის კეთიდღეობაზეც აისახება.
მე, პირადად, ტრანსცენდენტული მედიტაციით 1976 წელს დავინტერესდი. მაშინ Citi Bank-ში ნიუ იორკში ვმუშაობდი და ძალიან სტრესული სამსახური მქონდა. მეგობრებმა სტრესის მოსახსნელად ტრანსცენდენტული მედიტაცია მირჩიეს და მეც ყოველდღიურად მივმართავდი მას. სწორედ ამან განაპირობა ჩემი წარმატება ასეთ სტრესულ სამსახურში.
ზოგადად, წარმატების მიღწევა ორ შემთხვევაშია შესაძლებელი. პირველ რიგში უნდა გიყვარდეს და მოგწონდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, რაც რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. ადამიანებს ხშირად ოჯახის წინაშე არსებული პასუხისმგებობისა და სხვა მიზეზების გამო მათთვის არასასურველი საქმის კეთება უწევთ. ამ დროს სტრესს, რომელსაც არასაუსრველი საქმის კეთება იწვევს, ტრანსცენდენტული მედიტაციის საშუალებით მოიშორებთ და წარმატების მიღწევასაც შეძლებთ. მისი დახმარებით შეძლებთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, იფიქროთ უფრო კრეატიულად და მეტი შემოსავალი მიიღოთ.
როგორც ბიზნეს კონსულტანტი, როგორ ფიქრობთ, რომელი სფეროებია პერსპექტიული საქართველოში ბიზნესის საკეთებლად?
ქართულ ღვინოს მსოფლიოში ყველა იცნობს. ქვეყანამ მეღვინეობაზე დიდი აქცენტი უნდა გააკეთოს. ზოგადად, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, აშშ-სთვის, საინტერესოს ხდის. ამიტომ მსოფლიოს ინტერესი, რომ საქართველო წარმატებული და უსაფრთხო ქვეყანა იყოს, საკმაოდ დიდია. საქართველოში დიდი ინვეტსიცია უნდა ჩაიდოს. მოხარულები ვართ, რომ ამაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი. დევიდ ლინჩის უნივერსიტეტი დაეხმარება ქვეყანას, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს.