"ქართული ბანკები მომგებიანობით ევრაზიის კონტინენტზე პირველობს, ეკონომიკას კი ამუხრუჭებს"

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბანკების მომგებიანობის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაცით, საქართველოს საბანკო სექტორი 2017 წელს მომგებიანობით ევრაზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა. ჩვენთან ROE ( უკუგება კაპიტალზე) 23.3%-ია (ახალი ისტორიული მაქსიმუმი წლის ბოლოს), ხოლო ROA (უკუგება აქტივებზე) არის 3.1%. ამ ორივე პარამეტრით საქართველო ევრაზიის კონტინეტურ სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა და მსოფლიოში ჩამორჩება მხოლოდ ეკონომიკურად ჩამორჩენილი აფრიკის, სამხრეთ ნახევარსფეროს აზიური ოკეანეთის კუნძულების და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანას. მეტი სიზუსტისათვს - ROE-ს მიხედვით მსოფლიოში 15-ე ადგილზე ვართ, ხოლო ROA-ს მიხედვით მსოფლიოში 17-ე პოზიციაზე, ტოპ ოცეულებში.

2. 2018 წლის იანვარ-თებერვალში საბანკო სექტორის მიმართ შინამეურნეობების დავალიანება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 130 მილიონი ლარით, ხოლო იურიდიული პირების დაკრედიტება მხოლოდ 16 მილიონით, ანუ ეროვნულ ვალუტაში შინამეურნეობების დავალიანების ზრდა იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდას 8-ჯერ აღემატება. აღნიშნულ პერიოდში უცხოურ ვალუტაში ფიზიკური და იურიდიული პირების დავალიანების ზრდა თითქმის თანაბარია, - შესაბამისად 19 და 20 მილიონი დოლარის მიდამოში.

3. ფიზიკური პირებისთვის შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის პრაქტიკა ისევ ძალაშია. ბანკები შემოსავლის დადასტურების გარეშე ოფიციალურად/დეკლარირებულად გასცემენ მაღალპროცენტიან იპოთეკურ სესხებსაც კი ე.წ. უძრავი ქონების ლომბარდის სახით.

4. იანვრიდან ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურება/ შემოსავალთან ლიმიტები დააწესა, რათა სესხის მომსახურების გრაფიკი მსესხებლის (ფიზიკური პირის) შემოსავლის ადეკვატური გამხდარიყო. კობა გვენტაძის ამ გაბედული და ვაჟკაცური ნაბიჯის მიუხედავად, ახალი რეგულაცია ხელშესახებ შედეგს ჯერ არ იძლევა, რადგან:

ა) არ არსებობს ამ რეგულაციის დარღვევისათვის ადეკვატური სანქცია. უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კომერციულ ბაკებს ნორმატიული აქტის დარღვევადაც კი არ უფიქსირდებათ.

ბ) ახალ რეგულაციები ეხება მხოლოდ იპოთეკურ სესხებს. და ეს მაშინ, როცა 2017 წლიდან უკვე დამკვიდრდა შედარებით მსხვილი არაიპოთეკური საცალო დაკრედიტება რამდენიმე ათეულ ათასიანი სესხების სახით. რაც კარგად ჩანს როგორც პრაქტიკაში, ისე კომერციული ბანკების ღია სარეკლამო კამპანიებში.

გ) დაახლოებით 2010 წლიდან კომერციულმა ბანკებმა შემოიღეს სასესხო ხელშეკრულების ფორმულირების ისეთი პრაქტიკა, რომ ნებისმიერი იპოთეკური თუ არაიპოთეკური სესხის ამღები პირი სესხის მომსახურების შეფერხებისას კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი მისი ქონებით( და არამხოლოდ იმ ქონებით რომელიც იპოთეკით არის დატვირთული). იქამდე ვითარება სხვაგვარი იყო, კერძოდ, არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხის ამღები პირი პასუხს აგებდა ბანკის წინაშე მხოლოდ შემოსავლით, ხოლო იპოთეკურ სესხის ამღები პირი იპოთეკით დატვირთული ქონებით და პირადი შემოსავლით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს კომერციულ ბანკებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ გასცენ არაიპოთეკური მრავალათასიანი სესხები არაკვალიფიციურ მსესხებლებზე და სესხის მომსახურების შეფერხებისას დაეუფლონ მათ ქონებებს.

გამოსავალი:

ა) შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა ბანკებს უნდა აეკრძალოთ და სესხის მომსახურების ლიმიტი უცხოურ ვალუტაში სასურველია იყოს მსესხებლის შემოსავლის 20%-ი, ეროვნულ ვალუტაში კი 30%.

ბ) რეგულაციის დამრღვევი ბანკი მკაცრად უნდა ჯარიმდებოდეს.

გ) სესხის მომსახურების მნიშვნელოვანი შეფერხებისას მსესხებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებით და პირადი შემოსავლით. სხვაგვარი ფორმულირება სასესხო ხელშეკრულებაში უნდა აიკრძალოს. შესაბამისად, ბანკები გამოიჩენენ უფრო მეტ სიფრთხლეს ფიზიკური პირების დაკრედიტებისას.