დედაქალაქში 3-4 დღეში 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ელექტროავტობუსი 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი.
„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი.
რაც შეეხება გადახდის სისტემას, ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ამ ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს. აღნიშნული ავტობუსი 2 დღეში იქნება საქართველოში, 3-4 დღეში კი უკვე თბილისში იმოძრავებს,“-აღნიშნა პატარაიამ.
ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.