ლეგენდის დაბადება- წითელი რაში ენცო ფერარის საჯინიბოდან

მრბოლელი, რომელსაც ფრენისა და ლიფტის ეშინოდა.

სხვა რა შეიძლება უწოდო მას, თუ არა დიადი?! კაცს, რომელმაც შეძლო იშვიათი სპორტული ავტომობილები, განუმეორებელი დიზაინი შექმნა და ამით თავისი სახელი უკვდავყო. დღეს ის 116 წლის იქნებოდა. მომავალი მეწარმის, ავტომრბოლელისა და დიზაინერის, ენცო ანსელმო ფერარის ცხოვრება თავიდანვე უჩვეულოდ დაიწყო: 1898 წლის 18 თებერვალს, იტალიის ქალაქ მოდენის გარეუბანში დაბადებული ბავშვი, მშობლებმა ორი დღე რეგისტრაციაში ვერ გაატარეს, რადგან ძლიერი თოვის გამო ცენტრამდე ვერ ჩავიდნენ...

ენცო 10 წლისა იყო, როცა მამამ უფროს ძმასთან ერთად ბოლონიაში, ავტორბოლის სანახავად წაიყვანა. შეჯიბრება იმ დროს სახელგანთქმულმა ფელის ნაზარომ მოიგო, თვით სანახაობამ კი გაუხუნარი შთაბეჭდილება მოახდინა ბიჭზე.

ენცო მამით ადრე დაობლდა, მან მაშინვე დაანება სკოლას თავი და ოჯახის რჩენა გადაწყვიტა.

1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ენცომ ”ფიატის” საავტომობილო კომპანიაში მუშაობის დაწყება სცადა, მაგრამ მისთვის ვაკანსია არ აღმოჩნდა. იმავე წლის დამლევს, ტურინში, გამომცდელი მძღოლის ადგილი იშოვა ერთ მომცრო კომპანიაში, რომელიც მილანში მდებარე იტალიურ-არგენტინული კომპანიისთვის შასის აწყობდა.

ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა ფერარი მილანში, კომპანია CMN-ში (Costruzioni Meccaniche nazionali) გადადის და მალე საავტომობილო რბოლებში მონაწილეობს. მისი დებიუტი 1919 წლის ოქტომბერში მეოთხე ადგილით დაგვირგვინდა. იმავე წელს იგი მეორე შეჯიბრებაშიც გამოვიდა, მაგრამ უარესი შედეგი აჩვენა, რადგან საწვავის ავზის სამაგრ ღვედებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, გზაში 40 წუთი დაკარგა.

ბიზნესიდეა გრაფინიასგან

1920 წელს ენცო 6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი Alfa Romeo Type 40/60-ით ახალ რბოლაში მონაწილეობდა. ასე დაიწყო ენცო ფერარის ურთიერთობა მილანელ ავტომწარმოებლებთან, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა და კარიერა, რომელმაც გამომცდელი მძღოლი და ავტომრბოლელი, ჯერ კომერციული თანაშემწე, შემდგომ კი კომპანია Alfa Racing Division დირექტორი გახადა. ეს თანამდებობა ფერარის 1939 წლის ნოემბრამდე ეკავა.

1923 წელს ფერარიმ, ერთ-ერთ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, გრაფინია ბარაკა გაიცნო, რომელმაც მას თავისი წარწერიანი ფოტოსურათი უსახსოვრა და ნება დართო, რბოლების დროს, თილისმად, თავის ავტომობილებზე გაჭენებული ცხენის სილუეტი გამოეყენებინა. ეს სიმბოლო მანამდე გრაფინიას ვაჟის, ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე იყო გამოსახული. იგი, როგორც უმაღლესი კლასის პილოტი, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ფერარიმ ცხენის სილუეტს ყვითელი ფონი დაუმატა - მისი მშობლიური მოდენის ფერი. ასე შეიქმნა “ფერარის” სახელგანთქმული ემბლემა.

1927 წელს, ერის წინაშე სპორტში გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ფერარის საპატიო წოდება - Commendatore მიენიჭა. იმავე წელს ენცომ Modena Cicruit-ის რბოლაში, Alfa Romeo 6C 1500-ით გაიმარჯვა. მომდევნო წელს ის იმავე რბოლაში და იმავე მანქანით კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. 1929 წელს მოდენაში ენცომ თავისი გუნდი - Scuderia Ferrari ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე არსებობს და სხვადასხვა სერიის უამრავი რბოლის გამარჯვებულია. ენცო ფერარიმ ინტენსიური მუშაობა დაიწყო სპორტულ ძრავებზე. ფერარი თავის გუნდთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ავტო (ძირითადად, “ალფა რომეოს” მანქანებით) და მოტორბოლებში.

ენცო ფერარის ბოლო რბოლა 1931 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. ამ დროს ის მამობისთვის

ემზადებოდა (ალფრედო, რომელსაც უმეტესად, უბრალოდ დინოს ეძახდნენ, 1932 წლის იანვარში დაიბადა), თანაც, სპორტული დირექტორის მოვალეობები სულ უფრო მეტ დროს ართმევდა.

