გასული წელი დოლარისთვის ბოლო ათწლეულში ყველაზე რთული გამოდგა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრის სტრატეგები თვლიან, რომ ამერიკულ ვალუტას ოპტიმიზმის საფუძველი არც მომავალი წლისთვის უნდა ჰქონდეს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან წყვილში აპირებს პოზიციების დათმობას.
რა თქმა უნდა, ძირითად მამოძრავებელ ძალად ისევ ფედრეზერვის მონეტარული პოლიტიკა რჩება, რომელიც მეტნაკლებად გარკვეულია, თუმცა ბაზარზე ამინდს ბევრი სხვა გარემოებაც აყალიბებს და სწორედ მათი ზემოქმედებით ყალიბდება ესა თუ ის ტრენდი. რა თქმა უნდა, ამ საქმის სტრატეგთა მოსაზრებები განსხვავებულია.
“ბლუმბერგმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც სავალუტო ბაზრის სტრატეგები, სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებით, დოლარის პერსპექტივებზე საუბრობენ.
იენი
ამჟამად 1 დოლარი 113.19 იენის ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი - 112 იენი.
ტორონტოს „დომინიონ ბანკის“ ჩრდილოამერიკული ოპერაციების, ფორექსის სტრატეგიების განყოფილების შეფი, მარკ მაკორმიკი თვლის, რომ სავარაუდოდ იაპონიის ბანკი შემდეგია (ფედრეზერვის შემდეგ), რომელიც მონეტარულ პოლიტიკას შეცვლის. მისი მოსაზრებით, დოლარი-იენის კურსი 115-სა და 100-ს შორის იმოძრავებს.
„ბერკლიზის“ სავალუტო გაცვლების სტრატეგი, ხუან პრადა მოელის, რომ ინფლაციის ზრდის კვალობაზე, იენი გამყარებას დაიწყებს. იაპონიის ბანკი თავის მონეტარულ პოლიტიკას 2018 წლის მეორე ნახევარში შეცვლის. პრადა ფიქრობს, რომ დოლარი-იენის კურსი მომავალი წლის ბოლოსთვის 105 იენის ფარგლებში იქნება.
განსხვავებული მოსაზრება აქვს „კრედიტ აგრიკოლის“ ანალიტიკოსს, ვასილი სერებრიაკოვს, ვინც თვლის, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გლობალურ ციკლებს ჩამორჩება ხოლმე. ამ მოსაზრებას იზიარებს „ველს ფარგოს“ ანალიტიკოსი, ნიკ ბენენბროეკი, ვინც ამბობს, რომ იაპონიის ბანკი, სხვა ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის შეცვლის შემდეგ იწყებს ხოლმე მოქმედებას. ეს კი ნიშნავს, რომ იენს გამყარების რეალური საფუძელი არ ექნება.
ევრო
ამჟამად 1 ევროს ფასი 1.1863 დოლარის სიახლოვესაა. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 1.21 დოლარია
ზოგად სურათში ყველაზე უკეთ ევროპა გამოიყურება, რომელსაც მოსდევს ჩრდილოეთ ამერიკა და შემდეგ აზია. ანალიტიკოსების აზრით, 2018 წლის მეორე ნახევარში ერთი ევროს ფასი 1.23 დოლარს მიაღწევს. მის პოზიციას ის გარემოება განსაზღვრავს, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) თავისი რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამის შეკვეცა დაიწყო, რასაც ევროზონაში ეკონომიკის გაჯანსაღება განაპირობებს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამყარების ფაქტორი, ინვესტორების ქმედებებზე მომავალი წლის მეორე ნახევარიდან აისახება.
კანადური კომერციული სამეფო ბანკის მაკრო სტრატეგი, ბიპან რაი ფიქრობს, რომ ევრო ე. წ. პროციკლური ვალუტაა. ამასთან, ევროპის ეკონომიკის ახლანდელი ციკლი, წინა ციკლების საშუალო ხანგრძლივობაზე მოკლეა. ამავდროულად, ამერიკული ციკლი უფრო ჩამოყალიბებულია. მისი აზრით, ECB ზაფხულის შემდეგ იქნება მზად პოლიტიკის შესაცვლელად. QE-ს მოქმედი პროგრამა სექტემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, მისი შეკვეცა დაიწყება. ეს პროცესი კი 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი, ევროს გამყარებას დაუჭერს მხარს. რაი მოელის, რომ 2018 წლის ბოლოს ერთი ევრო 1.25 დოლარის ფარგლებში ეღირება.
