ხობში ასანთის ქარხნის ნაცვლად, დაფნის ქარხანა აშენდება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება.
როგორც ბიზნესმენმა თამაზ ბასილიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულებისკენ მიდის.
„ამჟამად ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. მაისში ქარხანა გაიხსნება. გახსნიდან ერთ თვეში კი დაფნა ექსპორტზე გავა. პროდუქცია, რომელსაც აქ ვაწარმოებთ, მთლიანად საექსპორტო იქნება. რაც შეეხება ბაზრებს, თავდაპირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში გავიტანთ. შემდეგ ISO სერტიფიკატს ავიღებთ და დაფნას ევროპის ქვეყნებშიც გავიტანთ. ექსპორტზე რა რაოდენობის პროდუქციას გავიტანთ, ჯერ არვიცი, მთავარია, რომ ქარხანა გაიხსნა. დაფნის წარმოებას უდიდესი პოტენციალი აქვს“, - აცხადებს ბასილია.
მისი თქმით, დაფნის ქარხნის აშენებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„ეს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უნდა განმეხორციელებინა, თუმცა არ დამაფინანსეს და საბოლოოდ ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. თანხა თავის დროზე რომ მოეცათ, ახლა წარმოება დიდი ხნის დასრულებული მექნებოდა“, - აღნიშნავს თამაზ ბასილია.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი თავდაპირველად ასანთის ქარხნის აშენებას გეგმავდა. 2015 წელს შპს ,,მარსმა”, რომელსაც ქარხანა უნდა აეშენებინა, აღნიშნული იდეით სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს მიმართა. მათ პროექტის განსახორციელებლად ხობში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში კომპანიას 2 მილიონ ლარამდე დაფინანსებაც უნდა მიეღო, თუმცა საბოლოოდ პროექტი არ შედგა.
თამაზ ბასილიას განმარტებით, კომერციულმა ბანკებმა პროექტი არამომგებიანად ჩათვალეს. ბიზნესსესხი არ მისცეს და ბიზნესმენს დაფნის ქარხნის წარმოება შესთავაზეს.
თეონა კენჭიაშვილი