თავისი პირველი სარბოლო ავტომობილი ენცომ 1937 წელს “ალფა რომეოსთვის” ააწყო

და Alfa Romeo 158-ს მეტსახელად Alfetta დაარქვა. ორი წლის შემდეგ კი, კომპანიასთან უთანხმოების გამო (ფერარი მის მიერ შექმნილი ავტომობილების დასახელებაში თავისი გვარის შეტანას მოითხოვდა), მისი გუნდი გამოეყო “ალფა რომეოს” და ენცომ მოდენაში თავისი საწარმო Auto Avio Costruzioni Ferrari დააფუძნა. მილანიდან წასვლისას ის დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე აჯობებდა გუნდს, სადაც 20 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

”ფერარის” ქარხანაში ორი სარბოლო საავტომობილო მოდელის შექმნაზე მუშაობდნენ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მუშაობა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ განახლდა. იმთავითვე შორს გამიზნული გეგმა იმით გამოირჩეოდა, რომ 12 ცილინდრიანი 1500 კუბ/სმ მოცულობის ძრავა არა მარტო სარბოლო, არამედ ჩვეულებრივ მანქანებშიც უნდა გამოეყენებინათ. 1947 წლის 2 მარტს ენცო ფერარიმ თავად გამოიყვანა საწარმოს ეზოდან თავისი პირმშო- პირველი 125 S-ი.

”ფერარი” მხოლოდ მცირე პარტიებად და მხოლოდ ხელით აწყობილ მანქანებს აწარმოებს. ისინი უდიდესი სისწრაფითა და იშვიათი სილამაზით გამოირჩევა.

ორმაგი ცხოვრება

თითქმის მთელი ცხოვრება ენცომ თავის ცოლთან ერთად გაატარა და ქორწინება წმიდა-

თაწმიდად მიაჩნდა. მაგრამ ყველამ, ცოლის გარდა, იცოდა ფერარის მეორე ოჯახის შესახებ, სადაც მამაკაცი სულით და გულით ისვენებდა. ლინა, მთელი ცხოვრების სიყვარული, ენცომ ვაჟის შეძენამდე გაიჩინა, და დროდადრო არც წვრილმან გართობებზე ამბობდა უარს. 1956 წლის 30 ივნისი ყველაზე მძიმე დღე იყო ენცო ფერარისთვის: კუნთების დისტროფიისგან მისი შვილი - დინო დაიღუპა.

ფერარიმ მეორე ოჯახთან ურთიერთობას ოფიციალური სახე, ვაჟ პიერს კი გვარი მისცა და მემკვიდრედ აღიარა. თუმცა მიაჩნდა, რომ ყმაწვილს ლიდერის თვისებები არ ჰქონდა და არც შემცდარა. პიერმა ბოლომდე ჩრდილში ყოფნა და წყნარი ცხოვრება არჩია.

დინოს გარდაცვალებიდან ხუთი თვის შემდეგ კომპანიის ეზოდან 6-ცილინდრიანი 1500 CC Ferrari V6 გამოვიდა, რომლის ძრავაც Dino V6 შ-ის სახელით იყო ცნობილი. 1958 წელს ამ ავტომობილმა ”ფერარის” გუნდი მეოთხედ გახადა ”ფორმულა-1”-ის გამარჯვებული.

ფერარი ”ლუქსის” კლასის სპორტულ ავტომობილებსაც უშვებდა. 1969 წელს კომპანიის აქციათა 40%-იანი პაკეტი მან ”ფიატის” კონცერნს დაუთმო, იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კონცერნი კიდევ 50%-ს მიიღებდა. თავის ვაჟს ენცომ ბიზნესის 10% არგუნა. 1977 წლამდე ფერარი ფირმის პრეზიდენტად რჩებოდა. ”სკუდერია ფერარის” გუნდზეკი კონტროლს ცხოვრების უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა. ენცოს არ უყვარდა რბოლებზე სიარული და შეჯიბრებას ტელევიზიით ადევნებდა თვალს. იგი არაერთგზის დაუჯილდოებიათ პრემიითა და სხვადასხვა ჯილდოთი, რაც საავტომობილო მრეწველობასა და ავტოსპორტში მის მიერ შეტანილ დიდ წვლილს ადასტურებდა.

1979 წელს იტალიის პრეზიდენტმა სან დრო პერტინიმ იტალიის რესპუბლიკის დიდი

ჯვრის რაინდის წოდებაზე წარადგინა ენცო ფერარი.

მაგნატი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ კალმისტრით წერდა და მხოლოდ იისფერი მელნით. საშინლად ეშინოდა თვითმფრინავით ფრენის და ნებისმიერ სართულზე ფეხით ადიოდა, რადგან ლიფტის კაბინა შიშის ზარს სცემდა...

ყველაზე გავლენიან პერსონებსაც კი საათობით ”აცდევინებდა” მისაღებში, როცა არავითარი სასწრაფო საქმე არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ოთახის კარი იღებოდა და მიმსვლელები სახტად რჩებოდნენ: იქ ბნელოდა, თითქმის არაფერი ჩანდა, გარდაცვლილი შვილის სურათთან ანთებული პატარა ნათურის გარდა. თვალის სიბნელისთვის შეჩვევის შემდეგ კი თავად ენცო ფერარისაც არჩევდნენ, რომელიც თავის მაგიდასთან მუქი სათვალით იჯდა!

1987 წელს ფერარის მიერ შექმნილი უკანასკნელი ავტომობილი - Ferrari F40 ჩაეშვა

წარმოებაში. მომდევნო წლის 14 აგვისტო კი უკანასკნელი აღმოჩნდა გამოჩენილი კონსტრუქტორის, ავტომრბოლელისა და ბიზნესმენის, 90 წლის ენცო ფერარისთვის. სულ ექვსი თვე იყო გასული მისი 90-წლიანი იუბილიდან. დაკრძალვა ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა - მოდენის ქუჩებში ხალხი არ გამოჩენილა.

bpn