იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს ახორციელებს.
ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი გულისხმობს კონკრეტულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორიის შექმნას, რომელიც მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და ა.შ.
არქივირების მასშტაბური პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა: ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის წარმოება სწრაფად და ხარისხიანად, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მისი გასწორება, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვ.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია საჯარო რეესტრის 35-მდე სარეგისტრაციო სამსახურის დოკუმენტაციის დაარქივება. დასაარქივებელია 29 რაიონის მონაცემები.
აღნიშნულ პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 50-მდე ადამიანი დაასაქმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება.
დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.
არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ (როგორიცაა ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა).