თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობით დაინტერესებული რუსული კომპანია „ნიკარემსტროი“ ტენდერებიდან დისკვალიფიცირდა.
ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია „ნიკარემსტროიმ“ კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა.
რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენდა.
თუმცა ორივე შემთხვევაში „ნიკარემსტროი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.
მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე „ნიკარემსტროის“ კონკურენტი კომპანია „ენსისია“, მან მერიას მშენებლობა 4 177 999 ლარად შესთავაზა. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობის ტენდერში კი „ნიკარემსტროის“ კონკურენტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 060 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ისევ რუსულ კომპანია „ნიკარემსტროის“, მისი ფილიალი საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. კომპანიას, რეესტრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მალხაზ ლომსაძე ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ შპს "ნიკარემსტროის საქართველოს ფილიალი" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „შავ სიაშიც“ კი იყო შეყვანილი.
მას შემდეგ, რაც ორივე ლოკაციაზე ესტაკადის მშენებლობის სურვილი ამ კომპანიამ გამოთქვა, ხელისუფლების ოპონენტებმა ეს ფაქტი გააკრიტიკეს. მეტიც, ოპოზიციამ დედაქალაქის მერიას მოსთხოვა კიდეც, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის საქმიანობა კარგად შეესწავლა. ოპონენტების საპასუხოდ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ტენდერში რუსული კომპანიის მონაწილეობა პრობლემა არ იყო.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლების სახელები სხვა პროექტებში სატენდერო პირობების დარღვევაში ფიგურირებენ, კალაძემ უპასუხა, რომ ტენდერში არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირი მონაწილეობს და არ ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იქნება.
„არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება „შავ სიას“, როგორც კალაძემ განაცხადა, „შესაძლოა, კომპანია ადრე იყო „შავ სიაში“, მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ახლაც „შავ სიაშია“, ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა კალაძემ.
ელზა წიკლაური