2017 წლის 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის სამი ტოტალიზატორია. კერძოდ, ესენია: შპს „მარსი“ („კრისტალბეთი“); შპს „სუპერბეთი 2014“ ("ლიდერბეთი“) და „ჩემპიონები 111” („ევროპა ბეთი“).
როგორც, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის 3 ტოტალიზატორის არსებობა საკმაოდ საგანგაშოა. მისივე თქმით, ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარ ფინანსებს აზარტულ თამაშებში ხარჯავს.
„მუდმივად არის საუბარი, რომ ონლაინ აზარტული თამაშის კომპანიები საკმაოდ მაღალ შემოსავლებს იღებენ და საკმაოდ დიდ ბრუნვაზეა საუბარი, თუმცა, ბიუჯეტში ამის მხოლოდ მცირე ნაწილს იხდიან. აღნიშნული ონლაინ აზარტული თამაშის კომპანიები, გადასახადებს იხდიან, როგორც ჩვეულებრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოება, რაც არასწორია. მართალია, სფეროს რეგულირებისთვის კანონპროექტი მომზადებულია, მაგრამ აზარტული თამაშების კომპანიათა ლობირების თუ სხვა მიზეზით, ფაქტია, დღემდე ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ამ თვალსაზრისით, კვლავ საგანგაშო ვითარებაა,“-აღნიშნავს კაპანაძე.
საინტერესოა, რომ 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორის არ მოხვდა „აჭარაბეთი“, რომელიც კაპანაძის შეფასებით, საქართველოში ფაქტობრივად, ყველაზე აქტიურად მოხმარებადი და აზარტული თამაშების 1-ლი კომპანიაა.
„პოკერრუმების რეიტინგების შემსწავლელი კომპანიის მიერ დაახლოებით 6 თვის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში „აჭარაბეთი“ მსოფლიოს ონლაინ პოკერრუმების ათეულში იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კომპანიას საკმაოდ მაღალი ბრუნვა აქვს და ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ფაქტია, რომ ის ყველაზე მსხვილი კომპანიაა და უფრო მეტი ბრუნვა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამ სამ ტოტალიზატორს. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რატომ არ მოხვდა ის ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში, თუმცა, ხშირად, მსგავს ონლაინ აზარტულ კომპანიებს რამდენიმე „შპს“ აქვთ დარეგისტრირებული და სწორედ ამიტომ არ ჩანს ერთ კომპანიაზე დიდი ბრუნვა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს ფაქტთან გვქონდეს საქმე,“-აცხადებს კაპანაძე.
დეტალური ინფორმაცია - თუ რა თანხები ბრუნავს ამ სექტორში, ცნობილი არ არის. თუმცა, აზარტული თამაშების სექტორი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა 2006 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, დაახლოებით 134-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2006 წელს ბრუნვა - 30.1 მილიონი ლარი იყო; 2007 წელს - 64.9 მილიონი ლარი; 2008 წელს - 70.7 მილიონი ლარი; 2009-ში - 74.3 მილიონი ლარი; 2010 წელს - 112.7 მილიონი ლარი; 2011-ში - 366. 3 მილიონი ლარი; 2012 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ბრუნვამ - 996.0 მილიონი ლარი შეადგინა; 2013 წელს - 1 213.4 მილიონი ლარი; 2014-ში - 2 032.8 მილიონი ლარი; 2015 წელს ბრუნვამ - 3 890.8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს ეს ციფრი - 4 036.4 მილიონი ლარი იყო.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ცნობით, დღესდღეობით ონლაინ ტიპის თამაშებში 500 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მისივე თქმით, იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელიც ახლა გვაქვს, მინიმუმ, 200 მლნ ლარს ვკარგავთ ყოველწლიურად ბიუჯეტში. როგორც გოგიჩიაშვილმა „რეზონანსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, „ჩვენ რომ აზარტულ თამაშებთან მიმართებით სწორ პოლიტიკას ვატარებდეთ, წესით, ეს თანხა ბიუჯეტში უნდა შედიოდეს.“
ცნობისთვის, 2017 წლის 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის სია „საქსტატმა“ გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ეს კომპანიებია, „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“; სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“; „ენერგო-პრო ჯორჯია“; შპს „მარსი“; „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“; „სოკარ ჯორჯია გაზი“. ამასთან, კომპანიათა ათეულში არიან: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“; შპს „სუპერბეთი 2014“; „ჩემპიონები 111” და „ჯორჯიან მანგანეზი“.
რაც შეეხება „ლიდერბეთის“ (შპს „სუპერბეთი 2014“) , „ევროპაბეთისა“ („ჩემპიონები 111”) და „კრისტალბეთის“ (შპს „მარსი“) მფლობელებს, საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „სუპერბეთი 2014“-ის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ლიდერბეთია“. თავის მხრივ, შპს „ლიდერბეთის“ 40%-იან წილს ქართლოს დიასამიძე; 30-30%-იან წილებს კი ბესიკ ხოკერაშვილი და ზურაბ ჩხიტუნიძე ფლობენ. „ჩემპიონები 111“-ის 100%-იან წილს შვედეთში რეგისტრირებული Betsson Perch Investments AB-ი ფლობს; „მარსის“ 60%-ს ფლობს ლევან ახვლედიანი; 25%-იან წილს კნიაზ დასენი; 5-5-5%-იან წილებს კი გიორგი ჩხეიძე; კობა და ვანო გიგლემიანები ფლობენ.