სკანდინავიური ვალუტები
ამჟამად 1 ევრო 9.8997 შვედური კრონას ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 9.30 კრონაა.1 ევრო 9.8524 ნორვეგიული კრონის ფარგლებშია. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 9.20 კრონია.
ცნობისათვის, შვედური კრონა იმ კალათაშია, რომელთან შეწონილი კურსიც დოლარის ინდექსს განსაზღვრავს.
„ბერკლიზის“ წარმომომადგენელი, ხუან პრადა თვლის, რომ დოლართან მიმართებით ყველაზე კარგ პოზიციაში შესაძლოა ევროპული სატელიტი ვალუტები - შვედური კრონა და ნორვეგიული კრონი აღმოჩნდეს. ის ამბობს, რომ სკანდინავიური ვალუტები ევროზე ადრეული ციკლური ცვლილებით გამოირჩევა.
HSBC-ს სავალუტო ბაზრის სტრატეგს, დარაგ მაჰერს მიაჩნია, რომ შვედურ კრონაზე არსებული უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი და მაღალი ბალანსი არ შეესაბამება იმ პროგნოზს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს დაახლოებით 2 პროცენტით გაიზრდება. მსგავსი ვითარებაა ნორვეგიასთან დაკავშირებით, რომლის ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა, ნაკლებად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც აშკარად არაა სუსტი.
კანადური დოლარი
ამჟამად 1 ამერიკული დოლარი 1.2691 კანადური დოლარი ღირს. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 1.23 კანადური დოლარია.„ველს ფარგოს“ ნიკ ბენენბროეკს მიაჩნია, რომ კანადის ბანკი მომავალ წელს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება. ამ ქვეყნის ეკონომიკა მყარად ვითარდება. შესაძლოა, ინფლაციის ზრდის ტემპი ოდნავ მაღალია, თუმცა აქ ძლიერ გავლენას ნავთობის მზარდი ფასი ასრულებს, რომელიც უკვე 60 დოლარის ფარგლებშია. მისი ვარაუდით, 12 თვეში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 1.18 კანადურ დოლარამდე დაიწევს.
კანადური ვალუტის გამყარებას მოელის „კრედიტ სუისის“ ფორექსის სტრატეგი, ალვის მარინოც. მისი აზრით, ორი ჩრდილოამერიკული ვალუტის წყვილის ფასი 1.20 დოლარამდე დაიკლებს. ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომლებიც კანადური ვალუტის სიმყარეს განსაზღვრავს. მათ შორისაა ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაგრძელება, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მომგებიანობა.
თუმცა, ტიერი ვიზმანი „მაკქუეირ ბანკიდან“ უფრო ფრთხილ პროგნოზს აკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ ნავთობის ფასის ზრდის გარდა, კანადურ დოლარს სტრუქტურული ფაქტორები ნაკლებად უწყობს ხელს. მხოლოდ ნავთობის ფასზე დამოკიდებულება კი მყარ გარანტიას ვერ ქმნის.
ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარები
ავსტრალიური ამჟამად 0.7727 დოლარი ღირს, მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 0.80 დოლარია.ახალზელანდიური ამჟამად 0.7038 დოლარი ღირს, მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 0.72 დოლარია.
დარაგ მაჰერის HSBC-დან ამბობს, რომ ამ ორ შორეულ ქვეყანას, ექსტრემალური მონეტარული პოლიტიკა აღარ სჭირდება. იზრდება მათი შრომის ბაზარი, საცალო ფასები და შესაბამისად, ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკი რბილი პოლიტიკის შეცვლას დაიწყებს. ის ამბობს, რომ ნორმალზაციის დასაწყებად, ყველა საჭირო ფაქტორი სახეზეა. ეს კი შესაბამისი ვალუტების გამყარების წინაპირობა გახდება.
კანადური კომერციული სამეფო ბანკის „ბიპან რაის“ თქმით, ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ავსტრალიის სამეფო ბანკი ახლავე დაიწყებს ოზიზე საპროცენტო განაკვეთის აწევას. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ოზის ფასი ამერიკულ დოლართან 0.85-ს მიაღწევს. ეს კი წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდს.
მერაბ ლორთქიფანიძე