2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესმა ბიუჯეტში 332 მილიონი ლარი გადაიხადა, ეს იმ ფონზე, როდესაც ამ ბიზნესის ბრუნვამ შარშან 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამ ციფრებიდან ჩანს, რომ აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოსახლეობისთვის სახიფათო, ქვეყნის ეკონომიკისთვის კი ზიანის მომტანი.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154, 5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით - 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი ბიუჯეტში ბიზნესმა 58 მილიონი ლარი გადაიხადა. ჯამში, გასულ წელს სათამაშო ბიზნესიდან ქვეყნის მთავარ ხაზინაში 332 მილიონი ლარი შევიდა, ანუ მთლიანი ბრუნვის 5,8%.
როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით. სანებართვო მოსაკრებელის მოცულობა ასე გამოიყურება: სათამაშო აპარატზე 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე; სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 5 000 000 ლარამდეა; აზარტული კლუბის მაგიდაზე 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე; ტოტალიზატორზე - 30 000-დან 300 000 ლარამდე. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებელს, მისი მოცულობა 250 000-დან 300 000 ლარამდეა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2017 წლის მდგომარეობით 136 სუბიექტზე გაცემული იყო და მოქმედებდა 256 სათამაშო ბიზნესის ნებართვა, მათ შორის: ტოტალიზატორის მოწყობის - 91 ნებართვა, სამორინეს მოწყობის - 21 ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობები ეწყობოდა - 16 ნებართვის ფარგლებში.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2017 წელს ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამიც მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. თუ 2017 წლის იანვარში ფსონების ჯამი იყო 79,2 მილიონი ლარი, დეკემბერში მან უკვე 101,3 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვას, საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2017 წელს მან 5,649 მილიარდი ლარი შეადგინა (საქსტატი: წინასწარი მონაცემი).
სპეციალისტების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საქართველოში სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდეთ.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს „კატასტროფულს“ უწოდებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კუკულაძე. მისი თქმით, საზოგადოება და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ღირს კი ამ ბიზნესის განვითარება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე სოციალური ფონი გვაქვს.
„რეალურად ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოს მოსახლეობა გართობაში გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა რამეში, თუნდაც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, ხელშეწყობაზე. აზარტული თამაშების სექტორის 5,6-მილიარდიანი ბრუნვა არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი, გამოდის, რომ მოსახლეობა გართობაში 5,6 მილიარდ ლარს ხარჯავს. არადა, ეს არის ბიზნესი, რომელიც არ ავითარებს მომიჯნავე სექტორებს. სამშენებლო სექტორის შემთხვევაში ასეთი მოცულობის ბრუნვა მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას გამოიწვევდა, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, რეინვესტირება არ ხორციელდება. ამასთან, სათამაშო ბიზნესის განვითარებას რეალურად, ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.
რაც შეეხება ბიუჯეტში მათ მიერ გადახადილ თანხას, ისიც ძალიან მცირეა. არადა, საქართველოში ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში მყოფი კომპანიები იხდიან 33%-ს, დაახლოებით 5-6-ჯერ ნაკლებს იხდის სათამაშო ბიზნესი, რაც სრული ნონსენსია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კუკულაძემ.
საქართველოში აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების, ანუ „მოთამაშეების“ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ობიექტების მატება და ამ ბიზნესის ბრუნვის ზრდა ცალსახად მაღალ მოთხოვნაზე მიუთითებს. მოთხოვნის შემცირების მიზნით ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 6 წლის წინ გადაწყვიტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეეტანა და რეგულირება გაემკაცრებინა, თუმცა კანონპროექტი დღემდე დროში „გაიჭედა“. შესაბამისად, როდის შეიტანს პარლამენტი კანონში ცვლილებას, დღესაც უცნობია.
„კანონპროექტში ცვლილებების შეტანის გადავადების ორი მიზეზი არსებობს: - ან დღევანდელი ხელისუფლება გარიგებულია აზარტული თამაშებში ჩართულ კომპანიებთან, ან საქმე გვაქვს სრულ უვიცობასთან და უბრალოდ ვერ ხვდებიან, რა ზიანის მატარებელია ამ სექტორის ასე განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კუკულაძემ.