გამოკითხული საწარმოების 10.4% (10,049 საწარმო) ახალი თანამშრომლების დაქირავებას აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.
რაც შეეხება ვაკანსიებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 5,651 საწარმოს სულ 18,868 ვაკანსია ჰქონდა, ხოლო გამოკითხვის მომენტისთვის უკვე 6,084 ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული.
ამასთან, კვლევის თანახმად, ახალი თანამშრომლების დაქირავების მხრივ ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებს წარმოადგენს: საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე პერსონალი, საზოგადოებრივი და მონათესავე მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები, ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკები, მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები, მძღოლები და მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები, მოდელები, გამყიდველები და საქონლის დემონსტრატორები, მოლარეები და მონათესავე სპეციალობების მოსამსახურეები და მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის არაკვალიფიციური მუშები.
„გამოკითხული საწარმოების 10.4% ახალი თანამშრომლების დაქირავებას აპირებს, თუმცა უფრო მეტი - 15% კადრების აყვანაზე ფიქრობს. ყველაზე მეტად მუშახელის გაზრდაზე მიკრო და მცირე ზომის საწარმოები ფიქრობს. ორგანიზაციების უმრავლესობა, თითქმის ნახევარი - 47.3% მუშახელის გაზრდას ფიქრობს ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგში. ასევე, ახალი თანამშრომლების გაზრდას ვარაუდობენ ისეთ ეკონომიკურ დარგებში როგორიცაა: მშენებლობა (5.7%), განათლება (5.5%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (5%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.7%) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (4.4%). მუშახელის გაზრდის ძირითად მიზეზად კი წარმოების გაზრდა (85%) დაფიქსირდა. წარმოების გაზრდის მხრივ მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე პერსონალზე (19.7%), საზოგადოებრივი და მონათესავე მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალებზე (9.2%), მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე (6.2%), ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებზე (5.4%), ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალებსა (5%) და კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკებზე (4.5%).
სამუშაო ძალის ჩანაცვლების მხრივ კი მოთხოვნაა დირექტორებსა და მთავარ ხელმძღვანელ პირებზე, მოდელებზე, გამყიდველებსა და საქონლის დემონსტრატორებზე, ხელოვნების, გართობისა და სპორტის სფეროების დამხმარე პერსონალზე, ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებზე, მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე, კომერციული საქმიანობის სპეციალისტ-პროფესიონალებზე, საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერებზე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში,“-ნათქვამია ანგარიშში.