გასულ წელს 1 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 194-მა გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი 2016 წლის მონაცემებს აღემატება.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2016 წელს ბიუჯეტში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა 1 108 გადამხდელის მხრიდან შევიდა.
ამასთან, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რომელი კომპანიები არიან საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი და მსხვილი გადამხდელები, თუმცა, სამსახურის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.
რაც შეეხება მაღალშემოსავლიანი კომპანიების რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ წლიურად 1 მილიონიდან 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი საქართველოში 6 715 გადამხდელს აქვს; 9 გადამხდელს აქვს 500 მილიონიდან 1 მილიარდი ლარის ფარგლებში შემოსავალი; ხოლო 1 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ 2 გადამხდელს უფიქსირდება.