სამოქალაქო კოდექსი მოთხოვნის უზრუნველყოფის არაერთ საშუალებას ითვალისწინებს, რომელთა მიზანია, როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების, ისე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას პირგასამტეხლო წარმოადგენს. პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის უნდა გადაიხადოს.
როგორც საადვოკატო ბიურო OK&CG-ს იურისტები განმარტავენ, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, შესაძლო ზიანს აღემატებოდეს.
აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნისთვის კანონმდებლობა განსაზღვრავს არსებით პირობას, კერძოდ, პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება წერილობით ფორმას მოითხოვს. ე.ი. - მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა მოხდეს აუცილებლად წერილობითი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი შეთანხმება იქნება ბათილი.
ამასთან, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობას - ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მიზანი კი - ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში “ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ პირგასამტეხლო იმ შემთხვევებისთვის არ არის გათვალისწინებული, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში - ე.ი როცა დარღვევა ვადაგადაცილებაში მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს.
„მართალია კანონმდებლობა მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მხარეთა შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, მოსალოდნელ ზიანს აღემატებოდეს, მაგრამ ამით ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები არ უნდა დაირღვეს. ამდენად, პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ე.ი - მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ მინიმალური და თანაზომიერი ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით, რა დროსაც შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად - „სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
ამდენად, მხარეთა შორის თავისუფალი ნების საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმების მიუხედავად, სასამართლო არ იზღუდება, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის, ასევე მისი დაკისრების მიზანშეწონილობა და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო,“-აღნიშნავენ ბიუროში.