მერიამ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე ასასვლელი პანდუსის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 60 000 ლარია.
„გალაკტიონ ტაბიძის ხიდთან, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილმა კვანძმა საგრძნობლად მოაწესრიგა და ეფექტური გახადა ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ამ დროისთვის მოწყობილია მხოლოდ ერთი პანდუსი, რის გამოც მშრალი ხიდიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი, რომლებიც ტაბიძის ხიდით გადადიან მარჯვენა სანაპიროზე, ასევე მეტრო სადგურ მარჯანიშვილის მხრიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ტრანსპორტის ნაკადი და მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე (მეტრო რუსთაველიდან მეტრო მარჯანიშვილის მიმართულებით) მოძრავი ტრანსპორტის ნაკადის გადაკვეთაზე იქმნება სატრანსპორტო ნაკადებით გადატვირთული ერთ-ერთ რთულ კვანძი., რაც ტრანსპორტის მოუწესრიგებელ მოძრაობას და საცობს იწვევს. აღნიშნული მოედნის სატრანსპორტო ნაკადებისაგან განტვირთვის მიზნით საჭიროა უშანგი ჩხეიძის ქუჩისა და მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო გზისთვის საანგარიშო გეომეტრიული პარამეტრებიც არის განსაზღვრული. მათ შორის, სიჩქარე უნდა იყოს – 60-80კმ/სთ. (დაზუსტდეს პროექტით); მოძრაობის ზოლი – 2; სატრანსპორტო კვანძის მოწყობა – უშანგი ჩხეიძის ქუჩისა და კ. მარჯანიშვილის ქუჩებთან (შეთანხმდეს დამკვეთთან) და ა.შ.