სულ რაღაც 30 წლის წინ საქართველო ერთიანი საბჭოთა სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო, მისი ეკონომიკაც საბჭოთა ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, საბჭოთა კავშირის დანგრევას არაერთი დარგის დასუსტება და „გაქრობა“ მოჰყვა.
ასეთ დარგებზე ეკონომიკის დოქტორი - ირაკლი მაკალათია გვესაუბრება:
მეაბრეშუმეობა
საქართველოში აბრეშუმს ოდითგანვე აწარმოებდნენ, რადგან ეს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია. აბრეშუმის პარკის წარმოება და გადამუშავება ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებულ საქმედ იყო მიჩნეული. სამწუხაროდ, ჩვენში გავრცელებულმა თუთის დაავადებამ 15 მილიონზე მეტი ჯიშიანი მცენარე გაანადგურა. ამან, და სხვა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა ფაქტორებმა, ერთ დროს აყვავებული დარგის დეგრადირება გამოიწვია. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები აბრეშუმის წარმოებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის, ამიტომ, დარგის წარმომადგენლები მეაბრეშუმეობის აღდგენის იმედს დღემდე არ კარგავენ.მეჩაიეობა
ჩაის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დარგი იყო. ის განსაკუთრებით იყო განვითარებული დასავლეთ საქართველოში. ამ დარგში მილიონამდე ადამიანი იყო დასაქმებული. მემცენარეობიდან მიღებული შემოსავლის 49.3% და სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 10%, სწორედ ჩაიზე მოდიოდა. მისი მოცულობა მრეწველობის ხვედრით წილში 10%-ს აღემატებოდა. დღეს ეს დარგი მიზერულ შემოსავალს იძლევა და მისი პოტენციალის შესაბამისად არ არის განვითარებული.მანქანათმშენებლობა
მანქანათმშენებლობა ჩვენში ერთ-ერთი მოწინავე დარგი იყო, მაგრამ ის მთლიანად იყო მორგებული საბჭოთა კავშირის საწარმოო მოთხოვნებს. ამ დარგის ხსენებისას პირველ რიგში, ყველას ქუთაისის სააავტომობილო ქარხანა აგონდება, რომელიც სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა. ამ ავტომობილების ხარისხის კრიტიკა მისი წარმოებისთანავე დაიწყო, თუმცა, საწარმოში ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული ისევე, როგორც თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანაში, რომელიც მუდმივ ძაბვაზე მომუშავე ელმავლებს უშვებდა. ეს კომპანია მეტ-ნაკლებად დღესაც მუშაობს, მაგალითად: 2008 წელს შპს „ბელონის“ დაკვეთით სს „ელმავალმშენებელმა“ დააპროექტა და გამოუშვა ახალი ოთხღერძიანი ელმავალი 4E10I. ასევე, უკრაინის რკინიგზის შეკვეთით დაიწყო ახალი ВЛ11М/6 ელმავლების გამოშვება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ფოთის გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც წყალქვეშა ფრთიან კატერებს აწარმოებდა, ასევე ცნობილი საწარმო იყო კიროვის სახელობის თბილისის ჩარხმშენებელი ქარხანაც.მეტალურგია
ეს საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი წარმატებული დარგი იყო. მეტალურგიულ საწარმოებს შორის ყველაზე მსხვილი და გამორჩეული რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გახლდათ, რომელიც ფოლადს, თუჯს, უნაკერო მილებს, ალუმინს, რკინის კონსტრუქციებს და სხვა მასალებს ამზადებდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დღესაც განაგრძობს მუშაობს, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, რომელიც ამ საწარმოს საბჭოთა პერიოდში ჰქონდა.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა
საბჭოთა პერიოდის საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. აქ მოიპოვებოდა ქვანახშირი, მარგანეცი, ბარიტი, დარიშხანი და სხვა წიაღისეული. თანამედროვე პერიოდში სამთო-მოპოვებითმა მრეწველობამ დეგრადაცია განიცადა: ვერც წარმოება ვითარდება შესაბამის დონეზე და ეს დარგი სათანადო შრომის პირობებსაც ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით აუთვისებელია. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფო საქმიანობის ნებართვას გასცემს მხოლოდ ლიცენზიით, დროებით სარგებლობით, ფირმისთვის არამომგებიანი პირობებით, რაც აღნიშნული დარგის მიმართ ინტერესს ამცირებს. შესაბამისად, ინვესტორებიც ერიდებიან სარისკო ბიზნესში ფულის დაბანდებას და წარმოების დაწყებას.მსუბუქი მრეწველობა
თითქმის გამქრალი დარგია მსუბუქი მრეწველობაც. ამ დარგის მთავარი წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ: ქუთაისის მაუდის ფაბრიკა, სამტრედიის ბამბის სართავი ფაბრიკა, თბილისის ტრიკოტაჟის ფაბრიკა, თბილისის აბრეშუმის სართავი ფაბრიკა და სხვ. დღეს მაუდის წარმოება, საფეიქრო წარმოება და ტყავის წარმოება ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად გაჩერებულია. მსუბუქ მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი თავის დროზე უმუშევართა რიგებს შეუერთდა და საქმიანობა სულ სხვა სფეროში გააგრძელა.ხათუნა ჩიგოგიძე